ავტორი:

"ჩემი თვალით ვნახე სასწორკვეთილი მაშველები, ბავშვის ცხედართან დამხობილი ექიმი" - რას ჰყვებიან ადგილობრივები დნიპროში ოკუპანტების სისასტიკეზე

"ჩემი თვალით ვნახე სასწორკვეთილი მაშველები, ბავშვის ცხედართან დამხობილი ექიმი" - რას ჰყვებიან ადგილობრივები დნიპროში ოკუპანტების სისასტიკეზე

ქალაქ დნიპროში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოსაყვანად სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

ადგილზე, მაშველებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა და მოხალისეები მუშაობდნენ. ცხრასართულიან კორპუსზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, 73 ადამიანი დაშავდა, მათგან 40 საავადმყოფოში, 4 კი - რეანიმაციულ განყოფილებაშია.

მისივე ცნობით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, 40-ზე მეტი ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია. სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის, ილია ლისენკოს თქმით, ყველაზე მძიმე ის არის, რომ რამდენიმე საათის წინ, ოჯახის წევრებთან ერთად ადამიანებს ეძებდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ ცოცხლები იქნებოდნენ, თუმცა ახლა მათი ცხედრებისთვის ტომრებს ეძებენ.

  • Ambebi.ge-სთან საუბრისას ადგილობრივები ყვებიან, რომ მრავალსართულიანი ბინის ორი სადარბაზო მიწასთან არის გასწორებული.

"გვითხრეს, რომ ნანგრევებში მოყოლილთა შორის 15-მდე ბავშვია... ხანდახან ვფიქრობ, ასეთ შემთხვევებში, მტრისთვის საპასუხოდ სიკვდილი არაფერია, ამ ბრძანების გამცემს რაღაც უფრო უარესი ეკუთვნის, სიკვდილზე უარესი", - ამბობს ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი ილია ლისენკო.

  • "ამ სახლში ბებიაჩემი ცხოვრობდა. იქაურობას ჩემი საუკეთესო მოგონებები უკავშირდება. იქ მცხოვრებ ადამიანებს, ყველა მათგანს ვიცნობდი. ამ უმძიმეს დღეებში ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა. სრულიად შემთხვევით მოხდა, რომ ჩემი ნათესავები იმ დროს სახლში არ იყვნენ, სხვა მასივში იყვნენ გადასული, სტუმრად. ქუჩაში დარჩნენ, როგორც ასობით ათასი უკრაინელი, მაგრამ ეს რა მოსატანია, ცოცხლები გადარჩნენ... იმ 15 წლის გოგონასთან (გულისხმობს დაბომბვისას დაღუპულ მოზარდს) ჩემი შვილები მეგობრობდნენ. სხეულის ყველა ნაწილი მტკივა.

ერთი წელია ომში ვართ, ნახევარზე მეტი უკრაინა ახლა ამ კორპუსს ჰგავს, მაგრამ ვერ შევეჩვიეთ. ან როგორ შევეჩვიო ბავშვების სიკვდილს, დასახიჩრებულ ადამიანებს, რომლებიც ნანგრევებიდან დახმარებას ითხოვენ, სიცოცხლეს ებღაუჭებიან. მე ვნახე ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ, ჩემი თვალით ვნახე. სასწორკვეთილი მეხანძრეები და მაშველები, ვნახე უდანაშაულო ადამიანების, ბავშვების სიკვდილი.

ბავშვის ცხედართან დამხობილი ექიმი, რომელსაც პაციენტთან მისვლა დააგვიანდა, რადგან ყველგან, სადაც რუსული რაკეტები დაფრინავენ, სიკვდილი ასწრებს ყველაფერს... ვნახე სისხლის ჩაბარების მსურველთა არმია, რომლებიც იმ ყინვაში რიგში იდგნენ. ამ ყველაფრისთვის უნდა ზღოს რუსეთმა, რუსმა ხალხმაც, რომლებიც ამას უყურებენ და თავიანთ თუ სხვა ქვეყნებში მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებს.

ამ ყველაფრის შემყურე, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიდის რუსეთის წინააღმდეგ საომრად! ამისთვის კი, მეტი იარაღი გვჭირდება და რაც მეტს შეაყოვნებენ დასავლეთში, მეტი ბავშვი შეეწირება რუსულ რაკეტებს", - წერს ვიქტორია ბუკაჩი.

"არავინ მითხრას, რომ უბრალო რუსი ხალხი არაფერ შუაშია. ახლაც, ამ წუთშიც წერენ, ვინ ისვრის რაკეტებს, ჩვენი არმია უდანაშაულო ადამიანებს არასდროს ერჩოდა, პირიქით, მათი მშვიდობისთვის იბრძვიანო.

1939-1945 წლის გერმანელებს ჰგვანან, რომლებმაც იცოდნენ საკონცენტრაციო ბანაკების არსებობის შესახებ, მაგრამ "არ იცოდნენ" იქ რა ხდებოდა. რუსეთში აუცილებლად მოხდება რეალური "დენაციფიკაცია", რუსეთი, ამ ფორმით უნდა დაინგრეს და ხელისუფლებაში, პროდასავლური პირი მოვიდეს. ეს იქნება სასჯელი კრემლის იდეის ერთგული ადამიანებისთვის და გამარჯვება იმ მცირე ნაწილისთვის, ვინც მათი ხელისუფლების ტერორს ეწინააღმდეგება", - მიაჩნია ოლექსანდრ გრიბჩატოვს.