ავტორი:

"სამი ღამე ზედიზედ ხილვა მქონდა... იხსნებოდა ზარდახშა, საიდანაც კოსმოსური ფერები ამოდიოდა " - მხატვარი გამორჩეული ხელწერით: გაიცანით მედეა კეიდია და მისი ანგელოზები

"სამი ღამე ზედიზედ ხილვა მქონდა... იხსნებოდა ზარდახშა, საიდანაც კოსმოსური ფერები ამოდიოდა " - მხატვარი გამორჩეული ხელწერით: გაიცანით მედეა კეიდია და მისი ანგელოზები

29 იანვრამდე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი მასპინძლობს მედეა კეიდიას პერსონალურ საშობაო გამოფენას, რომელიც 5 იანვარს გაიხსნა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, მხატვრის ძველი და ახალი ანგელოზები იხილონ და იმ კოსმიურ ენერგეტიკას ეზიარონ, რასაც მისი ნახატები ატარებს.

"მადლიერების გამოფენა“ დავარქვი, რათა ჩემი მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სხვადასხვანაირი ამაგი აქვთ ჩემს ანგელოზებზე. ამ გამოფენის მოწყობის უმთავრესი მოტივაცია ეს არის. მყავს ანგელოზმოყვარულების არმია და მყავს ასევე ანგელოზთქომაგები. ყველას, ვისაც ანგელოზებით გახარება და მათი დაბედება მოგინდებათ, მთელი წლის განმავლობაში - გელოდებიან როგორც ახალმოფრენილი ისე კარგად ნაცნობი ანგელოზები,“ - ამბობს ქალბატონი მედეა.

თუმანიშვილის თეატრმა მხატვრის გამოფენას, პირველად 2014 წელს უმასპინძლა. მას შემდეგ, ისევე როგორც მანამდე, მხატვარმა არაერთ ჯგუფურ და საქველმოქმედო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

მედეა კეიდია პროფესიით ჟურნალისტია. "უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი გამოშვება ვარ. ჩემი პედაგოგი ნოდარ ტაბიძე იყო. პროფესიით ვსაქმიანობდი, ჟურნალ "დროშის“ კორესპონდენტი ვიყავი... 36 წლის ასაკში კი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - სამი ღამე ზედიზედ ხილვა მქონდა.

ერთი და იგივე დროს მესიზმრებოდა - იხსნებოდა პატარა ზარდახშა, საიდანაც ამოდიოდა ფერების ფოიერვერკი, სასწაული კოსმოსური ფერები. იმდენად ძლიერი ზემოქმედება ჰქონდა იმ ყველაფერს, რომ მერე ვეღარ დავიძინე. მომინდა, გავვარდნილიყავი, საღებავები მეყიდა, სახლში მომეტანა. ასეც მოვიქეცი. ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინდელ ლენინგრადში, ახლა უკვე სანქტ-პეტერბურგში. იქ აკადემიაში ვსწავლობდი, რადგან ეკოლოგიური კუთხით ვმუშაობდი და "საქართველოს ბუნების“ მთავარი რედაქტორი რომ გავმხდარიყავი, იქ სწავლა გარაუვალი იყო. კომუნისტების დროს რედაქტორობას ისე არავინ განდობდა. მაგრამ იქიდან რომ ჩამოვედი, ყველაფერი სხვანაირად მოხდა - ფუნჯისთვის ხელი არ გამიშვია. რედაქტორობა ვიღას ახსოვდა,“ - აღნიშნავს მედეა კეიდია.

- დღეს თქვენი ანგელოზები ყველას უყვარს...

- ჩემი ანგელოზები ადამიანებს თვითონ იზიდავს... მუშაობა ტილოზე ზეთით დავიწყე. მერე ფლორენციაში ბიენალეზე მომიწია წასვლამ და აკრილის საღებავები იქიდან ჩამოვიტანე. აქ არ იყო. ჩემი ხატვის ტექნიკა აკრილს ძალიან უხდება. მუყაოზე, ტილოზე, კედელზე, ჭურჭელზე, ნაძვის ხის სათამაშოებიც კი მოვხატე.

- ბავშვობაში ხატვის სურვილი არასდროს გქონიათ?

- არანაირი მცდელობა და სურვილი არ მქონია, მეხატა. ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, იყო შედეგი და არა ციდან ჩამოსული რაღაც გაუგებრობა...

როგორც ქალბატონი მედეა გვეუბნება, ანგელოზების ხატვას, ბევრი წლით ადრე, ერთი ძლიერი ემოცია უძღოდა.

"სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც მეზობელს მეხი დაეცა და გარდაიცვალა. ამან შემძრა და შემაძრწუნა - ხომ შეიძლებოდა, მე დამცემოდა-მეთქი?! თუ უნდა მოვმკვდარიყავი, მაშინ რატომ გავჩნდი-მეთქი?! ეს შეკითხვა თითქმის 36 წლამდე მქონდა. ამ კითხვას საკუთარ თავს არა მარტო ვუსვამდი, ვცდილობდი, მომეპოვებინა ინფორმაცია, სად შეიძლებოდა გამეგო, - რისთვის გავჩნდი. კომუნისტების დროს სასულიერო ლიტერატურა არ იშოვებოდა, ხელმისაწვდომი არ იყო. ძლივს მოპოვებული, ნათხოვარი სახარება გაზეთგადაფარებული წავიკითხე, რომ არავის დაენახა, არ შეიძლებოდა... განუწყვეტლივ კითხულობდი. მას მერე მართლა ერთადერთი წიგნია, რასაც ხელიდან არ ვუშვებ, ასევე ფსალმუნები. რაც სახარებაში წერია, ყველაფერი სრული ჭეშმარიტებაა და ყოველი პუნქტი ჩემს საკუთარ თავსა და ზურგზე გამოვცადე... კი, თითქოს იცი ყველაფერი, მაგრამ ამ დროს არაფერი იცი,“ - აღნიშნავს ქალბატონი მედეა, რომელსაც მთავარ კითხვაზე პასუხის მოსაპოვებლად იმ პერიოდში ყურანიც კი წაუკითხავს, გასცნობია ირანულ პოეზიას, ამასთან ფილოსოფოსებს - შტაინერს, ნიცშეს და სხვებს. არავინ და არაფერი დაუტოვებია. თითქოს ყველაფერი იცოდა, მაგრამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

"ამ ყველაფერს ვკითხულობდი და პარალელურ რეჟიმში ჩემთვის ლექსის ფორმის პატარა საგალობლებსაც ვწერდი - 100 საგალობლის ავტორი ვარ. მათი რედაქტორი ანა კალანდაძე იყო და ამით ვამაყობ.

ბოლოს ღმერთს, როგორც ადამიანს, ისე დაველაპარაკე, - შენ ხომ იცი, რომ არაფერი დამიშურებია, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. კი მიყვარხარ, ჩემში ხარ, მაგრამ ვერ მივხვდი, რა არის მთავარი. ძიება დავამთავრე, რადგანაც ვერ ვიპოვე-მეთქი. საბოლოოდ გაირკვა, რომ თურმე ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ეს მე ვიცოდი... იმ ხილვით და საოცარი ფერებით უფალმა კარი გამიხსნა და ყველაფერი დამანახა. კარი ბოლომდე რომ გაგეღება, მერე ზღვა ინფორმაცია მოდის და უკვე ხარ გადამცემი. თუ ისე შეძლებ, გადასცე, რომ შენი მინარევები არ გაურიო, საუკეთესო გამოგდის.

ზიარების შემდეგ ყველაზე კარგად იხატება. ჩემს ანგელოზებს თვალები წკრიალა, სახე კამკამა აქვთ და ტილო სულ დაწმენდილია. ერთხელ ვცადე, ცუდ ხასიათზე მყოფს დამეხატა და მივხვდი, უგუნებოდ მყოფი ფუნჯს არ უნდა გავკარებოდი. თუ სულიერი მდგომარეობა არ იქნება შესაბამისი, თუ სიმშვიდეში არ ვარ, არ შეიძლება ადამიანს შენი უარყოფითი ემოცია მიაჩეჩო.

- თავიდან ხატავდით - პეიზაჟებს, მცენარეებს, პორტრეტებს, აბსტრაქციას და ანგელოზებს...

- ფლორენციაში რომ წავედი, წავიღე ჩემი ყველა მიმართულების ნამუშევარი. ახალგაზრდები აბსტრაქციაზე გაგიჟდნენ, მოხუცები ყვავილებზე, პორტრეტებს თავისი მოყვარულები გამოუჩნდათ. ანგელოზებმა კი, ასაკის მიუხედავად, ყველა აღაფრთოვანა, რა უცხოაო. ფლორენციის შემდეგ, გერმანიის მიწვევა მქონდა. 2000-იანების დასაწყისში საქართველოში ირგვლივ ყველაფერი სულ ყავისფერი იყო, ახლა მიკვირს, როგორ გავბედე ამდენი ფერის შემოვიტანე, მაგრამ ამან ნელა-ნელა გაამართლა. ახლა უკვე იმდენი ხატავს ანგელოზებს, მეამაყება... აი, ასე მოფრინდნენ ჩემთან ანგელოზები.

- როგორც ვიცი, თქვენი ნამუშევრები სასულიერო პირებმა სკეპტიციზმის გარეშე მიიღეს...

- უმეტესობა სასულიერო პირს სახლში აქვს ჩემი ანგელოზები და უყვართ. ისინი პატრიარქსაც მოეწონა და შეიყვარა. მისი ეს ნათქვამი რაღაც ბეჭდვითი აღმოჩნდა - "მედეას ღვთისმშობელი დაუხატავს“... ეს ისეთი კომპლიმენტი იყო, ამაზე მეტი რა უნდა იყოს. ჩემი რამდენიმე ნახატი მას აქვს და ეს ძალიან მაბედნიერებს. ყველაფერი კი ანგელოზების დამსახურებაა, მე არაფერ შუაში ვარ. უბრალოდ ვატარებ ინფორმაციას, ისინი კი მოდიან და მოდიან...

წამიერად ხდება მათი ჩამოფრენა და მაგ დროს საოცრება ხდება. თვალახელილი ანგელოზი იშვიათია, ჩემს პერსონაჟებს თვალებიდან სულიერება გადმოსდით. 2 დიდი კატალოგი ამერიკიდან გამომიგზავნა უილიამ ბობი აკერმანმა, ჩემი ნახატებიდან შეუკრავს. შემოვლილი ჰქონია მსოფლიოს მუზეუმები, გალერეები, შედევრები უნახავს და მსგავსი წრფელი, უნიკალური მხატვრობა არ შემხვედრიაო. მთავარია ადამიანი ცარიელი არ იყო და თუ ხედვის უნარიც მოგეცა, ეს უკვე შედეგს იძლევა...

- და 5 იანვარს გახსნილი თქვენი "მადლიერების გამოფენა“ თუმანიშვილის თეატრში ისევ გრძელდება...

- ვისაც კი ჩემი ანგელოზებისთვის თუნდაც მისხალი სითბო გამოუხატავს, ყველას მიმართ მაქვს მადლიერების უდიდესი განცდა. ამიტომ აღმოჩნდა ეს გამოფენა ჩემთვის სრულიად განსაკუთრებული. სრულიად ბუნებრივი, თავისუფალი, ხალხურიც, წრფელი. თუ შესაძლებელია, მადლიერება გამომეხატა, რაც შემეძლო, ამას ვეცადე. მიზანი კი ის იყო, რომ წელი დაწყებულიყო სიხარულით. სიწრფელე ეს არის ყველაზე დიდი ფუფუნება. ყოველი ნახატი ახალი შვილი რომ გაგიჩნდება, ჩემთვის, ასეა. ვერ გამოვყოფ. სერია ბევრი მაქვს, - დედა-შვილობა, სამება, გაფრენილი ანგელოზი, პირველი კლასიკური ანგელოზი, აბსტრაქციული ვარიანტები... მათში ყველა თავის თავს პოულობს, თავისთან მიჰყავთ როგორც საკუთარი ანგელოზი და არიან ბედნიერები.

ამას როცა უყურებ, მეც ბედნიერი ვხდები, ასე სიხარულის წრე იკვრება და ამ სიხარულში ტრიალებ. გარეთ რაც ხდება, იმასთან აღარ გაქვს შეხება.

- მთავარი მაინც ის არის, რომ მიიღეთ კითხვაზე პასუხი...

- მთავარია, იყო ბედნიერი და გასცე ბედნიერება. ამისთვის გაჩნდა ადამიანი და სახარებაში 367-ჯერ არის სიტყვა გიხაროდენ, - ნახსენები. გახარებული იყავიო. სულ არ უხარია უფალს, რომ დამძიმებული და ერთმანეთის მაგინებლები ვიყოთ. ვინც გემოს გაუგებს ამ სიხარულს, კი იქნება სიხარულში, მაგრამ თუ არ უნდა, ძალით ვერავის გააბედნიერებ. ეს ცალსახაა. ბედნიერებას და სიხარულს ყველას ვუსურვებ.

***

ფიროსმანის პრემიის ლაურეატ მხატვარ მედეა კეიდიას ნამუშევრები მკვეთრად ინდივიდუალური ხელწერისაა, რასაც ყველა ხელოვნებათმცოდნე აღნიშნავს და არის წრფელი. ამიტომაცაა, რომ მისი ანგელოზები მსოფლიოს ბევრი ქვეყნის კერძო გალერებსა თუ კოლექციებში და ბევრ ცნობილ პიროვნებასთანაა. ეს რიცხვი კი მცირე არ არის...