ავტორი:

"გაყინული ტბა გადაიარა, პირველივე სახლის კარზე დააკაკუნა და.." - "ვაგნერის" ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილმა მეთაურმა ნორვეგიას თავშესაფარი სთხოვა

"გაყინული ტბა გადაიარა, პირველივე სახლის კარზე დააკაკუნა და.." - "ვაგნერის" ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილმა მეთაურმა ნორვეგიას თავშესაფარი სთხოვა

რუსეთის დაქირავებული რაზმის, "ვაგნერის" ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილმა მეთაურმა, ანდრეი მედვედევმა ნორვეგიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ფონდის, "Gulagu.net-ის" დამფუძნებელმა ვლადიმერ ოშეჩკინმა განაცხადა.

მედვედევი ამბობს, რომ რუსეთის საზღვარი ნორვეგიასთან, მურმანსკის ოლქის სოფელ ნიკელთან გადაკვეთა. მისი თქმით, საზღვარზე არსებულ ორ ღობეზე გადაძვრა, მოგვიანებით კი, ძაღლების ყეფისა და მესაზღვრეების სროლის ქვეშ, გაყინული ტბა ფეხით გადაირბინა. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სასაზღვრო ქალაქს მიაღწია, პირველივე სახლის კარზე დააკაკუნა და მოსახლეობას პოლიციის გამოძახება სთხოვა.

გაქცეული მებრძოლი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გადაიყვანეს, სადაც ის მიგრაციის კანონების დამრღვევთა ცენტრში შეასახლეს. ოსეჩკინმა განმარტა, რომ თავშესაფრის მიღების პროცედურა უკვე დაწყებულია. ნორვეგიაში მედვედევი "ვაგნერის" დამფუძნებლისა და დამფინანსებლის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს.

  • ოსეჩკინმა ასევე გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც მედვედევი ყვებოდა გაქცევის გარემოებების შესახებ. ”უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ პირველად, ვაგნერის PMC-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილი მეთაური გაიქცა რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში. ის თანახმაა, რომ ჩვენება მისცეს”, - წერს ოსეჩკინი.

2022 წლის ივლისის დასაწყისში, მედვედევმა, რომელიც ტომსკის რეგიონიდან გახლავთ, ხელი მოაწერა ოთხთვიან კონტრაქტს "ვაგნერთან." თავდაპირველად, მებრძოლი სალსკში გაგზავნეს, იქიდან კი ლუგანსკში, სადაც დაქირავებულთა ერთ-ერთი ოცეულის მეთაურად დაინიშნა.

მედვედევის თქმით, ის ბახმუტის მახლობლად გამართულ ბრძოლებში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ მის ოცეულში მსახურობდა ევგენი ნუჟინი, რომელიც სავარაუდოდ, "ვაგნერელებმა" მას შემდეგ მოკლეს, რაც უკრაინელთა ტყვეობიდან გათავისუფლდა.

დეკემბრის შუა რიცხვებში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა ადამიანი, რომელიც თავს დეზერტირ ანდრეი მედვედევად წარადგენდა, საუბრობდა "ვაგნერის" მებრძოლების მიერ ერთმანეთის დაშინებაზე. მან მოითხოვა, რომ FSB-ს შეემოწმებინა დაქირავებულები და ევგენი პრიგოჟინი.

"ჩემი წასვლის შემდეგ ვაგნერის უშიშროების სამსახურმა დაიწყო ჩემი დევნა. ვშიშობ, რომ ჩემი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია", - თქვა მედვედევმა.