ავტორი:

"თბილისი მშვიდობის კი არა, მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქია" - ალეკო ელისაშვილი

"თბილისი მშვიდობის კი არა, მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქია" - ალეკო ელისაშვილი

ახლა მერიაც და პროკურატურაც მიდგება-მოდგება, ოღონდ ეს თემა გადაგორდეს და ვინმე კონკრეტულის პასუხისმგებლობა არ გამოჩნდეს. გავაგრძელებთ ცხოვრებას, სანამ სხვა ადამიანები დადგებიან სასიკვდილო საფრთხის ქვეშ, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ სტუმრობისას, პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, ლიფტში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას აღნიშნა, რომელსაც ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ელისაშვილმა განმარტა, თბილისი მშვიდობის ქალაქი კი არა, მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქია.

"საკრებულოში რომ ვიყავი, ვსვამდით საკითხს ლიფტებთან დაკავშირებით და ეს უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ჩვენთან ურემი რომ გადაბრუნდება, მაინც არაფერი ეშველება ხოლმე საქმეს. ვხედავთ როგორი უპასუხისმგებლობაა, რას ავლენს თბილისის მერია. ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ ის "გრინსერვისი“ კიდევ ორ ტენდერში მონაწილეობს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მერია არის ერთი დიდი უპასუხისმგებლობა. ლიფტები იყო საკითხი, რომლის დასმაც კი რთული იყო. აბსოლუტურად აჯაფსანდალია. ადრე თბილისის მერიაში არსებობდა ლიფტების სამმართველო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადაკეთდა "თბილლიფტად“, რომელმაც დაიწყო ლიფტების მომსახურება. ეს ხურდების "ჩაყრები“ არის აქედან, მაგრამ ამ კომპანიის პასუხისმგებლობა ვრცელდება ნაწილზე, ნაწილზე არ ვრცელდება. ახლა არის აბსოლუტური ქაოსი. ათასი ჯურის ლიფტია შემოსული: ძველი საბჭოთა ლიფტები, რომელსაც მოდერნიზება სჭირდება (ვინ აკეთებს ამ ძველი ლიფტების მოდერნიზებას? მის ექსპლუატაციაზე ვინაა პასუხისმგებელი?) და ახალი ლიფტები (რამდენად ხარისხიანია ეს ლიფტები, ვინმე ამოწმებს, რომ ეს ლიფტი შეიძლება ჩამოწყდეს?) ყველა ლიფტი, ყველა ამხანაგობა ცალ-ცალკეა პასუხისმგებელი. რა დააშავა იმ ოჯახმა, ცოლი და ქმარი რომ დაჭყლიტა ლიფტმა. ახლა მერიაც და პროკურატურაც მიდგება-მოდგება, ოღონდ ეს თემა გადაგორდეს და ვინმე კონკრეტულის პასუხისმგებლობა არ გამოჩნდეს. გავაგრძელებთ ცხოვრებას, სანამ მომდევნო ადამიანები დადგებიან სასიკვდილო საფრთხის ქვეშ“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის საკრებულო არსებობს იმისთვის, რომ ახლა იქ ამ თემაზე ისაუბრონ.

"მარტო შოუებს კი არ უნდა მართავდნენ ან იმ ხურდებს რომ აგროვებს ხალხი, რატომ აგროვებს? სირცხვილი არაა? სინამდვილეში, მშვიდობის ქალაქი კი არა, ეს არის მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქი. სინამდვილეში, ასეთი ქალაქია თბილისი. ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურა რაცაა, ის უკვე საფრთხის შემცვლელია. ხოლო რაც ახალი იქმნება, რამდენად ხარისხიანია, ღმერთმა უწყის.

თვითმმართველობის ყველაზე ძლიერი ელემენტია ამხანაგობა. "ნაციონალურმა მოძრაობა“ ამხანაგობა და მისი თავმჯდომარე აქცია კოორდინატორად და რა ქნა "ქართულმა ოცნებამ“? თავზე ხელი გადაუსვა, უბრალოდ ის წითელი მაისური შეცვალეთ ლურჯითო და იყავითო. ამას, როგორც თვითმმართველ ერთეულს თუ გააძლიერებ, ადამიანებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემ თავისი სივრცე უკეთ მართონ და უფლებამოსილებას გაუზრდი, ეს იქნება არაჩვეულებრივი. ახლა პასუხისმგებლობა უნდა იყოს ამხანაგობაზე, მაგრამ ვერ იქნება ვერანაირად, იმიტომ, რომ უუფლებოა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც "მოქალაქეების“ ლიდერმა გადაცემაში სტუმრობისას ყურადღება გაამახვილა, ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის არჩევნებია.

მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაციას კახა კალაძე აკონტროლებს.

"სინამდვილეში, ფეხბურთის ფედერაციის რეალური პრეზიდენტი არის კალაძე. ფეხბურთის ფედერაციას აკონტროლებს კალაძე. კობიაშვილი არის კალაძის ხელდასმული, აკეთებს იმას, რასაც ეტყვის კალაძე. კობიაშვილი თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში არ არის“, -აღნიშნა ელისაშვილმა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილმა ყვარელში ლევან ბერძენიშვილისთვის ლექციის ჩატარებისას ხელის შეშლის ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო არა მოქალაქეების გადაწყვეტილება, არამედ პარტიული დავალება.

"მე რომ მჯეროდეს, ეს ხალხი იქ შეიკრიბა და მათ ლევან ბერძენიშვილი არ შეუშვეს თავისი ინიციატივით, არანაირი დავალება ზემოდან არ ჰქონიათ, პარტიული და უშიშროების ხაზით, მაშინ ვიტყოდი, რომ დემოკრატია ეგეთია, შეიძლება სადღაც არ შეგიშვან, მაგრამ მე არ მჯერა, რომ იმ ხალხმა, ვინც ლევან ბერძენიშვილს არ უშვებდა, დავალება არ მიიღო და მათ ან პარტია "ქართული ოცნებიდან“ არ ჰქონდათ დავალება ან უშიშროებიდან. ამის არ მჯერა. ლევან ბერძენიშვილის არ შეშვება იყო პარტიული დავალება და სამართალდამცავებიც შესაბამისად იქცეოდნენ“, - განაცხადა ელისაშვილმა.