ავტორი:

"ასე თუ გაგრძელდა, მომავალ წელს ბინის ყიდვა ან ქირაობა თუ დაგჭირდებათ, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებთან გექნებათ საქმე" - თაზო დათუნაშვილი

"ასე თუ გაგრძელდა, მომავალ წელს ბინის ყიდვა ან ქირაობა თუ დაგჭირდებათ, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებთან გექნებათ საქმე" - თაზო დათუნაშვილი

ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს, ეს ხალხი აქ ბევრი შავი თუ თეთრი ფულითაა “გამოქცეული” და აქედან არსად “გაქცევას” არ აპირებს - ამის შესახებ "ლელოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

“ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ სიტუაციას აფასებს და აცხადებს, რომ სტატისტიკური მონაცემები საგანგაშოა და ქვეყანაში სიტუაციას და ფასებს რადიკალურად ცვლის.

"ბაზარზე არსებული, აქტიურ გაყიდვაში არსებული უძრავი ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს!!!

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით:

* 12 335 რუსეთის მოქალაქემ შეიძინა და უფლება დაარეგისტრირა 15 164 შენობა-ნაგებობაზე, რომლიდანაც 13 262 საცხოვრებელი ბინაა თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში;

* ამის გარდა, კიდევ 10 975-მა რუსმა საქართველოს მასშტაბით 13 850 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა;

* ამასთანავე, 93 კომერციულ ფართზე, რუსეთის 73 მოქალაქის მფლობელობა დარეგისტრირდა.

ეს ხალხი რუსეთიდან აქ ბევრი შავი თუ თეთრი ფულითაა “გამოქცეული” და ზემოთ მოყვანილი რიცხვები ადასტურებს ,რომ აქედან არსად “გაქცევას” არ აპირებს!!!

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამ ქონების ფასებზეც მოქმედებს და წინა წლებთან შედარებით, როგორც ქირის, ისე გასაყიდი ფასები 50-100%-თ გაძვირდა.

სფეროს სპეციალისტები, 2023 წლის გაზაფხულზე, ფასების კიდევ საშუალოდ 30%-იან მატებას ვარაუდობენ. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, თბილისის გარეუბანში ერთი კვადრატული მეტრის 1000 დოლარად ყიდვა ყველას სანატრელი გაუხდება!! ანუ ისედაც სულელურად გამკაცრებული საბანკო რეგულაციებისა და ამ კატასტროფული ფასების პირობებში, ათი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე უბრალოდ საცხოვრებელს ვეღარ იყიდის და ასევე გაძვირებული, გაორმაგებული ქირით მოუწევს ცხოვრება!!!

ასე თუ გაგრძელდა, მომავალ წელს ბინის ყიდვა ან ქირაობა თუ დაგჭირდებათ, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებთან გექნებათ საქმე.

იმის ახსნა კი არ მჭირდება, რომ ჩვენნაირი არასტაბილური ეკონომიკის ქვეყანაში, უძრავი ქონება ერთადერთი სტაბილური აქტივია და ამ აქტივების აბსოლუტური უმრავლესობა რუსების იქნება!!! ჩვენ ოკუპაციას ამჯერად ტანკებისა და მოღალატე ქართველების გარეშე, ასე ბანალურად, უძრავი ქონების დაპატრონებით მოახდენენ!!!“, - აცხადებს თაზო დათუნაშვილი, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.