ავტორი:

"დადასტურებული ფაქტი მაქვს და ვიცი, ვინ დაატარებდა ჩანაწერებს სოფლიდან სოფელში, ეს ადამიანები აფილირებული არიან ვანო მერაბიშვილთან" - ბაჩო დოლიძე

"დადასტურებული ფაქტი მაქვს და ვიცი, ვინ დაატარებდა ჩანაწერებს სოფლიდან სოფელში, ეს ადამიანები აფილირებული არიან ვანო მერაბიშვილთან" - ბაჩო დოლიძე

დადასტურებული ფაქტი მაქვს და შესაბამისად ვიცი, ვინ დაატარებდა ჩანაწერებს სოფლიდან სოფელში და ეს ადამიანები აფილირებული არიან ვანო მერაბიშვილთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ფიგურირებს.

მისი თქმით, ჩანაწერების გავრცელებით პირველ რიგში ლევან ხაბეიშვილი ჩააყენეს უხერხულ მდგომარეობაში.

„მე არ დამსიზმრებია არაფერი, გადაკიდებული ხომ არ ვარ ვანო მერაბიშვილზე, ამას არაფერს არ ვიგონებ. დადასტურებული ფაქტი მაქვს და შესაბამისად ვიცი, ვინ დაატარებდა ამ ჩანაწერებს სოფლიდან სოფელში და ეს ადამიანები აფილირებული არიან ვანო მერაბიშვილთან. ვინმეს მოსწონს, არ მოსწონს, სჯერა თუ არ სჯერა, ნაკლებად მაინტერესებს. ვიცი ეს დადასტურებით და ჰაერიდან არ მომიტანია. და ძალიან ვწუხვარ, რომ პირველ რიგში ლევან ხაბეიშვილი ჩააყენეს, ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. ამ ჩანაწერების შესახებ თვეზე მეტია ინფორმაცია მქონდა, რომ არსებობდა და რომ დაატარებდნენ, ნამდვილად არ მინდა სიღრმეებში წავიდე და თუკი ვინმე პრეტენზია აქვს და თუ დარწმუნებით ამბობენ, რომ სუს-მა მოიპოვა და სუს-მა ჩაწერა ეს ყველაფერი, მაშინ სუს-ის ჩაწერილი და გაკეთებული ფაბრიკაცია როგორ აღმოჩნდა ჩვენი ე.წ. მეგობრების ხელში?“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ბაჩო დოლიძის თქმით, მას პრივატულ საუბრებში მოსმენილი აქვს, რომ კიდევ არსებობს სხვა ჩანაწერები.

„პრივატულ საუბრებში იმაზეც იყო საუბარი, რომ კიდევ არსებობს რაღაც ჩანაწერები. რამდენად სიმართლეა, მაგას ვერ გეტყვით, თუმცა ჩემი აზრით, და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ერთხელ და სამუდამოდ ფარული ჩანაწერები, შანტაჟი, თვალთვალი, ძალიან მდაბიო მეთოდები, წარსულს უნდა ჩაბარდეს, სხვანაირად არაფერი გამოგვივა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, პრივატულ საუბრებში მოვისმინე, მაგრამ დანამდვილებით ამაზე საუბარი ნამდვილად გამიჭირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუკი გაითვალისწინებთ რეაქციას და თუკი ვინმეს აქვს სხვა ჩანაწერი და ფიქრობს, გამოდოს თუ არ გამოდოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ აზრი შეცვლილი ექნება, რადგან იმდენად ნეგატიური რეაქცია წამოვიდა ზოგადად ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, წესით ჯერ უფრო მეტს დაფიქრდებიან, ვიდრე რაღაც კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამენ. ეს არის ისეთი საკითხები, რომელზედაც არც წვდომა შემიძლია და არც პროგნოზირება, ვინ რას გააკეთებს, როდის და ვის ტვინში, რა მოიხარშება“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.