ავტორი:

ქართველი პიანისტი, პროფესორი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი პიანისტი, პროფესორი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი, პროფესორი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა (1995 წელი) და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსებს (1997 წელი). გარდა ამისა, იგი არის ყოველწლიური ფესტივალის - "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" - ინიციატორი და ორგანიზატორი. მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით ჩამოყალიბდა ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმი.

1987-1988 წლებში იყო ყოველთვიური სატელევიზიო ციკლის – „მსოფლიოს სახელგანთქმული პიანისტების“ ავტორი; 1988 წელს დააარსა საკონცერტო ფირმა „კლასიკა“. 1995 წელს საფუძველი ჩაუყარა „საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა“ კონკურსს; 1996 წელს გახდა კონსერვატორიის დიდი დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი; 1997 წელს მისი თაოსნობით აღდგა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი; 1997 წელს დაარსა „პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი“; ამავე წელს საფუძველი ჩაუყარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის საერთაშორისო ფესტივალს „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“.

2000-2012 წლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი იყო. 2002 წელს საფუძველი ჩაუყარა „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს“ და „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრს“.

2005 წელს მისი თაოსნობით კონსერვატორია გახდა ევროპული კონსერვატორიების ასოციაციის წევრი. 2009-2010 წლებში იყო საქართველოში უწყვეტი სამუსიკო განათლების რეფორმის ინიციატორი; 2012 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოადგილე.

მიღებული აქვს ქართველი მუსიკოსებისათვის უმაღლესი ჯილდო – ზ.ფალიაშვილის სახელობის პრემია.