ავტორი:

"აჰა.. აბა, ნაცებო, ახლა რა კომენტარს გააკეთებთ?! აღმოვჩნდით თუ არა მართალი?!" - რას წერს ირაკლი ზარქუა არესტოვიჩის თანამდებობიდან გადადგომაზე?

"აჰა.. აბა, ნაცებო, ახლა რა კომენტარს გააკეთებთ?! აღმოვჩნდით თუ არა მართალი?!" - რას წერს ირაკლი ზარქუა არესტოვიჩის თანამდებობიდან გადადგომაზე?

მმართველი გუნდის წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა ალექსეი არესტოვიჩის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ რეალურად არესტოვიჩი არა უკრაინის, არამედ რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა.

ზარქუას თქმითვე, სწორედ არესტოვიჩი მოუწოდებდა საქართველოს ომში ჩართვისკენ.

"აჰაა.. აბა, ნაცებო, ახლა რა კომენტარს გააკეთებთ?! აღმოვჩნდით თუ არა მართალი?! აი "ეს" მოუწოდებდა საქართველოს ომში ჩართვისკენ!! როგორც ირკვევა, არისტოვიჩის განცხადებები რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა და სწორედ ამ საბაბით დაატოვებინეს კიდეც უკრაინის მთავრობა! კიდევ ბევრია მანდ “შეპარულები”, რომლებიც უკრაინულ ინტერესებს ნამდვილად არ ემსახურებიან!" - წერს ზარქუა.

  • უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ დაწერა.

"დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. მინდა გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი: ფუნდამენტური შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, - წერს არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც, ბოლო მონაცემებით, 40-მდე ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.

უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდნენ. გონჩარენკოს განცხადებით, რადას რამდენიმე დეპუტატმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მიმართა, რადგან არესტოვიჩის განცხადება "სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმს აკმაყოფილებს”.