ავტორი:

კაცი, რომელმაც ზელენსკის ომის დაწყება შეატყობინა და უკრაინელებისთვის იარაღის დარიგებისკენ მოუწოდა - ვინ იყო ავიაკატასტროფაში დაღუპული უკრაინის შს მინისტრი

კაცი, რომელმაც ზელენსკის ომის დაწყება შეატყობინა და უკრაინელებისთვის იარაღის დარიგებისკენ მოუწოდა - ვინ იყო ავიაკატასტროფაში დაღუპული უკრაინის შს მინისტრი

უკრაინაში, კიევის ოლქში, ბროვარში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულია 18 ადამიანი. ამ დროსთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 3 ბავშვია.

ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ უკრაინელი მაღალჩინოსნები - უკრაინის შს მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.

  • დენის მონასტირსკი

უკრაინის შს მინისტრი 43 წლის იყო. მონასტირსკი ამ თანამდებობაზე 2021 წელს დაინიშნა, იყო მმართველი პარტიის, "ხალხის მსახურის“ წევრი და შს მინისტრობამდე უკრაინის რადას დეპუტატი.

დენის მონასტირსკიმ 2007 წელს იურისტის კარიერა დაიწყო. 2019 წელს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის წარადგინეს, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის ექსპერტი იურიდიულ საკითხებში..

რადაში მუშაობის დროს ის იყო დეპუტატი, რომელმაც ყველაზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. რადაში სამართლის საკითხების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

მას შემდეგ, რაც უკრაინის ყოფილმა შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა თანამდებობა დატოვა, ამ თანამდებობაზე სწორედ დენის მონასტირსკი დაინიშნეს.

  • დენის მონასტირსკი იყო ადამიანი, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დაწყების პირველივე წუთებზე უთხრა, რომ აუცილებელი იყო უკრაინელებისთვის იარაღის დარიგება. მოგვიანებით ამის შესახებ მან "ვაშინგტონ პოსტთან" ისაუბრა. ის ასევე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ზელენსკის ომის დაწყების შესახებ შეატყობინა.

"ბნელოდა... ტელეფონის ზარი გაისმა, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის უფროსი იყო. თქვა, რომ რუსებს უკვე სამ სასაზღვრო ზოლში ებრძოდნენ“, - იხსენებდა მინისტრი 24 თებერვლის ღამეს.

მონასტირსკის თქმით, ტელეფონი გათიშა, პრეზიდენტ ზელენსკის დაურეკა და უთხრა: "დაიწყო“ და დასძინა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის საფრთხის წინაშე კიევი იდგა.

  • "რუსებმა პირველი შეტევისას საშინელი დარტყმა მიაყენეს ჩვენს საჰაერო თავდაცვას და მთლიანად ჩვენს ჯარს. დაბომბვის შედეგად გაჩნდა 20-მეტრიანი კრატერები, რომელთა მსგავსიც არასდროს არავის უნახავს“, - ამბობდა მონასტირსკი.

შს მინისტრის თქმით, ამ დროს ყველას აინტერესებდა, რამდენად შორს შეიძლებოდა წასულიყო მტერი. მონასტირსკიმ გაიხსენა, როგორ შეკრიბა ზელენსკიმ თავისი მთავარი მრჩევლები და როგორ გადაწყდა, რომ მინისტრთა კაბინეტის ნაწილი, პოლიციისა და თავდაცვის ხელმძღვანელების ჩათვლით დარჩენილიყო კიევში, ხოლო დანარჩენი გადასულიყო უკრაინის დასავლეთ ნაწილში.

მან ამერიკელ ჟურნალისტებთან ისაუბრა უკრაინელებისთვის იარაღის დარიგების მნიშვნელობაზე:

"ეს ნაბიჯი გახდა რუსების მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი. გარდა ამისა, ნებისმიერი უკრაინელი, რომელიც იფიქრებდა ღალატზე, მიხვდებოდა, რომ მას გარეთ ელოდა მინიმუმ 20 შეიარაღებული ადამიანი და ამას ვეღარ გაბედავდა“, - აღნიშნა უკრაინის შს მინისტრმა.

მას მეუღე და 2 ვაჟი დარჩა.

ინფორმაციისთვის, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი, დღეს,18 იანვარს, დილით ჩამოვარდა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან. ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა,

ბოლო მონაცემებით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, ხმელეთზე დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.