ავტორი:

იცით, რომ ფოთლების ღია წესით დაწვა საქართველოს კანონმდებლობით ისჯება? - რა არის მიზეზი, ანუ რა საფრთხეს შეიცავს ეს ადამიანისა და გარემოსთვის?

იცით, რომ ფოთლების ღია წესით დაწვა საქართველოს კანონმდებლობით ისჯება? - რა არის მიზეზი, ანუ რა საფრთხეს შეიცავს ეს ადამიანისა და გარემოსთვის?

შემოდგომით ეზოსა თუ ბაღში იმდენად ბევრი ფოთოლი გროვდება სოფლად თუ ქალაქად, რომ მათ თავიდან მოსაცილებლად საუკეთესო გზა ცეცხლის გაჩაღება გვგონია. თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მიზეზები, რის გამოც არ შეიძლება ფოთლების დაწვა.

კვამლი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის! - კვამლი, რომელიც ფოთლების წვის დროს გამოიყოფა, მთელ რიგ ტოქსინებს (კანცეროგენებს, გამაღიზიანებლებს) და შხამიან ნივთიერებებს, მათ შორის მეთანს შეიცავს. იგი ადამიანისთვის ძალიან საშიშია და ბევრი დაავადების გამოწვევას უწყობს ხელს, კერძოდ, ბრონქულ ასთმას, ყელის სიმსივნესა და სხვა. განსაკუთრებით დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის. კვამლში დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობა 300-ჯერ აღემატება დასაშვებ კონცენტრაციას, იგი უფრო მეტ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე გამონაბოლქვი აირები.

ფოთლების დაწვა ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას! - ნიადაგზე ხმელი ფოთლების დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები მის მინერალურ სტრუქტურაში. თუ წვის პროცესი დიდხანს გრძელდება, იწვის ნიადაგში შემავალი ორგანული ნივთიერებები, გარდა ამისა, იცვლება ნიადაგის თიხიანი ფენის სტრუქტურაც.

ფოთლების ღია წესით დაწვა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით! - ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები) ღია წესით დაწვა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მსგავსი ფაქტების გამოვლენაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მუშაობს. მოქალაქეებმა დარღვევის შესახებ დეპარტამენტს უნდა აცნობონ, ცხელი ხაზის ნომერზე - 153.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ცნობილია ფოთლების წვის ნეგატიური შედეგების შესახებ, მაინც მიმართავენ ამ პრაქტიკას და მათი მხრიდან ყოფელთვის ისმის კითხვა - "სად წავიღოთ მაშინ ჩამოცვენილი ფოთლები?“.

არსებობს ალტერნატიული გზები, რომელთა გამოყენებითაც არც ზიანს მივაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას და გარემოს და სარგებელსაც მივიღებთ.

  • ესენია:

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ფოთლის დატოვება - შემოდგომისას ხიდან ჩამოცვენილი გამხმარი ფოთოლი შეგვიძლია ბაღ-ბოსტანში მიწაზე მიმოვფანტოთ და იქვე დავტოვოთ ზამთრის განმავლობაში. იგი მალევე იქცევა ნიადაგის ნაწილად და დაგვეხმარება კარგი მოსავლის მიღებაშიც.

ბაღების მულჩირებისთვის გამოყენება - შეგვიძლია გამხმარი ფოთლები და ბალახი მცენარეების ირგვლივ დავყაროთ ისე, რომ დაიფაროს მიწის ზედაპირი. ეს ხელს შეუშლის ჰაერის ჩაღწევას ფესვებამდე, შეუნარჩუნებს მცენარეს ტენიანობას, ნიადაგს ზომიერ ტემპერატურას და შეაფერხებს სარეველების გამრავლებას.

საკომპოსტე ადგილის მოწყობა - ფოთლების თავიდან მოსაცილებლად ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად გამართლებული გზა მათგან კომპოსტის დამზადებაა. ამ გზით ფოთლები ბუნებრივად იშლება, ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოყოფისა და ხანძრის გაჩენის გარეშე და, საბოლოოდ, ეფექტიან და ჯანსაღ სასუქსაც ვიღებთ. კომპოსტი შეიძლება დამზადდეს ინდივიდუალურად, სახლში ყველანაირი დამატებითი ხარჯის გარეშე მარტივად, შემდეგნაირად:

  • ბაღში უნდა შეირჩეს დაჩრდილული ადგილი. კონტეინერი, რომელშიც განთავსდება ორგანული ნარჩენი, შეიძლება იყოს ხისგან ან მავთულბადისაგან დამზადებული, აუცილებლად უძირო, რადგან კომპოსტირებისას აუცილებელია კონტაქტი ნიადაგსა და საკომპოსტე ნაყარს შორის.
  • კონტეინერის კედლები უნდა ატარებდეს ჰაერსა და წყალს. სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1-1.3 მ-ს, რათა არ გაძნელდეს არევის პროცესი.
  • პირველ ფენად ბუჩქნარის ან ვაზის დაქუცმაცებული ანასხლავი, ფიჩხი ან სხვა ძნელად შლადი ნარჩენები უნდა დავაწყოთ (დრენაჟის გასაკეთებლად, რომ არ წავიდეს ლპობა).
  • მეორე ფენა უნდა შეიცავდეს მუქ კომპონენტებს, ესენია გამხმარი ფოთლები, ჩალა ან გამხმარი ბალახი.
  • ამ მასას ზემოდან 5 სმ მიწის ფენა უნდა მოეყაროს, სასურველია ნაცრის დამატებაც.
  • შემდეგ ნებისმიერი ორგანული ნარჩენი, როგორიცაა ნაფცქვენები, ნაჭუჭი, ნედლი ბალახი, ხილის და ბოსტნეულის ნარჩენი. ეს ყველაფერი 30-40 სმ-იან ფენად უნდა გაიშალოს.
  • ასეთი წყება უნდა განმეორდეს რამდენიმეჯერ, სანამ კომპოსტის გროვის სიმაღლე არ მიაღწევს 1-1.3 მეტრს. გროვას ზემოდან უნდა დავაფაროთ ნამჯა, თივა ან ძველი ტომრები.
  • მშრალ ამინდში კომპოსტი კვირაში ორჯერ უნდა მოირწყას წყლით.
  • თვეში ერთხელ, კომპოსტს უნდა მოვაცილოთ ზედა საფარი და ნიჩბით ან ფიწალით გადავაბრუნოთ. არევა უზრუნველყოფს მის აერაციას და 3-4 ჯერ აჩქარებს კომპოსტირების პროცესს.
  • 4-6 თვის შემდეგ კომპოსტი მზად იქნება.

იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული ფოთლების წვის მრავალწლიანი მავნე პრაქტიკა აღმოიფხვრას, აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება ფოთლების წვის შედეგად გამოყოფილი კვამლის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ, როგორც გარემოზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში არსებული საინიციატივო ჯგუფის მიერ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში განხორციელებული პროექტი - "კომპოსტირებადი ნარჩენების მართვა სოფელ მუხრანში“. აქტივობები განხორციელდა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

"მუხრანის საინიციატივო ჯგუფი“ მოხალისეების გაერთიანებაა, რომელიც დაახლოებით 1 წელია ფუნქციონირებს სოფელში და დღემდე 10-მდე ინიციატივა განახორციელა, მათ შორისაა სწორედ ფოთლების მავნე წვის ზემოქმედების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.

პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისგან შედგა 12 კაციანი მოხალისეთა ჯგუფი. თავდაპირველად მათ შეხვდა მანო კობახიძე (კონსულტანტი ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის საკითხებში და ვლოგერი - Villa Mano/Organic gardening), რომელთან ერთადაც მუხრანის ნიკო ბურის სახელობის N1 საჯარო სკოლის ორივე შენობის ეზოში მოეწყო ხის 2 საკომპოსტე ყუთი. მასში მოთავსდა სკოლის ეზოში ჩამოცვენილი გამხმარი ფოთლები, ბოსტნეულის და ხილის ნარჩენები. შემდეგ უკვე მოხალისეებმა დაარიგეს 500 ცალი საინფორმაციო ბუკლეტი სოფელში (საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში, სოფლის ბაზარში, კომერციული ცენტრები, უბნებში და სხვა).

აქტივობის განხორცილების დროს ცალსახა გახდა, რომ სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ფლობს ინფორმაციას ფოთლების წვის მავნე ზემოქმედების შესახებ, თუმცა, ბოლომდე არ აქვთ გააზრებული ამ ქმედების სიმწვავე და გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასევე, მოსახლეობის უმრავლესობისთვის უცნობი იყო ფაქტი იმის შესახებ, რომ აღნიშნული ქმედება ისჯება კანონით და ჯარიმდება 500 ლარით.

ინიციატივის განხორციელების შედეგად მოხდა სოფელ მუხრანისა და პატარა ქანდის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ფოთლების დაწვის მავნე პრაქტიკის უარყოფითი შედეგებისა და მისი გამოყენების ალტერნატიული გზების შესახებ. ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ჩაერთვნენ სოფლისთვის სასარგებლო საქმის განხორციელებაში, და უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა სკომპოსტე ყუთების მომზადებაში. აღნიშნული ხელს შეუწყობს როგორც სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას, ისე მდგრადი განვითარების გზების პოპულარიზაციას სოფელში.