ავტორი:

"ჭიპალას", "ჟმოტი" უშანგას და სხვათა მხიარული ამბები ქიზიყიდან

"ჭიპალას", "ჟმოტი" უშანგას და სხვათა მხიარული ამბები ქიზიყიდან

ქიზიყელმა თქვა, ერთი კვირაა ახალი წელი დადგა და უკვე იმდენ ღორის ქელეხში ვიყავი, სირცხვილით ღორებს თვალებში ვეღარ ვუყურებო. მხიარულ ამბებს, რომლებიც კახეთის ერთ-ერთ კუთხეში შევკრიბეთ, ქიზიყური ესკიზები შევარქვით. მარო და მიხო, ხაშლამა, ღორის ქელეხი ამ კუთხის ჯანსაღი იუმორის ატრიბუტებია. ჰოდა, სანამ მსუყე ამბებზე გადავიდოდეთ, რამდენიმე პატარა ქიზიყურ ესკიზს შემოგთავაზებთ:

  • პაციენტი და ექიმი

ექიმი მამაკაცს სინჯავს: - ღვიძლი იგეთ მდგომარეობაში გაქ, რო აქ შენი დედა მოვ... და იქ კიდე შენი ძმაკაცებისაო!

გაგიჟდა პაციენტი ექიმის გამოხდომის გამო, წამოუხტა "ტაფჩანიდან", ეს რეებ მაკადრებ ან მე და ან ჩემ ძმაკაცებსაო!

ექიმი წყნარად პასუხობს: - ბჯო! შენ ღვიძლი გასიებული გაქ, ცეროზი ნიშნებია და მე დალევა უნდა აგიკრძალო. ამის მერე გარეთ გახვალ და ძმაკაცები გეტყვიან, იგე, ექიმთან ხო იყავ, წამო ეხლა, ბატკანი რო გვყავ დაკლული, ჩავუსხდეთ და პური ვჭამოთო. შენ ეტყვი, არა, ძმაო, ექიმმა სასტიკად ამიკრძალა დალევაო! ისენი კიდე გეტყვიან, ერთი ექიმის დედაც მოვ..., წამოო...

ჰოდა, მეც პასუხი უკვე გაგეცით: - აქ შენი და იქ კიდე შენი ძმაკაცებისა!

  • "ჭიპალა"

სოფელ ზემო მაჩხაანში ცხოვრობდა მძღოლი "ჭიპალა". საბჭოთა ეპოქაში კოლმეურნე რამეს თუ დააშავებდა, არსებობდა ადგილობრივი სასჯელი, თავმჯდომარე პატიმრობისთვის არ სწირავდა მცირე დანაშაულის ჩამდენს და ექვსი თვით ან ერთი წლით ცხვარში უშვებდა სამუშაოდ (ეს კარგად არის ასახული ფილმ "თუშ მეცხვარეში", სადაც მძღოლ ლექსოს 1 წლით ცხვარში უშვებენ სამუშაოდ). ჰოდა, ამ "ჭიპალამაც" ჩაიდინა დანაშაული და თავმჯდომარე ნიკო მამაიაშვილმა ეს ჩვენი ,,ჭიპალა" ცხვარში გაამწესა.

ზემო მაჩხაანს "ქურანჩაზე" ჰქონდა საზაფხულო იალაღები. იმ ზაფხულს თავმჯდომარე ავიდა მთაში ცხვარ-მეცხვარის დასახედად. დაინახა, ცხვარი დინჯად ძოვს და იქვე კომბალს ჩახუტებული და ნაბადში გახვეული "ჭიპალა" ცახცახებს.

- რაო "ჭიპალ", მთამ შამოგიბერა მუცელი?

- ჰო, პეტროვიჩ.

- გონი, რამდენსაც გააკ..., სუ მე მიგზავნი არა?

- იი, როგო ყველაფერი იცი, პეტროვიჩ!

გავიდა დრო. "ჭიპალამ" სასჯელი მოიხადა და დაუბრუნდა თავის მანქანას. ზემო მაჩხაანის კანტორაში საერთო კრებაა. ერთადერთი საკითხი აქვთ - ბუღალტრის, რომელმაც ფული გაფლანგა. მამაიაშვილს არ უნდა ბუღალტრის გაწირვა და ხალხს ასე მიმართა, ხალხო, მეც დამნაშავე ვარ, ვერ გავიგე, ეს როგორ და როდის მოხდა, მაგრამ რაც უნდა იყოს, ე ჩვენი ბუღალტერი უცხო ხო არ არი, ჩვენია და ვაპატიოთო. ამ დროს "ჭიპალამ” ხელი ასწია:

- მოკლეთა თქვი, "ჭიპალ", რა გინდა, - უხალისოდ უთხრა კრების თავმჯდომარემ.

- ჯოო, "ქურანჩაზე" გავაკ... და ზემო მაჩხაანში გაიგე, ამან გვერდზე ოთახში ამოტოლა ფული შაჭამა და დავიჯერო არაფერი გაგიგია? - ჰკითხა ,,ჭიპალამ".

***

ბოდბისხევში ბაზრობაზე ვიღაცას ჩაუტანია 3 ტომარა ფქვილი და ყიდის კილოობით, ერთი გახსნა, ორი კი იქვე უდევს. გამოუვლია ქალს და ამოურევია ხელი, გაუსრესია ფქვილი, დაუსუნია და პატრონისთვის უკითხავს, ძარღვიანიაო?

- კიი ქალბატონო, - უპასუხია ფქვილის გამყიდველს.

- კარგა დგება? (თონეში)

- კიი...

- მალე ხო არა ვარდება?

- არააა, კარგა იჭერამს თავსა...

ქალმა ამოურია კიდე ხელი და, ეს არ მამწონს, ეგ აააყენეო (მეორე ტომარა). ვერ ავაყენებ, ინდე, აყენებულია, თუ გინდა წაიღეო, გაჯიუტებულა მეპატრონეც.

ააყე, რო გელაპარაკებიო. ვერ ავაყენებო...

დაირივნენ, ეს ეძახის ააყენეო, ის - ვერ ავაყენებო. შემოეხვიათ თურმე ხალხი და მისულა ქალის ქმარიც. ცოლისთვის დაუყვირნია, გამო, ქალოოო, სანამ ამ შუა ბაზარში არ მეეტ..., იქამდე არ დაანებებ თავსაო?

  • "ჟმოტი" უშანგა

მაჩხაანელ უშანგი პაპაჩაშვილს ორკარიანი "კოლხოზნიკი" ჰყავდა და კვირაობით ბოდბისხევის ბაზრის მიმართულებით ტაქსაობდა ხოლმე... დიდი მანქანით ან ავტობუსით მგზავრობა 50 კაპიკი ღირდა, მსუბუქით - მანეთი. "კოლხოზნიკი" მსუბუქებში გადიოდა.

ერთხელაც ბაზრიდან გამოვიდა თურმე ამ უშანგის ღვიძლი ბიძაშვილი, პაპაჩაშვილი იოსება. ამ დროს უშანგის რიგია და იოსებაც ჩაუჯდა მანქანაში.

ამოვიდნენ მაჩხაანში, ყველა იხდის თითო მანეთს და ჩადის.

იოსებას სახლთან რომ მივიდნენ, იოსებამაც ამოიღო მანეთი და მიაწოდაა!

უშანგამ გამოართვა და ეუბნება, რა ვქნა, იოსებ, კვირა რო არ იყოი, ბიძაშვილი ხარ, ფულ არ გამოგართმევდიო.

შე ვირიშვილო, კვირა რო არ იყოი, ბოდბისხევში რა ეშმაკი მინდოდაო, უპასუხა იოსებამ.

  • ღია გაკვეთილი

დაწყებით კლასებში ქართულის ღია გაკვეთილს დირექტორი ესწრება. ქართულის პედაგოგმა ჰკითხა ბავშვებს, მამასახლისი ვინ არის, აბა, ვინ მეტყვისო. გაისუსა კლასი, ბუზიც აღარ ბზუოდა. ერთმა მოწაფემ მოიწყვიტა ხელი ქნევით, მე ვიცი, მე ვიციო. მასწავლებელს გაუხარდა, რომ არ შერცხვა დამსწრეებთან და შეაგულიანა ბიჭი, აბა, გვითხარიო. ბიჭმაც ამაყად უპასუხა, მამასახლისი არის დიასახლისის მეუღლეო. დირექტორმა კი ბევრი იცინა, მაგრამ მასწავლებელი ბიჭს მას მერე სულ 2-იანებით ამკობდა. გააგრძლეთ კითხვა