ავტორი:

ლავროვ-კობახიძის განცხადებების შემდეგ უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ "თბილისი და მოსკოვი რევერანსებს ცვლიან"

ლავროვ-კობახიძის განცხადებების შემდეგ უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ "თბილისი და მოსკოვი რევერანსებს ცვლიან"

თბილისი და მოსკოვი ცვლიან რევერანსებს რუსეთის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დაუსჯელი დანაშაულებებისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფონზე. მივიჩნევთ, რომ მსგავსი პრორუსული რიტორიკა არ მოდის თანხვედრაში საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს ევროკავშირის წევრობისკენ , - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

ნიკოლენკოს შეფასებით, უკრაინისადმი ქმედითი სოლიდარობის არარსებობა საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ცდილობს უკრაინელი ხალხი გაანადგუროს გენოციდურ ომში - პოლიტიკური მუხთლობაა.

"საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერი თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის მომხრეა. მან განცხადება გააკეთა ქებაზე საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ ის არ უერთდება დასავლეთის სანქციებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის.

თბილისი და მოსკოვი ცვლიან რევერანსებს რუსეთის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დაუსჯელი დანაშაულებებისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფონზე. მივიჩნევთ, რომ მსგავსი პრორუსული რიტორიკა არ მოდის თანხვედრაში საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს ევროკავშირის წევრობისკენ.

უკრაინა ორივე - როგორც სახელისუფლებო, ასევე ხალხის დონეზე, ყოველთვის იდგა საქართველოს მხარდამხარ, განსაკუთრებით მისი ისტორიის უბნელეს პერიოდში.

უკრაინისადმი ქმედითი სოლიდარობის არარსებობა საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ცდილობს უკრაინელი ხალხი გაანადგუროს გენოციდურ ომში - პოლიტიკური მუხთლობაა.

უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის აგრესიის ფონზე და უკრაინული ტერიტორიების დეოკუპაცია, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ინტერესებშიცაა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა "ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. სერგეი ლავროვს კითხვა პრორუსული ტელეარხის, "ალტ-ინფოს“, ჟურნალისტმა დაუსვა, შეკითხვა უკრაინაში ომის კონტექსტში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდებოდა.

ლავროვმა ასევე განაცხადა, - ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთო...

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ილაპარაკა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

"ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.