ავტორი:

"რთული გასააზრებელია, რომ ამდენწლიანი სტაჟის მქონე სამხედრო მოსამსახურემ, ასეთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა" - მამუკა ხაზარაძე საგარეჯოს ტრაგედიაზე

"რთული გასააზრებელია, რომ ამდენწლიანი სტაჟის მქონე სამხედრო მოსამსახურემ, ასეთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა" - მამუკა ხაზარაძე საგარეჯოს ტრაგედიაზე

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძემ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს მიუსამძიმრა.

„ეს დიდი ტრაგედიაა და მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს. ვუსამძიმრებ გმირი პოლიციელის ოჯახს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

რთული გასააზრებელია, რომ ამდენწლიანი სტაჟის მქონე სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც მუნდირის ღირსებას სხვადასხვა მისიაში იცავდა, ასეთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!" - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.