ავტორი:

"უამრავი ადამიანი მეხმიანება, რომელთაც მენტალური სირთულეები სტანჯავთ, მათ შორის ყოფილი სამხედროც ყოფილა" - რას წერს გიორგი კეკელიძე

"უამრავი ადამიანი მეხმიანება, რომელთაც მენტალური სირთულეები სტანჯავთ, მათ შორის ყოფილი სამხედროც ყოფილა" - რას წერს გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება. ის უსამძიმრებს მსხვერპლთა ოჯახებს და ასევე საუბრობს ფსიქიკური პრობლემების შესახებ, რომელზე მასთან ადამიანებს და მათ შორის, ყოფილ სამხედროსაც უსაუბრია.

"იცით ალბათ, წელიწადნახევარი უმძიმეს დეპრესიას და შფოთვით აშლილობას ვებრძოდი. მას შემდეგ უამრავი ადამიანი მეხმიანება, რომელთაც წლებია სხვადასხვა სახის მენტალური სირთულეები ტანჯავთ.

ზოგიერთამდე შუაღამემდე მისაუბრია, ჩემი სამოყვარულო ცოდნით და გამოცდილებით რომ ვცდილობდი დამშვიდებას და მერე ცხადია, ექიმთან გადამისამართებას. მათ შორის ყოფილი სამხედროც ყოფილა და პოსტსტრესული აშლილობები დიდწილად ამგვარი პროფესიის ადამიანებს აწვალებთ.

ერთია ფსიქიატრული სფეროს მოუწესრიგებელი მდგომარეობა, მეორე - მახინჯი სტერეოტიპები, საბჭოთა ტრადიციით ნაკარნახევი, უკბილო ხუმრობებით ნაპოლეონად ქცეულ ადამიანზე, სოფლის გიჟის ლეგენდები და ფრაზებად გამოთლილი გარიყვა: "აზრები აწუხებს".

დღესაც, როცა ვინმეს გაშავება უნდათ, სრულიად ლიბერალურ პოზიციაზე მყოფი პოლიტიკოსები ცინიკურად ამბობენ: "ფსიქიატრიის სფეროა". არადა ფსიქიატრიის სფეროა ყველა ადამიანი, საკუთარი შფოთვებით, უბრალოდ არის შემთხვევები, რომელიც აუცილებელ კლინიკურ ჩარევას მოითხოვს. როცა ეს საშინელი სტერეოტიპები დაირღვევა, სფეროსაც იოლად მიეხედება. მე ვიქნები ბრძოლაში ერთი რიგითი ელჩი.

.p.s. ვუსამძიმრებ ამ უდიდესი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს", - წერს გიორგი კეკელიძე.

ცნობისთვის, საგარეჯოში ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან მოქალაქემ ცეცხლი გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

დანაშაულის ჩამდენმა პირმა სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე სავარაუდოდ, თავი მოიკლა.