ავტორი:

"საჭიროა მოსახლეობას იარაღის ტარების უფლება ჰქონდეს - შანსი უნდა მივცეთ ადამიანებს, შეიარაღებული მოძალადეებისგან თავი დაიცვან" - იაგო ხვიჩია

"საჭიროა მოსახლეობას იარაღის ტარების უფლება ჰქონდეს - შანსი უნდა მივცეთ ადამიანებს, შეიარაღებული მოძალადეებისგან თავი დაიცვან" - იაგო ხვიჩია

საჭიროა მოსახლეობას იარაღის ტარების უფლება ჰქონდეს - შანსი უნდა მივცეთ ადამიანებს, შეიარაღებული მოძალადეებისგან თავი დაიცვან, ისინი უშანსოდ გვყავს დატოვებული მოძალადესთან, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საგარეჯოში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იარაღის ლეგალიზება მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილების აბსოლუტური გარანტია არ არის, მაგრამ მოქალაქეებს მისცემს შანსს, თავი დაიცვან და ეს მსხვერპლს შეამცირებს.

„საშინელი შემთხვევა მოხდა, შეძრა საქართველოს მოსახლეობა. რაც შეეხება იმას, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დამნაშავეს ჰქონდა უკანონოდ იარაღი, როგორც აქამდეც ბევრჯერ გვითქვამს, დამნაშავე ყოველთვის შეიძენს უკანონოდ იარაღს. იმისთვის, რომ უკანონოდ შეძენილი იარაღიდან თავი დაიცვას მოსახლეობამ, ამისთვის საჭიროა მოსახლეობას ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება და ნაცვლად იმ პოლიტიკისა, რაც ახლა გვაქვს, ყოველდღიურად რომ მკაცრდება ეს მიმართულება, პირიქით უნდა ვიქცეოდეთ. წარმოიდგინეთ, ადამიანებს, ვინც ამ შემთხვევის დროს დაიჭრნენ და დაიღუპნენ, თავადაც ჰქონოდათ იარაღი, ერთ-ერთს მაინც რომ ჰქონოდა და ჰქონოდათ შანსი, თავი დაეცვათ... ჩემი აზრით, თუ რაიმე უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ შანსი მივცეთ ადამიანებს, შეიარაღებული მოძალადეებისგან თავი დაიცვან, თორემ შეიარაღებული მოძალადეები ყოველთვის იარსებებენ თუ ისინი ძალადობას გადაწყვეტენ.

მე არ ვიცი, მეტი რა ტრაგედია უნდა მომხდარიყო, ვინც დაიღუპა, ერთ-ერთს მაინც რომ იარაღი ჰქონოდა, მაქსიმუმ მოძალადე მოეკლათ. მე არ ვამბობ, რომ ეს აბსოლუტური გარანტიაა და საზოგადოებაში, სადაც იარაღი არსებობს, იქ არ შეიძლება მოხდეს ტრაგედიები. მე მხოლოდ ვსაუბრობ შანსზე, ჩვენ ასეთი ტიპის რეგულირებებით მოსახლეობა უშანსოდ გვყავს დატოვებული მოძალადესთან, თორემ პოლიციელიც დაიღუპა და მას ჰქონდა იარაღი, მაგრამ შანსი, როცა უფრო მეტი შეიარაღებული ადამიანი დამნაშავის წინააღმდეგ, მსხვერპლის რიცხვს შეამცირებს”, - განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.