ავტორი:

"არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! ამის ნაცვლად მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე და პასუხობდეს ბრალდებებს" - პრეზიდენტის განცხადება

"არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! ამის ნაცვლად მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე და პასუხობდეს ბრალდებებს" - პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, არ იზიარებს მმართველი პარტიის არგუმენტს, "რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს".

"არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს. თუნდაც იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით - საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს.

ამ დროს, თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ „გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის. ამის დაშვება დაუშვებელია!

ამის მაგივრად, როგორც არაერთხელ უკვე მოვუწოდე მთავრობას, აუცილებელია, სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი, ყველა თავისი - სოციალური და პოლიტიკური პარამეტრით, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია. გვჭირდება რეგულაციები - სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის, თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებაში.

ასევე, ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ! ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!" - ნათქვამია განცხადებაში.