ავტორი:

"ქება სასიამოვნოა, მაგრამ თავში არ უნდა აგივარდეს" - 13 წლის ვუნდერკინდი, ვირტუოზი პიანისტი, რომელსაც "ქართველ მოცარტს" უწოდებენ

"ქება სასიამოვნოა, მაგრამ თავში არ უნდა აგივარდეს" - 13 წლის ვუნდერკინდი, ვირტუოზი პიანისტი, რომელსაც "ქართველ მოცარტს" უწოდებენ

ვუნდერკინდი, გენიოსი - ამ სიტყვებით მოიხსენიებენ 13 წლის პიანისტ ცოტნე ზედგინიძეს. პირველად კონცერტზე გამოსვლა დედისადმი მიძღვნილ კონცერტზე მოინდომა. მის უკან ყოველთვის დგას გამზრდელი ბებია, ღვაწლმოსილი პიანისტი და პედაგოგი ნინო მამრაძე.

- მე ბებიასა და დასთან ერთად ვცხოვრობ. 5 წლის ვიყავი, როცა დედა გარდამეცვალა. ძალიან მიყვარს ხელოვნება, მუსიკა, მხატვრობა, პოეზია... ხშირად ვთამაშობ ჩემს დასთან, ხან ვჩხუბობთ. გაბუტვით არ ვიბუტებით.

- ცოტნე, როგორი იყო შენთვის 2022 წელი?

- ძალიან კარგი, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიწვეული ვიყავი ფესტივალებზე. მქონდა კონცერტებიც. ნაყოფიერი შემოქმედებითი წელი მქონდა - დავწერე ნაწარმოები ორკესტრისთვის, დავუკარი ლიზა ბათიაშვილის ფესტივალზე.

- ინსტრუმენტთან დაახლოებით რამდენ საათს ატარებ დღეში?

- 3-4 საათს, კონცერტის წინ 5 საათსაც.

- როგორია შენი ერთი დღე?

- დაგეგმვას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. უფრო სწორად, გეგმის შედგენა გამომდის, შესრულება - ვერა. თუ კონცერტი არა მაქვს, ვუკრავ რამეს, ხან ვუსმენ, ხან ვკითხულობ...

მიყვარს იმპროვიზირება და ოპერების, სიმფონიების მოსმენა, კითხვა, ნოტებიდან სხვადასხვა ნაწარმოების გარჩევა. ჩემი საყვარელი კომპოზიტორებია პუჩინი, მოცარტი...

- სკოლაში რა ხდება?

- მე მუსიკალურ სკოლაში არ დავდივარ, ბებია მასწავლის. საშუალო სკოლაში, სანამ კონცერტები დამეწყებოდა, დავდიოდი, მაგრამ კონცერტისთვის მზადების დროს ზედიზედ შეიძლება 2 თვეც ვერ მოვახერხო მისვლა. კარგი კლასელები მყავს, ვთამაშობთ, ვსაუბრობთ. მასწავლებლებიც კარგი მყავს და მათი მადლობელი ვარ. ჩემი საყვარელი საგანი ქართული ლიტერატურაა, ინგლისური და ხელოვნებაც მომწონს. ისტორიაც მიყვარს.

- კარგად იცი ინგლისური ენა?

- ამ ეტაპისთვის ინტერვიუს მიცემა შემიძლია ინგლისურ ენაზე.

- შენზე ხშირად ამბობენ, ვუნდერკინდია, განსაკუთრებულიაო. როგორ მოქმედებს, ამას რომ ისმენ?

- მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მაფასებს, მაგრამ არასდროს ვფიქრობ გულთან მივიტანო და დავიჯერო ეს ყველაფერი, თორემ თუ დავიჯერე, ხელს შემიშლის განვითარებაში. ქება სასიამოვნოა, მაგრამ თავში არ უნდა აგივარდეს. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მოტივაციაში მეხმარება შექება, მით უმეტეს, ბებიასაგან.

- ცოტა ბავშვობას ხომ არ გართმევს ეს ყველაფერი?

- მე ყოველთვის მქონდა არჩევანის თავისუფლება. ძალდატანებით არაფერს ვაკეთებ. ნაწარმოების დაწერა რომ გინდა და წერ, ესეც სიამოვნებაა, ამიტომ დაძალება არ გამოდის. თავისუფალი ვარ.

- რა ასაკიდან წერ მუსიკას?

- დაახლოებით 6 წლიდან. თავიდან იმპროვიზაციებს ვაკეთებდი სხვადასხვა კლასიკოსის გავლენით. პატარაობაში ინდივიდუალური მუსიკის ენის გამოვლენა რთულია. მერე შევეცადე ჩემი ენა მქონოდა და ახლაც ამას ვცდილობ.

- შენს დაიკოს როგორი ურთიერთობა აქვს მუსიკასთან?

- ჩემი დაიკო 10 წლისაა. უსმენს ჯაზს, ხანდახან ელექტრონულსაც. განსხვავებული ჟანრები მოგვწონს. მე კლასიკურის გარდა, სხვა ჟანრით არა ვარ გატაცებული.

- შენი თანატოლების მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვები გაჯეტებზე არიან დამოკიდებული.

- ზოგჯერ შეიძლება ზედმეტი მოგვივიდეს. ტელეფონში ძალიან ბევრი კარგიცაა და ბევრი ცუდიც. გენიალური კლასიკური მუსიკის მოსასმენად ტელეფონს ვიყენებ. წიგნებს კომპიუტერში ვკითხულობ. ამიტომ ვამბობ, რომ კარგიცაა და ცუდიც. სოციალურ ქსელშიც ვარ.

- რომ არ შეგყვარებოდა მუსიკა, ვინ გამოხვიდოდი?

- რეჟისორი, მსახიობი ან მწერალი... მხატვრობაც მაინტერესებს, თუმცა მე თვითონ არ ვხატავ.

- შენი საუკეთესო მეგობარი ვინ არის?

- პირველ რიგში ჩემი და და ბებია... კლასელებიდან ლიზაა საუკეთესო მეგობარი.

- რაზე საუბრობ ხოლმე ლიზასთან?

- რა ვიცი, შეიძლება ვიხუმროთ რაღაცაზე ან რამე თემა განვიხილოთ, სკოლის გაკვეთილებზე, დავალებებზე ვისაუბროთ, ან რომელიმე ფილმზე... კიდევ ერთი საუკეთესო მეგობარია ნიკა მემანიშვილი. შეხედულებებს ვუზიარებთ ხოლმე ერთმანეთს. ეს შემოქმედებითი პროცესია. განაგრძეთ კითხვა