ავტორი:

სიგნალის გავრცელების ექსკლუზიური უფლება და უსამართლო ტარიფი - რატომ გათიშა "სტერეო +“ - მა "პალიტრანიუსის" მაუწყებლობა?

სიგნალის გავრცელების ექსკლუზიური უფლება და უსამართლო ტარიფი - რატომ გათიშა "სტერეო +“ - მა "პალიტრანიუსის" მაუწყებლობა?

თითქმის ორი კვირაა, რაც "პალიტრანიუსის“ მაყურებლების იმ ნაწილს, ვისაც მაუწყებლობაზე წვდომა სატელევიზიო ანტენის საშუალებით ჰქონდა, სიგნალი შეეზღუდა. მაუწყებლობის გათიშვის მიზეზი კომპანია "სტერეო+“ -სა და ტელეკომპანია "პალიტრანიუსს“ შორის ხელშეკრულების შეწყვეტა გახდა. ამასაც თავისი მიზეზი აქვს - სატარიფო პოლიტიკა, რომელიც, დრომ გვიჩვენა, რომ არა მარტო "პალიტრანიუსს“, არამედ ყველა დამოუკიდებელ ტელევიზიას სერიოზულ ტვირთად აწევს.

როგორც ტვ "პალიტრანიუსის“ დირექტორი, ლევან ტაბატაძე გვიხსნის, ტელეკომპანია არ ეთანხმება იმ უსამართლო სატარიფო პოლიტიკას, რომელსაც "სტერეო +“ ატარებს. "კვლევების თანახმად, ყოველწლიურად სატელევიზიო ანტენით ტელეარხების მიმღებთა რაოდენობა იკლებს, აუდიტორია მცირდება და გადაედინება სხვა საკაბელო, სატელიტით და ინტერნეტით სიგნალის გამავრცელებელთა აუდიტორიაში, სადაც "პალიტრანიუსი“ დღემდე შეუფერხებლად განაგრძობს მაუწყებლობას. საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, "სტერეო+“-ის აბონენტების კლება უნდა ასახულიყო მომსახურების ტარიფზე (შემცირებულიყო), მაგრამ დღემდე ისევ 7 წლის წინ მიღებული ფასებით ხელმძღვანელობენ. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანიებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება“.

მაუწყებლობის "მულტი პლექსიდან“ გათიშვისთანავე, 31 დეკემბერს ტელეკომპანიამ განცხადება გაავრცელა, მაყურებელს მაუწყებლობის გათიშვის მიზეზი გააცნო და შექმნილი პრობლემის გამო ბოდიში მოუხადა.

ლევან ტაბატაძე, "პალიტრანიუსის“ დირექტორი:

"იმისათვის, რომ ადამიანებმა ტელევიზია ანტენით დაიჭირონ, ამ სერვისს ახორციელებს კომპანია "სტერეო+“ და ამაში თითქმის ყველა ქართული არხია ჩართული. მას აქვს გავრცელების ექსკლუზიური უფლება, ტარიფს კი, როგორც გვითხრეს, კომუნიკაციების კომისია უწესებს, რომელიც ყველა ტელევიზიამ უნდა გადაიხადოს. ტარიფი შემდეგნაირია -1 მეგაბაიტი სიგნალის გავრცელება 8 900 ლარი ღირს, მაგრამ კომისიამ მათ აქვე ჩაუწერა, რომ უნდა მოხდეს მინიმუმ 2,2 მეგაბაიტის გავრცელება, შესაბამისად, ეს ღირებულება მრავლდება 2,2-ზე და შესაბამისად მინიმალური გადასახადი შეადგენს 22 ათას ლარამდე. ეს ხდებოდა 2015 წლიდან, მაშინ, როდესაც "მაგთი“ და "სილქნეტი“ შედარებით სუსტი ოპერატორები იყვნენ და იმდენი აბონენტი არ ჰყავდათ, რამდენიც დღეს, არც ინტერნეტის გავრცელება ხდებოდა ამ ხარისხით... 2015 წლის შემდეგ, ბაზარზე გარემოებები არსებითად შეიცვალა, რაშიც მოიაზრება ანტენით ტელეარხების მიმღებთა რაოდენობის შემცირება, ხოლო საკაბელო, სატელიტით და ინტერნეტით სიგნალის გამავრცელებელთა აუდიტორიის ზრდა. ფაქტობრივ გარემოებათა ცვალებადობამ განაპირობა, რომ ჩვენი კომპანიისთვის 7 წლის წინ განსაზღვრული და უცვლელი მომსახურების ტარიფი არარელევანტურ ფინანსურ ტვირთად იქცა.

არიან ადამიანები, ვინც ვერ ახერხებს "მაგთის“ და "სილქნეტის“ ჩართვას და იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მაუწყებლობა, ყველა ტელევიზიამ უნდა გადაიხადოს 20-20 ათასი ლარი. ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამ ტარიფს და ამიტომ კონტრაქტი გავწყვიტეთ და 30 დეკემბერს გათიშეს მიწისზედა ციფრული მაუწყებლობა. სატარიფო პოლიტიკა მარტო "პალიტრანიუსის“ პრობლემა არ არის, ეს საერთო პრობლემაა და ყველა ტელევიზიას სერიოზულ ტვირთად აწევს. სატელევიზიო ბაზარზე არსებული ვითარება არ იძლევა საშუალებას, რომ მოხდეს სტერეო+-ის სერვისის ხარჯის სარეკლამო შემოსავლებში კონვერტაცია. ტელევიზიები იძულებული ხდებიან მოიძიონ დამატებითი შემოსავლები, რომელიც არსებითად ამცირებს მათი დამოუკიდებლობის ხარისხს.“

როგორც კომუნიკაციების კომისიაში განგვიცხადეს, ტელემაუწყებელთა სიგნალის გავრცელების ტარიფს არა კომისია, არამედ მულტი პლექს ოპერატორი, ანუ "სტერეო +“ ადგენს და ის ხარჯზე ორიენტირებული უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტელეკომპანიას აქვს ეჭვი, რომ ტარიფი, რომელსაც ოპერატორი სთავაზობს, არ არის ხარჯზე ორიენტირებული, შეუძლია მიმართოს კომუნიკაციების კომისიას, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის (კომისია დაიწყებს საკითხის შესწავლას, გამოითხოვს ყველა საჭირო დოკუმენტაციას, გადათვლის და დარწმუნდება, ხარჯზე ორიენტირებულია თუ არა ეს ტარიფი).

"მაუწყებლობის კანონით, მუქსების ოპერატორ კომპანიებს აქვთ ხარჯზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული ტარიფის შეთავაზების ვალდებულება. შესაბამისად, თუ რომელიმე კომპანიას აქვს ეჭვი, რომ მისთვის შეთავაზებული ტარიფი არ არის ხარჯზე ორიენტირებული და ძვირია, უნდა მიმართოს კომუნიკაციების კომისიას და კომისია შეისწავლის აღნიშნულ საკითხს“, - ოფიციალურად გვიპასუხა კომუნიკაციების კომისიამ.

ის, რომ ტარიფი ტელევიზიებისთვის დიდი ტვირთია, იმ განცხადებებიდან ჩანს, რომელსაც "სტერეო +“ ლამის ყოველწლიურად აქვეყნებს და რიგ ტელეკომპანიებს გადაუხდელობის გამო გათიშვით ემუქრება ხოლმე. ასეთი ბოლო განცხადება 2022 წლის 27 ივლისს გაავრცელეს.

"ნებისმიერი თავისუფალი მედიისთვის, ტელევიზიისთვის აღნიშნული ტარიფი დიდი ტვირთია, თან - მძიმე ტვირთი, ამიტომ კარგი იქნება, მედიის ერთსულოვნება, ინიციატივის აღება და დიალოგის დაწყება, რათა რაღაც ოპტიმალურ გამოსავალზე შევჯერდეთ“, - ამბობენ ტელეკომპანია "ტვ პირველში“.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ტვ პირველი“ იმ ტელევიზიების ჩამონათვალში იყო, რომელსაც "სტერეო +“ გასულ წელს, დიდი ოდენობით დავალიანების გადაუხდელობის გამო მაუწყებლობის გათიშვით ემუქრებოდა (მათ შორის იყო "ობიექტივი“, "რუსთავი-2“, "ერ ბი ჯი“...) და კონტრაქტორებს მაუწყებლობის აღდგენას მხოლოდ დავალიანების დაფარვის შემდეგ ჰპირდებოდა...

"კარგი იქნება, თუ ტელევიზიები კოორდინირებულად დაიწყებენ საუბარს "სტრეო +“-თან - მოხდება ჩვენი პოზიციის გათვალისწინებაც, მათი პოზიციის შეჯერებაც და ერთობლივი გამოსავლის მოძებნა. ვფიქრობ, მისაღებია დიალოგი, პოზიციების გათვალისწინება, თუნდაც ხელშეწყობა (ამ შემთხვევაში, შეიძლება ჩართულები იყვნენ დონორებიც). ნაკლები იმედი მაქვს, მაგრამ კარგი იქნება, თუ მთავრობა რამე როლს ითამაშებს იმაში, რომ ყველა სატელევიზიო სადგური ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოქალაქისთვის. პირველ რიგში, კარგი იქნება ინიციატივის აღება და საუბრის დაწყება.

აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ საშუალება "სილქნეტი“, "მაგთი“, ან საკაბელო ოპერატორი დააყენოს, ჰქონდეთ ინფორმაციის წყარო. გამოდის, რომ ინფორმაციის სრულყოფილი წვდომა არ აქვთ ყველაზე დაუცველ ადამიანებს, რომლებიც იყენებენ ანტენებს. თავის დროზე, სწორედ სოციალურად დაუცველებისთვის მოხდა ამ მულტიპლექსის მიმღებების უფასოდ დარიგება. ამიტომ თუ იქნება დიალოგი ამ თემაზე, ჩვენ ამის მომხრე ვიქნებით იმიტომ, რომ ამ მოსაკრებლის გადახდა ჩვენი ტელევიზიისთვისაც საკმაოდ მძიმე ტვირთია.“ - გვეუბნება "ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე.

"მთავარი არხის“ დირექტორის თამთა მურადაშვილის აზრით, მძიმე პირობებში მყოფი მედიისთვის მნიშვნელოვანია შეღავათის გაწევა და მულტიპლექსის მომსახურების ტარიფის შემცირება:

"ისედაც მძიმე პირობებში მყოფი მედიისთვის შეღავათის გაწევა, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია და კომისიამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი (მულტიპლექსი კომუნიკაციის კომისიის წინაშე ანგარიშვალდებულია, მათ შორის მაგ ნაწილშიც რეპორტინგს აკეთებს, როგორც მახსოვს). ვინაიდან მულტიპლექსიც კერძო კომპანიაა და მასაც აქვს ხარჯები, მეორეს მხრივ კი არის მედია კომპანიები, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში არიან, საჭიროდ მიმაჩნია, რომ ეს პროცესები მაქსიმალურად იყოს დაცული ერთმანეთის ინტერების გათვალისწინებით“, - ამბობს თამთა მურადაშვილი.

ჩვენ დავუკავშირდით მულტი პლექს ოპერატორ "სტერეო +“-ს, თუმცა კომპანიაში ჩვენს კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემა არ ისურვეს.