ავტორი:

რუსი ჯაშუში თუ უკრაინელი გმირი? - რას აცხადებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაური რუსეთთან მოლაპარაკების მონაწილე ბანკირზე, რომელიც კიევში მოკლეს?

რუსი ჯაშუში თუ უკრაინელი გმირი? - რას აცხადებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაური რუსეთთან მოლაპარაკების მონაწილე ბანკირზე, რომელიც კიევში მოკლეს?

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაური კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მონაწილე ბანკირის დენის კირეევის მკვლელობა რუსეთს აწყობდა. მისი თქმით, კარეევი რომელიც 2022 წლის 5 მარტს კიევში მოკლეს, იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (სამხედრო დაზვერვის) შტატიანი თანამშრომელი და მოლაპარაკებებზე ამ უწყების დავალება უნდა შეესრულებინა. მან ამის შესახებ განცხადება რადიო "თავისუფლების“ უკრაინულ ბიუროსთან ინტერვიუში გააკეთა.

ბუდანოვმა კირეევის საქმის ახალ დეტალებზე ილაპარაკა და ასევე კომენტარი გააკეთა კირეევის შესახებ Wall Street Journal-ის სტატიაზე, სათაურით: "რუსი ჯაშუში თუ უკრაინელი გმირი".

ამერიკული გამოცემა ბუდანოვზე დაყრდნობით წერს, რომ სწორედ კირეევის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაეხმარა უკრაინას, დროულად ეპასუხა კიევის მახლობლად მდებარე გოსტომელის აეროპორტზე რუსეთის თავდასხმაზე, რამაც რუსეთის არმიის მიერ უკრაინის დედაქალაქის აღებას შეუშალა ხელი.

Wall Street Journal-ის თანახმად, კირეევი 2010-იანი წლებში უკრაინელ ბიზნესმენებთან, ძმებ ანდრეი და სერგეი კლიუევებთან მუშაობდა, რომლებიც დაახლოებულები იყვნენ პრორუს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან. 2015 წელს შეერთებულმა შტატებმა ანდრეი კლიუევს სანქციები დაუწესა და დაადანაშაულა უკრაინაში დემოკრატიის შელახვის მცდელობაში.

ბუდანოვისვე თქმით, რუსეთის შემოჭრის დაწყებამდე, კირეევმა დაიწყო დავალებების უკრაინის დაზვერვისთვის შესრულება.

ხოლო 28 თებერვალს, ანუ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ, ის იყო უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი მონაწილე რუსეთთან მოლაპარაკებებში, რომელიც ბელორუსში გაიმართა. მას მარტის დასაწყისში მოლაპარაკების მეორე რაუნდში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ის მოკლეს.

  • "დაგვიანებული პროცესი“

ინტერვიუში ბუდანოვმა დაადასტურა, რომ კირეევი ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების მონაწილე იყო, რადგან ის პირადად იცნობდა რუსული დელეგაციის ორ წევრს. ამასთანავე, მისი ამოცანა იყო "პროცესის გაჭიანურება დროის მოსაგებად“.

კირეევის გარდაცვალებისთანავე, ზოგიერთმა უკრაინულმა მედიამ თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოკლა, როგორც მოღალატე, რომელიც მუშაობდა რუსეთის სპეცსამსახურებზე. თუმცა, მკვლელობის დღესვე თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კირეევი გარდაიცვალა სპეციალური დავალების დროს და შეაფასა ის, როგორც პროფესიონალი, საკუთარი საქმისა და უკრაინის ერთგული.

ბუდანოვის თქმით, კირეევი იყო თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს თანამშრომელი და "არ იყო ჯაშუში“.

ბუდანოვი ასევე მოყვა მკვლელობის გარემოებებსაც:

"ის გამოიძახეს და პირდაპირ ჩემი კაბინეტიდან წავიდა უკრაინის უშიშროების სამსახურში. უწყების შენობამდე დაახლოებით 200 მეტრში მას გზა გადაუჭრა მიკროავტობუსმა, როლიდანაც გადმოვიდნენ "ალფას" თანამშრომლები, ყვირილით, რომ ეს იყო უკრაინის უშიშროების სამსახური... კირეევმა თანმხლებებს უთხრა, რომ გაჩერებულიყვნენ და გადაჯდა მიკროავტობუსში, რომელიც უშიშროების სამსახურის ნაცვლად წავიდა რამდენიმე კვარტლის მოშორებით. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა...და მისი ცხედარი გადმოაგდეს მიკროავტობუსიდან".

  • ვის არ სურდა უკრაინის გამარჯვება?

"მას, ვინც ეს განზრახ ჩაიდინა, მიზნად ჰქონდა, რომ ჩვენ არ ჩავრეულიყავით სხვის თამაშში და არ გაგვეჭიანურებინა პროცესი, რათა არ მიგვეცა საშუალება ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის მტრისთვის წინააღმდეგობა გაეწია", - განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა.

ამასთანავე, მან თქვა, რომ "უპირველეს ყოვლისა, უკრაინული მხრიდან იყო ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც არ სურდათ უკრაინის გამარჯვება" და დასძინა, რომ ეს იყო "მისი პირადი მოსაზრება..." ბუდანოვს არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა სახელმწიფო უწყებებში სავარაუდო რუს აგენტებს.

უკრაინის უშიშროების სამსახურს ოფიციალურად არ გაუკეთებია კომენტარი კირეევის გარდაცვალებაზე, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. ასევე საკადრო ცვლილებები განხორციელდა გენერლებს შორის, ამასთანავე სახელმწიფოს ღალატის მუხლით 650 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ამ მკვლელობაზე Delfi-თან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმაც. მისი თქმით, ეს გამოწვეული იყო ომის პირველ დღეებში უსაფრთხოების ძალებს შორის კოორდინაციის ნაკლებობით.

კირილ ბუდანოვმა ამ განცხადების საპასუხოდ ბრძანა: "მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი, მაგრამ ბატონი მიხაილის მოსაზრებაზე კომენტარს არ გავაკეთებ“.

ბუდანოვმა ასევე განუცხადა "რადიო თავისუფლებას", რომ ის "კარგად იცნობს იმ ადამიანებს, რომლებმაც სიკვდილით დასაჯეს კირეევი" და რომ ბაკანოვს ამის შესახებ ესაუბრა. "ეს იყო ჩემი ბოლო საუბარი მასთან", - განაცხადა მან.

წყარო