ავტორი:

"კარგია, პრეზიდენტმა სათანადო განცხადება გააკეთა და აღიარა, რომ საქართველოს მეშვეობით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა" - კობახიძე

"კარგია, პრეზიდენტმა სათანადო განცხადება გააკეთა და აღიარა, რომ საქართველოს მეშვეობით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა" - კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისასალმებელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, რითაც პრეზიდენტი აღიარებს, რომ საქართველოს მეშვეობით სანქციებისთვის გვერდის ავლა არ ხდება.

კობახიძის თქმით, კარგია, რომ პრეზიდენტმა "სათანადო“ განცხადება გააკეთა.

"როდესაც დღის წესრიგში დგება მოთხოვნა, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ უპასუხოს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით ბრალდებებს, ამით ხაზი ესმება, თითქოს ბრალდებების რელევანტურობას, რაც არის ძალიან არასწორი.ჩვენ კიდევ ერთხელ შესაბამისი ფაქტების გასაჯაროება დაგვჭირდა. კარგია, რომ პრეზიდენტმა სათანადო განცხადება გააკეთა ახლა უკვე ამ თემასთან დაკავშირებით და აღიარა ის, რომ საქართველოს მეშვეობით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა. ეს განცხადება შესაბამისად არის ჩვენთვის მისასალმებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ”.

განცხადების თანახმად, ამჯერად, საქმე ეხება სანქციების გვერდის ავლის თემას.

ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს.

"მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.

დღევანდელ მოცემულებაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული”,- აღნიშნავს პრეზიდენტის ადმინისტაცია განცხადებაში.