"შვედეთი არ უნდა მოელოდეს, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს მის ნატო-ში გაწევრების განაცხადს", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის განცხადება რამდენიმე დღის წინ სტოკჰოლმში საპროტესტო აქციაზე ყურანის დაწვას მოჰყვა.
ცნობისთვის, სტოკჰოლმში აქციები შაბათ-კვირას გაიმართა, აქციები მიმართული იყო ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრების საწინააღმდეგოდ.
პარალელურად კი ულტრა მემარჯვენე ჯგუფმა აქცია-პერფორმანსი გაიმართა თურქეთის საელჩოსთანაც, სადაც ყურანი დაწვეს. ამან კიდევ უფრო მეტად გააღრმავა დაძაბულობა თურქეთთან, რომლის მხარდაჭერაც შვედეთს ალიანსში გაწევრებისთვის ესაჭიროება.
ცნობისთვის, პროტესტის ამგვარი ფორმა შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს. "შვედეთში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შვედეთის მთავრობა, ან მე მხარს ვუჭერთ ყოველივეს“, - აცხადებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომი.