ავტორი:

"კასიანოვის განცხადება სამარცხვინოა - იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ, უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან, თუ "ბუკებს" გავაგზავნიდით უკრაინაში" - კობახიძე

"კასიანოვის განცხადება სამარცხვინოა - იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ, უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან, თუ "ბუკებს" გავაგზავნიდით უკრაინაში" - კობახიძე

ანდრეი კასიანოვის დღევანდელი განცხადება არის სამარცხვინო სპეკულაციური განცხადება, - ასე შეაფასა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის, განცხადება, სადაც ის საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, კასიანოვს საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, თუ საქართველო უკრაინაში "ბუკებს" გაგზავნიდა.

"კასიანოვისგან ასეთ არარელევანტურ განცხადებებს ჩვენ მიჩვეული ვართ. ეს არის სამწუხარო მოვლენა. მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ, უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ "ბუკებს" გავაგზავნიდით უკრაინაში. ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. სწორედ, კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ ომში ჩართვისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ კასიანოვის განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, რაც ძალიან მძიმე იყო და ეს ამ რიტორიკის გაგრძელებაა.

ყველამ იცის, რომ ფრენების აღდგენას არავითარი კავშირი არ აქვს რუსების მოზღვავებასთან საქართველოში. ამასთან დაკავშირებით უკვე სამი სპეკულაციური კამპანია გამოვიარეთ - ერთი იყო მარტში, მეორე იყო ზაფხულის სეზონზე და მესამე იყო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სამივე იყო ცარიელი სპეკულაცია. არავითარი რისკები არ შექმნილა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, არც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების უსაფრთხოებისთვის. ეს ყველაფერი იყო ცარიელი სპეკულაცია, სამარცხვინო სპეკულაცია. კასიანოვის დღევანდელი განცხადება არის სამარცხვინო სპეკულაციური განცხადება.

ცალმხრივად არის შეწყვეტილი ფრენები რუსეთის მხრიდან, ეს იყო მათი მხრიდან დაწესებული სანქცია და თუ ეს სანქცია გაუქმდება რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს მათი გადაწყვეტილებაა და ჩვენ ამაზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ერთადერთი რაც შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილება იქნება შეღავათი მილიონამდე ქართველისთვის, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, „თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში.