ავტორი:

AI Book - წიგნების ახალი სერია BTU-ში

AI Book - წიგნების ახალი სერია BTU-ში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში AI Book სერიების გამოცემა იწყება. პროექტი სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების ჩართულობით, აგრეთვე მთარგმნელების, რედაქტორების, კორექტორთა ჯგუფის მუშაობის შედეგად გენერირებული AI წიგნების ქართულენოვანი ვერსიების დამუშავებას და გამოცემასაც გულისხმობს.

სერიის ფარგლებში მომზადებული პირველი წიგნია AI Marketing: The Future of Customer Engagement. მისი პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, შექმნილი წიგნები სისტემატურად განახლდება და უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ბაზაში განთავსდება. მასზე ღია წვდომა ექნება როგორც BTU-ს აკადემიურ პერსონალს, ისე სტუდენტებს, უნივერსიტეტის სხვადასხვა პროექტის ბენეფიციარებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

AI Book სერიების გამოყენება შესაძლებელია როგორც უახლესი ინფორმაციის მიღების დამხმარე წყარო, ექსპერიმენტული კვლევების ან სხვა მასშტაბური პროექტების წარმოებისთვის. სერია მნიშვნელოვნად დაეხმარება სტარტაპებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს, რომელთაც არ გააჩნიათ უცხო ენის მაღალი კომპეტენცია ან არ აქვთ დრო და სხვა რესურსი მოცულობითი წყაროების დამუშავებისა და შემდგომი ანალიზისთვის.

ზოგადად ტექნოლოგიური ლიტერატურის გამოცემა მარტივი არაა. ტექნოლოგიების სწრაფად ცვალებად გარემოში, სფეროს შესახებ გამოცემული ლიტერატურა ხშირად საჭიროებს განახლებას. ახალი გამოცემების თარგმნა და ქართულენოვანი წიგნების ფართო აუდიტორიისთვის შეთავაზება კი დიდი გამოწვევაა. მას დიდი დრო და სხვა ტიპის რესურსი სჭირდება.

ამ ვითარებაში კი ხელოვნური ინტელექტის რესურსის გამოყენებით, სხვადასხვა ღია წყაროების დახმარებით, სასურველი ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების ახალი ეპოქა იწყება. იცვლება და ვითარდება აღნიშნული ღია პლატფორმების აკურატულობის ხარისხიც, რომელიც გარდამტეხ როლს შეასრულებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ წიგნები სრულად გენერირდება ხელოვნური ინტელექტის მიერ. სამუშაო ჯგუფი კი მისი აკურატულობის, გამოყენების არეალისა და სხვა საკითხების გარშემო იმუშავებს.

NS