ავტორი:

"მეორე ზაზა ალექსიძე საქართველოს შეიძლება საუკუნე აღარ ჰყავდეს" - დიდი ქართველი მეცნიერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

"მეორე ზაზა ალექსიძე საქართველოს შეიძლება საუკუნე აღარ ჰყავდეს" - დიდი ქართველი მეცნიერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

87 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე. ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე და ტექსტოლოგი, ქრისტიანული კავკასიის ისტორიის, კულტურისა და რელიგიის მკვლევარი, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ხოლო ბოლო დრომდე ამ ცენტრის სომხური და აღმოსავლური ხელნაწერების განყოფილებას. იყო 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი, არაერთი ჯილდოს მფლობელი. მათ შორის აღსანიშნავია საერთაშორისო ასოციაცია "ფრანგული რენესანსის“ ოქროს მედალი.

ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაავრცელა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის და აღმოსავლეთმცოდნის, ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო. ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის ამ მასშტაბის მეცნიერის დაკარგვა დიდი დანაკლისია. თანავუგრძნობ ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე დიდი მეცნიერის თაობაზე წერს:

"გავიგე ბატონი ზაზა ალექსიძის გარდაცვალება! გავიგე და გადავათვარიელე გამოხმაურებები მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ არ არის ადეკვატური არცერთი! კი, წერია, რომ გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე, არმენოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ხელნაწერთა ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი.

არა, ეს ყველაფერი არ ასახავს ამ კაცის მიღწევებს. საქართველოს არ ყოლია ამ მასშტაბის აღმოჩენის ჩამდენი, რაც ბატონ ზაზას არგუნა ღმერთმა. ის კავკასიის ისტორიაში არის იგივე, რაც ეგვიპტოლოგიაში ხოვარდ კარტერი - ტუტანჰამონის აღმომჩენი. ბატონმა ზაზამ დაასრულა 1937 წელს ილია აბულაძის მიერ აღმოჩენილი ალბანური ანბანის საიდუმლო და აღმოაჩინა ალბანური ტექსტი! დაამტკიცა აბულაძის ვარაუდი უდინური ენის და ალბანური ენის ერთობისა!

ბატონი ზაზა იყო კავკასიის მასშტაბში პირველი ენათმეცნიერი. ის იყო სიამაყე ქართული ფილოლოგიური მეცნიერებისა! ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე გავიცანი გერმანელი მეცნიერი, რომელიც ბატონი ზაზას ნაშრომებს იცნობდა და პირდაპირ მითხრა: უდიდესი მეცნიერიაო!

დღეს ბატონი ზაზას გარდაცვალება რომ გავიგე, მასზე მეტად შემეცოდა დღევანდელი მეცნიერებათა აკადემია, დღევანდელი ქართული სამეცნიერო საზოგადოება, უნდა ვაღიაროთ: მეორე ზაზა ალექსიძე საქართველოს შეიძლება საუკუნე აღარ ჰყავდეს ! გვეყოლება კი?"