ავტორი:

"ვაშაძეს "ჩინურ მიშასაც" ვეძახდით... ხაბეიშვილი ვინ იყო, ისიც არ ვიცოდი, გამეგო, რომ ვაშაძის ადიუტანტი იყო" - ჩერგოლეიშვილი ხაბეიშვილის ბრალდებას პასუხობს

"ვაშაძეს "ჩინურ მიშასაც" ვეძახდით... ხაბეიშვილი ვინ იყო, ისიც არ ვიცოდი, გამეგო, რომ ვაშაძის ადიუტანტი იყო" -  ჩერგოლეიშვილი ხაბეიშვილის ბრალდებას პასუხობს

"ახლა რაც აჩვენეთ თქვენ, 2016 წელია, როცა მე პარტიაში არ ვიყავი ექვსი თვე იმის გამო, რომ ჩერგოლეიშვილი და ბოკერია ართმევდნენ მიშა სააკაშვილს პარტიას", - ასე უპასუხა ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა "TV პირველის" წამყვანს, ინგა გრიგოლიას, რომელმაც გადაცემაში 2016 წლის ვიდეო აჩვენა, სადაც ლევან ხაბეიშვილი ენმ-სა და დავით კეზერაშვილზე ლაპარაკობს. მისი თქმით, გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ გუნდში სწორედ იმ მიზეზით გადავიდა, რომ "ბოკერია ახევდა მიშას პარტიას".

ხაბეიშვილს თამარ ჩერგოლეიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ უპასუხა და 2016 წელს "ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ილაპარაკა. მისი თქმით, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს დამარცხდა და ერთ წელში მიხეილ სააკაშვილიც ქვეყნიდან გაიქცა, პარტიაში დემოკრატიული რეფორმების გატარება გიგა ბოკერიამ სცადა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა გარკვეულწილად ეჭვიანობა დაიწყო და მას გიორგი ვაშაძე დაუპირისპირა. "ვაშაძეს ჩინურ მიშასაც ვეძახდით“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ვაშაძეს მიშამ გაუჩინა განცდა, რომ პარტიაში რაღაცის მიღწევა შეეძლო და ამაში ბოკერია უშლიდა ხელს.

"მე და მიშა ბევრს ვჩხუბობდით, მისი პრეზიდენტობისასაც და მერეც. გაბუტვის მერე რაღაცნაირად დალაგდებოდა ხოლმე ჩვენი ურთიერთობა... ასე ნაჩხუბრები ვიყავით მაშინაც, მოდიოდა 2016 წლის არჩევნები, ზაფხულის დასაწყისი იყო და მე და მიშა ისევ არ ვლაპარაკობდით, მაგრამ გაიგიჟა თავი, - მინდა, კიევში ჩამოხვიდეო... ავდექი და წავედი. კიევში უნდა გადაწყვეტილიყო, ვინ იქნებოდა საარჩევნო შტაბის უფროსი და ისიც, რა პრინციპით შედგებოდა სია. გიგაც იყო ჩემთან ერთად, ასევე იყო ახალაიას ფრთა, მელიაც იყო, ვაშაძეც... ხაბეიშვილი იქ არ ყოფილა, მაშინ ვინ იყო, ისიც არ ვიცოდი კარგად, გამეგო, რომ ვაშაძის ადიუტანტი იყო... ჩემ სიცოცხლეში მასთან არ მილაპარაკია.

მელიამ პირველად ნახა მიშას და გიგას დაპირისპირება, ამით იყო აღფრთოვანებული... მიშა ვნახე, მას უნდოდა, რომ მისი ჩამოსვლა ქცეულიყო იმ იდეად, რაც ხალხს დარაზმავდა ივანიშვილის წინააღმდეგ, ამაზე გვაწვებოდა გაქცევის მერეც... ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით. არ უნდოდა იმ რეალობის მიღება, რომ ხალხს მიშას ჩამოსვლა არ კრავდა... მას ვუხსნიდი და ვეუბნებოდი, - სხვა გზა უნდა ნახო, თუ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება გინდა-მეთქი. მეორე დღეს უნდა ყოფილიყო შეხვედრა, რომელზეც შტაბის უფროსის საკითხი გადაწყდებოდა. არ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ მიშამაც დამირეკა და სხვებმაც მითხრეს და წავედი. გიგას მიშა მაჭავარიანი უნდოდა შტაბის უფროსად, მიშა დაპირებული იყო ვაშაძისთვის, რომ ათეულშიც ჩასვამდა და შტაბის უფროსობასაც ჩააბარებდა, თუმცა შეხვედრაზე გიგას უთხრა, - არც შენი და არც ჩემიო და შტაბის უფროსი გახდა ნიკა მელია... თან ვაშაძე, მიშას გადაწყვეტილებით, სიის პირველ ათეულშიც ვერ მოხვდა. იმ შეხვედრაზე ვაშაძე ძაან დაიცინა, შთაბეჭდილება დარჩა, რომ რადგან ის მე მიპირისპირდებოდა, ამის გამო გადაწყვიტა მიშამ ჩემს წინ "გაექრო"... საერთოდაც, ამიტომ დამიძახა და დატოვა ასე ყურებჩამოყრილი...

აი, ამის მერე წავიდა ვაშაძე და გაჰყვა მას ხაბეიშვილიც... მხოლოდ იმიტომ, რომ მიშამ გადააგდო ვაშაძე. ტყუილია, რომ ვინმე მიშას პარტიას ახევდა, მიშასთან კამათი იყო იმაზე, რომ პარტია დემოკრატიულად უნდა განვითარებულიყო და არა მესიანისტურად..."

იხილეთ ასევე: