ავტორი:

რუსები პრიგოჟინის "ვაგნერების" წინააღმდეგ - "პუტინის მზარეულის" ომში წაყვანილ პატიმრებსაც ვერ აკონტროლებს: "მკვლელებმა საპატიმრო დატოვეს და სამხედრო ნაწილიდან გაიპარნენ"

რუსები პრიგოჟინის "ვაგნერების" წინააღმდეგ - "პუტინის მზარეულის" ომში წაყვანილ პატიმრებსაც ვერ აკონტროლებს: "მკვლელებმა საპატიმრო დატოვეს და სამხედრო ნაწილიდან გაიპარნენ"

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც "ვაგნერს" არათუ მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვს, ძალზე დიდი დანაკარგებზეა ლაპარაკი...

ბოლო ხანებში სამთავრობო მედიაშიც გამოჩნდა პრიგოჟინის სტატიები, სადაც პრიგოჟინი და მისი სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერი" უარყოფოთ კონტექსტშია მოხსენიებული.

vedomosti.ru-ს ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სახელმწიფო მდივანს ვიაჩესლავ ვოლოდინს მიმართა თხოვნით, შეწყდეს "ვაგნერის" მოხალისეების დისკრედიტაცია. მისი პრესსამსახურის ცნობით, მთელი ქვეყანა ამაყობს თავისი დამცველებით, თუმცა არიან ისეთები, ვინც მასობრივი ინფორმაციის მიღმაა.

"არიან, ბლოგერები და "ტელეგრამის" მომხმარებლები, ვინც მოხალისეების დისკრედიტაციას ღიად ახორციელებენ. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ისინი საზოგადოების კონსოლიდაციას საფრთხეს უქმნიან" - წერს პრიგოჟინის პრესსამსახურის თანამშრომელი.

მისი თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც ვაგნერები თავიანი სიცოცხლით ყოველდღე რისკავენ და სამშობლოსთვის იხოცებიან...

რუსი ბლოგერის ოლგა რომანოვას ცნობით, სტატისტიკის თანახმად, 50 ათასი პატიმრიდან, რომელიც "ვაგნერის" ხელმძღვანელობამ გადაიბირა და პირდაპირ ფრონტის ხაზზე გაუშვა, ცოცხალი გადარჩა 10 ათასი. მათგან ზოგი დაიღუპა, ნაწილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, ზოგიც დაიჭრა, ნაწილს კი, დეზერტირობის მუხლი ემუქრება...

რუსი ინტერნეტმომხმარებლების თქმით, კრემლის ადმინისტრაციაში უკვე საუბრობენ, რომ პრიგოჟინის მიერ შექმნილი სამხედრო დაჯგუფების მიმართ, მოლოდინი გადაჭარბებული აღმოჩნდა.

"ამბობენ, ასობით მათგანზე დეზერტირობის მუხლით ისევ აღიძრა საქმე, რადგან ომში წასვლაზე ჯერ თანხმობა განაცხადეს, საპატიმრო დატოვეს, შემდეგ კი სამხედრო ნაწილიდან გაიპარნენ. ანუ არავინ იცის, რამდენი ათასი მკვლელი და ბოროტმოქმედი დასეირნობს ქუჩებში თავისუფლად" - წერენ რუსი ინტერნეტმომხმარებლები.'

  • svoboda.org-ის ცნობით, ყოფილ პატიმრებს შორის არის, პეტერბურგელი დამნაშავე, ალექსანდრე ტუტინი, რომელსაც თავისუფლების 23 წლით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ "ვაგნერის" ინიციატივით ციხე დატოვა. მას ერთი ოჯახიდან ოთხი ადამიანის შეკვეთით მკვლელობა ედებოდა ბრალად. ბოლო ინფორმაციით, ტუტინი ამჟამად თურქეთში იმყოფება.

"მან თავდაპირველად თავისი ბიზნესპარტნიორი მოაკვლევინა, შემდეგ კი, მთელი ოჯახი დაახოცინა" - წერს გამოცემა.

ასეთი ცნობების ფონზე, პრიგოჟინი რუსეთის დუმას სთავაზობს, დაქირავებული მეომრების დისკრედიტაციაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ეს შეეხებათ, ბრალდებულებს, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ, მაგრამ ახლა ისინი გადაიბირეს და ვაგნერების დაჯგუფებაში ირიცხებიან.

"ეს ნიშნავს, რომ ძარცვა და მკვლელობა შეიძლება, ისინი ახლა ვადაზე ადრე ტოვებენ საპატიმროებს, მაგრამ ახლა მათ მიერ ფრონტის ხაზზე ჩადენილ სისასტიკეებზე, იქ არსებულ პრობლემებზე საუბარი არ შეიძლება?! სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლებული ადამიანების გაკრიტიკება, მათი ახალი დანაშაულების მხილება, მას შემდეგ რაც ისინი თავისუფლებაზე გაუშვეს, სისხლის სამართლის დასჯადი უნდა გახდეს?!" - წერს რუსი ბლოგერი ანდრეი პივოვაროვი.

სხვების თქმით, ამდენი ათასი პატიმარი გაათავისუფლეს, იმ მიზეზით, რომ "ვაგნერებს" დახმარება სჭირდებოდათ, თუმცა პრიგოჟინის ტრაბახის მიუხედავად, ბახმუტში რუს სამხედროებს მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ.

radiotavisupleba.ge-ს ცნობით, ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შემქმნელის, ევგენი პრიგოჟინის ვარსკვლავმა, რამდენიმეთვიანი აშკარა აღმასვლის შემდეგ ჩასვენება დაიწყო, რადგან ვერ შეასრულა საკუთარი ძალებით უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღების პირობა.