ავტორი:

გარდაიცვალა უმშვენიერესი ნინო კირვალიძე - "სუხიშვილების" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოცეკვავის ამბავი, რომელიც მსოფლიო ლეგენდებს ხიბლავდა

გარდაიცვალა უმშვენიერესი ნინო კირვალიძე - "სუხიშვილების" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოცეკვავის ამბავი, რომელიც მსოფლიო ლეგენდებს ხიბლავდა

ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" ძველი თაობის ერთ-ერთი პოპულარული სახე ნინო კირვალიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ანსამბლის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, “სუხიშვილების” გამორჩეული მოცეკვავის, უმშვენიერესი ნინო კირვალიძის გარდაცვალების გამო. საქართველოს სახალხო არტისტი, ნინო კირვალიძე ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე 1958-1985 წლებში გახლდათ.

მის მიერ შესრულებული ცეკვები (“სამაია”, დავლური”..) კიდევ მრავალი წელი გვემახსოვრება და დარჩება ქართული ცეკვის ისტორიას" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნინო კირვალიძე 1960-იან წლებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და თითქმის ყველა ცნობილი ჟურნალის ყდაზე იყო. AMBEBI.GE-ს არქივში ინახება ინტერვიუ, სადაც ცნობილი მოცეკვავე ნინო რამიშვილთან პირველ შეხვედრას იხსენებს.

"ნინო რამიშვილს საოცარი სილამაზის თვალი ჰქონდა. ახლაც მახსოვს, როგორ გამოიყურებოდა, პირველად რომ შევხვდი - პატარა შავი ქუდი ეხურა, წინ ვუალით. მოხვედი ჩემთანო - მკითხა. მე ვერც წარმოვიდგენდი, ანსამბლში რომ მოვხვდებოდი, იქ ფერიები ცეკვავდნენ და მე ვინ მიმიღებსთქო, ჩემთვის გავიფიქრე. ორ დღეში დამიბარა, რომ მივედი, უკვე ილიკოსთან ერთად შემხვდა, ილიკომ შუბლზე მაკოცა და ნინოს უთხრა - დააყენე ანსამბლთან ერთადო. ისეთი მოულოდნელი იყო, რომ სარეპეტიციო ფორმა არ მქონდა თან, ერთ-ერთი მოცეკვავის "იუბკა" მომცეს და ერთ კვირაში მთელი პროგრამა ავითვისე, ქალი გაგიჟდა! ძველ გოგოებში ასაკით ყველაზე პატარა ვიყავი. რამდენიმე თვეში სამაიაში ჩამაყენეს. სამაიას მოჰყვა სოლოები ქართული სადარბაზო, ხონგა და ა.შ.." - ამბობდა ნინო კირვალიძე.

ნინო კირვალიძით თავის დროზე ძალიან მოიხიბლა ლეგენდარული ჯორჯ ბალანჩინი და ერთ-ერთი გასტროლის დროს, მასთან ფოტოც კი მოითხოვა

1969 წელს გერმანიაში სუხიშვილების და ჯორჯ ბალანჩინის გასტროლი ერთმანეთს დაემთხვა. ჩვენს კონცერტს დაესწრო მიუნხენში, შემდეგ დიდი ბანკეტი გაიმართა. ბალანჩინმა მაშინ ქალბატონ ნინო რამიშვილს უთხრა: "ჩემი ბალეტი ხომ კლასიკაა, მაგრამ, ჩვენს ნაციონალურ ცეკვებს, ჩვენი გოგონები რომ ცეკვავენ, ეს თანდაყოლილი აქვს ჩემს ჯიშს და ჯილაგს". ბალანჩინი ძალიან სიმპათიური იყო. მერე ნინოს უთხრა ჩემზე, შეიძლება ამ გოგოსთან ერთად სურათი გადავიღოო და წელზე მომხვია ხელი. ეს ფოტო მაშინდელია.

მთავარი ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ნახეთ ასევე: