ავტორი:

"ამ ტრაგედიის გამო გიორგიც სინანულშია... მასზე უთქვამთ, მაჟორიტარის შვილიაო, ესეც ტყუილია და ისიც, რომ დრიფტაობდა" - რას ამბობს ავარიის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი?

"ამ ტრაგედიის გამო გიორგიც სინანულშია... მასზე უთქვამთ, მაჟორიტარის შვილიაო, ესეც ტყუილია და ისიც, რომ დრიფტაობდა" - რას ამბობს  ავარიის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი?

22 იანვარს თბილისში, ლილოში მომხდარ ავარიას 17 წლის მარიამ ბადალაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე მძიმეა მარიამის სამი მეგობრის მდგომარეობა, რომლებიც, ასევე, ამ ავარიის დროს დაშავდნენ.

ცნობილია, რომ გოგონები გზაზე გადადიოდნენ, როცა დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა მათ შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის საჭესთან 18 წლის ბიჭი იჯდა და დრიფტაობდა (ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება), რა დროსაც მანქანა ქვეითად მოსიარულე გოგონებს დაეჯახა. სამწუხაროდ, მარიამი ადგილზე დაიღუპა.

აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე შსს-მ 18 წლის გიორგი კ. იმავე ღამეს დააკავა. გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ სოციალურ ქსელში მომხდარ ფაქტზე ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა, თითქოს მარიამი თავად დრიფტაობდა. ასევე ითხოვენ, 18 წლის ბიჭის დასჯას და იმედი აქვთ, რომ საქმე არ ჩაიფარცხება. საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

AMBEBI.GE ესაუბრა საქმეზე დაკავებულის ადვოკატს ზურაბ ბელთაძეს:

- ძალიან ტრაგიკული სიტუაციაა, ვერ წარმოიდგენთ, აქ რა ხდება. გარდაცვლილია 18 წლის გოგო... თვითონ სამი შვილის მამა ვარ და ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ საშინელებისგან. გიორგიც 18 წლისაა, ისიც თავდახრილი, მუხლდაჩოქილი და სინანულშია, იქეთ მისი ოჯახი ორმაგად გამწარებული. ოჯახი მზადაა ნებისმიერი ზარალი აანაზღაუროს, ყველაფერში გვერდით დაუდგეს და თანაუგრძნოს გარდაცვლილის ოჯახს. უბრალოდ, ახლა ეს ფიზიკურად ვერ ხერხდება, ჭირისუფალთან დალაპარაკება ამ ეტაპზე არაგონივრული გვგონია და გამაღიზიანებელი. რა სისულელეა, ვინ აბრალებს გოგონას რამეს? ისიც უთქვამთ, რომ გიორგი მაჟორიტარის შვილია და მფარველობენო. საიდან მოაქვთ ასეთი დეზინფორმაციები, არ მიყვარს გამოსვლა და პირდაპირ ეთერებში საუბარი და იძულებულს ნუ გამხდიან, ასე მოვიქცე.

ეს ბავშვი სტუდენტია და ჩვეულებრივი ოჯახის შვილი, მამამისი ვენტილაციებს ამონტაჟებს. გიორგი არსად გაქცეულა, შემთხვევის ადგილზე დახვდა საპატრულო პოლიციასაც და სასწრაფო დახმარებასაც, პოლიციას თვითონ უთხრა, მე ვარ მძღოლიო. გაიქცა კი არა, პირიქით, დახმარებაც სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თუ ვინმეს აინტერესებს, ამის ამსახველი ფოტოებიც არსებობს. საბუთი მაქვს ყველაფრის, რომ გიორგი სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში იყო - არც ალკოჰოლის და არც ნარკოტიკული თრობის ქვეშ არ ყოფილა, მსგავსი არაფერი. მისი ოჯახი უფრო მეტად გოგონას გარდაცვალებას გლოვობს, ვიდრე თავიანთი შვილის პატიმრობას. გიორგი არც დრიფტაობდა, იქ არც არის ამის ადგილი, ფიზიკურად ვერ იდრიფტავებ.

ისინი დრიფტის საყურებლად იყვნენ მისული, როცა გამობრუნდნენ და გზაზე ქვემოთ დაეშვა, ეტყობა საჭე აუთამაშდა და ამან გამოიწვია მანქანის მოცურება, რის შემდეგაც მოხდა შეჯახება. ბოლო-ბოლო იქ კამერებია და გამოქვეყნდება, რა და როგორ მოხდა. მის გვერდით კიდევ ერთი ადამიანი იჯდა. ვის ვაბრალებთ, რას ვაბრალებთ, მთელი აქეთა მხარე თავჩაქინდრულები, ჩოქვაში ვართ, აქ კატასტროფა ტრიალებს, როგორი ამბავია, ამხელა ტვირთი აეკიდა ბავშვს.

გოგონები რეანიმაციაში არიან, მათთან დაიწყო მკურნალობის ხარჯების დაფარვა, ოჯახი ყველაფრისთვის მზად არის, არავინ არაფერზე დავობს და უკან არ დაიხევს. არ მგონია, ახლა სამძიმარზე მიჭრა გამართლებული და გონივრული იყოს, თავიდან რომ ავიცილოთ კონფლიქტის პროვოცირება, თორე ყველანაირად ყველაფრისთვის მზად ვართ - სამძიმრისთვის, ჭირისუფლობისთვის, მატერიალური ზიანის თუ სხვა ზარალის ანაზღაურებისთვის. გიორგის დღეს გაუფრთხილებლობითი დანაშაულისთვის წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს აღმკვეთ ღონისძიებად. მას საკმაოდ მძიმე მუხლი აქვს წაყენებული, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მსგავსი უბედურება ხომ ყველას შეიძლება შეემთხვას?!...