პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 25 წლის ახალგაზრდა ბებიის მკვლელობის დაკვეთის გამო დააკავეს.
ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების, ასევე, ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ა.ს. დააკავა. ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, თანხა, რომელიც შვილიშვილმა მდიდარი ბებიის მოსაკლავად დაქირავებულ ქილერს გადაუხადა, სავარაუდოდ, ბებიასვე გამოართვა. 70 ათასი ლარი 26 წლის კაცმა ოჯახის წევრს რამდენიმე დღის წინ სთხოვა.
მიზეზი, რის გამოც კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა ოჯახის წევრი მოსაკლავად გაიმეტა, დიდძალი ქონებაა. სავარაუდოდ, გამზრდელი ბებიის განეიტრალების შემდეგ, ახალგაზრდა კაცი იმ უნივერსიტეტის მისაკუთრებას ეცდებოდა, რომელიც 72 წლის ქალის საკუთრებაშია.
როგორც წყარო გვეუბნება, საუბარია დიდძალ ქონებაზე, რომელსაც ბებია შვილიშვილს მემკვიდრეობით არ უტოვებდა, მან კი ამ გზით სცადა მისი ხელში ჩაგდება. როგორც წყარო გვეუბნება, ბეწვზე გადარჩენილი თბილისის ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორი ვალენტინა საყვარელიძეა.
შვილიშვილი კი, რომელიც ბებიის მკვლელობის შეკვეთაშია ბრალდებული, ალექსანდრე საყვარელიძეა.