პროექტი "ქართული პროზის საგანძური" გრძელდება და ლიტერატურის მოყვარულებს კიდევ არაერთ საინტერესო ავტორთან მოგიწევთ შეხვედრა. ამჯერად მკითხველი გაეცნობა არქიტექტორის, მწერლის და სცენარისტის ვაჟა გიგაშვილის ერთ-ერთ ბოლო წლებში დაწერილ რომანს - "ერთი ვინმე ყაფლანიშვილი"...
"მედია პალიტრის" ყოველთვიურ ლიტერატურული გამოცემის "ლიტერატურული პალიტრის" პირველივე ნომერში ამ ავტორის ორი მოთხრობა დაიბეჭდა. სამი წლის წინ "ერთი ვინმე ყაფლანიშვილიც" მოხვდა ამ ჟურნალის ფურცლებზე. იქ ამ ნაწარმოებზე თავად ავტორი ასე საუბრობდა: "ეს ერთგვარად განსხვავებული ნაწარმოებია მთელი ჩემი პროზისგან. თუ რაშია განსხვავება, ამის ახსნისგან მინდა თავი შევიკავო, რადგან მოკლე შინაარსის მოთხრობა გამოვა და თავად მკითხველს შეუშლის ხელს წაკითხვაში. იმას კი გეტყვით, რომ ქვემოთ მოთხრობილი ისტორია გამოძახილია და თითქოს ერთგვარი გაგრძელებაცაა საუკუნის წინანდელი ამბის, რომელიც დაგვიტოვა ლეგენდარულმა მოამბემ მიხეილ ჯავახიშვილმა...
ლიტერატორების ოჯახში დაბადებული და გაზრდილი ვაჟა გიგაშვილი ბავშვობაში ხატვით იყო გატაცებული. ის დიდ დროს ატარებდა დემნა შენგელაიას გვერდით და მოსე თოიძეს ოჯახში. პირველის ბიბლიოთეკაში უიშვიათეს წიგნებს კითხულობდა, ხოლო მეორესთან ხატვაში მეცადინეობდა და უნიკალურ ალბომებს ეცნობოდა.
იმდენად კარგად ხატავდა, რომ ყველას ეგონა, სკოლის დამთავრების შემდეგ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდებოდა, მაგრამ მალე სხვა გატაცება გაუჩნდა - ნადირობა. სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად არ მოემზადა და მამას მეგობრის რჩევით, "გეპეის" არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ამ პროფესიამ ძალიან დააინტერესა. სადიპლომო თემად მთის სოფლის დაგეგმარება აირჩია და სამი ტიპური სახლის პროექტი შექმნა. მისმა დიპლომმა საკავშირო პრემია მიიღო...
ვაჟა გიგაშვილს საოცრად უყვარს ცხოველები. ძაღლი და კატა მის ოჯახში ყოველთვის იყო. ცხენით ჯირითი და მისი შეკაზმვა პატარაობისას ისწავლა. ამავე დროს, მას ბავშვობიდანვე საოცარი ინტერესი ჰქონდა ნადირობისადმი და ვინ იცის, რამდენი ღამე გაუთევია მთასა და ტყე-ღრეში კოცონთან... მისთვის ნადირობა მთელი ფილოსოფიაა და მიაჩნია, რომ არასოდეს უნდა ესროლო გაჩერებულ ნადირს. ეს ერთგვარი სპორტია, შეჯიბრი, ნადირი უნდა გარბოდეს და მას ყოველთვის უნდა ჰქონდეს გადარჩენის შანსი. ამ აზარტულ "საქმეს" მასზე გაცილებით უფროსმა კაცმა "ბელკამ" აზიარა. ის და მისი მეგობრები რამდენიმე დღით მიდიოდნენ სანადიროდ, ძირითადად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ვაჟა გიგაშვილი "ბელკას" მანამ არ მოეშვა, სანამ ამ უკანასკნელმა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვაჟა მორიგი ნადირობისას თან არ გაიყოლა.
სწორედ ნადირობის ამბებს წერდა თავის პირველ მოთხრობებში, რომელიც შემდეგ ჟურნალ "დილაში" იბეჭდებოდა. ამ ნაწერებს მოთხრობებს არ უწოდებს, ამბობს, რომ ჟურნალის რედაქტორის მაყვალა მრევლიშვილის მითითებით, უბრალოდ ცხოველებზე პატარ-პატარა ამბებს წერდა. წერამ ისე გაიტაცა, უკვე "სხვანაირი" მოთხრობების შექმნა დაიწყო. მათ მეგობრებს აკითხებდა. სწორედ იმ ხანად, 1957 წელს ჟურნალ "ცისკრის" გამოცემა დაიწყეს. ჟურნალს ვახტანგ ჭელიძე რედაქტორობდა. ითქვა, რომ ახალგაზრდული ლიტერატურული ჟურნალი იქნებოდა, სადაც პრიორიტეტი დამწყებ მწერლებს მიანიჭებოდათ. ამისათვის იყო განყოფილება "ჭაშნიკი" და გურამ რჩეულიშვილმა დაიჟინა, მოდი, ჩვენი მოთხრობები მივიტანოთო. ვაჟამ იცოდა, რომ რედაქციაში კომკავშირული თემა და მისი მხატვრული ილუსტრაციები აინტერესებდათ, მათ მოთხრობებს არავინ დაბეჭდავდა, მაგრამ გურამი "ნასტირნი" იყო, თავის ნაწერები მაინც წაიღო და მეგობარსაც მიატანინა. ახალგაზრდები კარგად მიიღეს, მერე კიდევ დაიბარეს და გურამის მოთხრობებიდან დასაბეჭდად აარჩიეს "სათაგური", "შემოდგომა ბაბუა კოტესი" და რამდენიმე სხვა, ანუ შედარებით უწყინარი მოთხრობები. ვაჟას "დღე და ჟამი" მქონდა მიტანილი.
ამ მოთხრობის მთავარი გმირი ამოვარდნილია კალაპოტიდან, ლოთობს, ძველ ბიჭებთან დაბორიალობს, ვიღაცებთან ნარდს თამაშობს, ვიღაცებს ცემს, საყვარელ ქალსაც შუა პაემანზე მიატოვებს. მოკლედ, ეს კაცი არანაირად არ ჯდებოდა "სამაგალითო კომკავშირელის" ჩარჩოებში. ჟურნალში პროზის განყოფილებას სათავეში გიორგი შატბერაშვილი ედგა. მან ვაჟა გიგაშვილს უთხრა, შენი მოთხრობა წავიკითხე, ძალიან მომეწონა, მაგარი დაწერილი გაქვს, მაგრამ ვერ დავბეჭდავთო. თუმცა იქვე დადებითი კუთხით უამრავ ისეთ დეტალს გაუსვა ხაზი, რაც ავტორს ძალიან ესიამოვნა და რომ არ ბეჭდავდნენ, სულ აღარ დასწყვეტია გული. მერე შატბერაშვილს უთქვამს, მოდი, ერთ წესიერ კომკავშირელ ბიჭზე მოთხრობა დაწერე და მოგვიტანეო. იმ წუთში ვაჟამ კი იფიქრა, რატომაც არაო, მაგრამ სახლში მისულს, აღარაფერი გამოუვიდა: "მე იმიტომ ვწერ, რომ ვისიამოვნო. ხელი ჩავიქნიე, ამის დედაც ვატირე, "ზაკაზებით" წერა რა ჯანდაბად მინდა-მეთქი! გიორგი შატბერაშვილმა ჩემი "ჩათრევა" მაინც სცადა. სულ მიბარებდა, რაღაცებს მავალებდა. მივლინება გამიკეთა სოჭთან ახლოს მთის სოფელში. ჩადი, ნახე, გაეცანი იქაურ ქართველებს და მერე დაწერეო. კი წავედი, მაგრამ იქაური სიტუაცია არ მომეწონა, დამეზარა და არაფერი გავაკეთე. მერე "ცისკარში" აღარც მივსულვარ. თუმცა ვწერდი. მერე სხვაგან დავბეჭდე და ამავე დროს წლების განმავლობაში არქიტექტურაში ვმუშაობდი"...
რომანი "ერთი ვინმე ყაფანიშვილი", რომელსაც ამჯერად "საგანძური" გაცნობთ, სულ ახლო წარსულში ეკრანზე უნდა გაცოცხლებულიყო. ეს თორმეტსერიიანი ფილმის სცენარი იყო, მაგრამ ფილმი ვერ დააფინანსეს და გადაღება ჩაიშალა. გარდა ამისა განხორციელებამდე ერთი ნაბიჯი აკლდა ვაჟა გიგაშვილის თერთმეტ სხვადასხვა პროექტს, მაგრამ ხან ტელევიზიას ხურავდნენ და ხან რეჟისორი გადასაღებ თანხას ვერ შოულობდა. მოკლედ, ეს სამწუხარო ფაქტები ერთმანეთს მიეწყო და ჯერჯერობით სასიკეთო პირი არ უჩანს.
გიგაშა, ასე მიმართავენ მას მეგობრები, წერის დროს შესაბამის განწყობას ელოდება. საერთოდ, ბევრს არასოდეს წერს, რადგან ფიქრობს, რომ ისედაც უამრავი მაკულატურაა ამ ქვეყნად და არ უნდა ამ ნაწერების გროვას თავისიც დაერთოს. თუმცა, რასაც წერს, ყოველთვის გემოვნებიანი და "ხარისხიანია". ვაჟა გიგაშვილი ის მწერალია, რომელიც ერთი წაკითხვით შეგაყვარებთ თავს...
ანა კალანდაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)