ავტორი:

7 წლის ბიჭის დედა ამბობს, რომ მის შვილზე ბიძის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტი არ სჯერა - შიდა ქართლში მომხდარი შემთხვევის დეტალები

7 წლის ბიჭის დედა ამბობს, რომ მის შვილზე ბიძის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტი არ სჯერა - შიდა ქართლში მომხდარი შემთხვევის დეტალები

შიდა ქართლში, ბიძას სპეციალური საჭიროების მქონე 7 წლის ბიჭის გაუპატიურებას ედავებიან. შემზარავ დანაშაულში ბრალდებული პირი პოლიციამ საკუთარი სახლიდან აიყვანა. სასამართლომ უკვე იმსჯელა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე და ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

"მთავარმა არხმა" გაარკვია მომხდარის დეტალები. მათი ინფორმაციით, ბავშვმა აღნიშნულ დანაშაულზე სკოლაში მასწავლებელს უამბო, ხოლო მასწავლებელმა აცნობა მანდატურს, ვისგანაც შეტყობინება პოლიციაში შევიდა.

არასრულწლოვანის დედას შვილის ნაამბობში ეჭვი ეპარება და თითს სკოლისკენ იშვერს.

"ჩემს შვილს აქამდე სკოლიდან მიგდებდნენ და ახლა რა გააკეთეს. ბავშვმა თქვაო და მე არ მჯერა, ვერც დავიჯერებ. მასწავლებელმა მანდატურს აცნობა და მანდატურმა პოლიციას" - ამბობს ბიჭუნას დედა.

მასწავლებლის თქმით, შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.

"ჩემთან სიტყვა არ დაუძრავს ბავშვს. მანდატურმა თქვა, მაშინვე მშობელი გამოვიძახეთ. ბავშვს ვერ დავეყრდენით. მერე როცა მშობელმა არც დაადასტურა და არც უარყო, ამიტომ პოლიციას ვაცნობეთ.. ეს ფაქტი 31-ში მოხდა. ეს დღეები ბავშვი სკოლაში არ დადის. ერთჯერადად მოხდა ფაქტიო. - აცხადებს მასწავლებელი.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ ითვალისწინებს.