ავტორი:

მრავალწლიანი მტრობის შემდეგ სომხეთი თურქეთს ეხმარება - ფაშინიანი ერდოღანს ესაუბრა და მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში სამაშველო ძალას გზავნის

მრავალწლიანი მტრობის შემდეგ სომხეთი თურქეთს ეხმარება - ფაშინიანი ერდოღანს ესაუბრა და მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში სამაშველო ძალას გზავნის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ფაშიანიანმა მიუსამძიმრა ერდოღანსა და თურქ ხალხს და თანადგომა გამოუცხადა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო.

მათივე ცნობით, ფაშინიანმა ყველა დაზარალებულს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და დასძინა, რომ სომხეთის რესპუბლიკის სამაშველო ძალები მიემართებიან თურქეთისკენ და მათი თვითმფრინავი ერევნის აეროპორტიდან კატასტროფის ზონაში გასაფრენად ემზადება.

თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა დიდად აფასებს სომხეთის მხარდაჭერას. მან ხაზი გაუსვა ამ ნაბიჯის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის დიალოგის შემდგომი გაღრმავების კონტექსტში.

ცნობისთვის, თურქეთსა და სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ.

თურქეთსა და სირიაში 6 თებერვლის გამთენიისას ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ორივე ქვეყანაში, მიწისძვრის შედეგად, მინიმუმ 8 294 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას 5 894 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი - 2 400.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.