ავტორი:

სერგეი ლავროვს მალის ეროვნული მეთაურის ორდენი გადასცეს - რის გამო "დააფასეს" მალელებმა რუსი დიპლომატი

სერგეი ლავროვს მალის ეროვნული მეთაურის ორდენი გადასცეს - რის გამო "დააფასეს" მალელებმა რუსი დიპლომატი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, მალიში ვიზიტის დროს, მალის ეროვნული მეთაურის ორდენი გადასცეს. ეს არის სახელმწიფო ჯილდო, რომელიც გაიცემა "ქვეყნის გამორჩეული მსახურებისთვის." საერთო ჯამში, მალიში ეროვნული ორდენის სამი ხარისხი არსებობს. ჯილდო, რომელიც ლავროვს გადასცეს, ხარისხით მესამეა.

  • როგორც მალის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულაიე დიოჰმა დაჯილდოების ცერემონიაზე თქვა, ლავროვის პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა მათ ქვეყანას თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების საშუალება მისცა.

მინისტრთა შეხვედრის დეტალები მედიისთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ 2021 წელს აფრიკული ქვეყნის ხელისუფლებამ დაიქირავა "ვაგნერი“, რაც იმით ახსნა, რომ ამ ორგანიზაციის მებრძოლებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში, რომლებიც დაკავშირებულნი არიან "ალ ქაიდასთან" და "ისლამურ სახელმწიფოსთან."

  • 2020 წელს მალიში სამხედრო გადატრიალება მოხდა, დააკავეს პრეზიდენტი, ხოლო პარლამენტი და მთავრობა დაითხოვეს. სამხედრო ხუნტა, რომელმაც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, თავს უწოდებს "ხალხის გადარჩენის ეროვნულ კომიტეტს."

2021 წლის დეკემბერში საფრანგეთმა, გერმანიამ და ათზე მეტმა ევროპულმა ქვეყანამ, ასევე კანადამ დაგმეს რუსი დაქირავებულების დისლოკაცია მალიში.

მათ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ "ვაგნერის" ყოფნამ მალიში შესაძლოა, კიდევ უფრო გააუარესოს ვითარება დასავლეთ აფრიკაში და გამოიწვიოს ადამიანის უფლებების კუთხით, ვითარების კიდევ უფრო გაუარესება.

2022 წლის აპრილში მალიში მყოფ რუს დაქირავებულებს არაერთი დანაშაული დაუკავშირდა, მათ შორის იქ მცხოვრები ადამიანების მოკვლა. 2023 წელს გაეროს ექსპერტებმა მოითხოვეს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება შესაძლო სამხედრო დანაშაულის შესახებ, რომელშიც შესაძლოა, რუსი დაქირავებულები იყვნენ ჩართულნი.