ავტორი:

ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება

ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი 20 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ განუცხადა. მისი თქმით, საქმეს ზუგდიდის რაიონული სასამართლო განიხილავს.

"სასამართლო პროცესი 20 თებერვალს იყო ჩანიშნული და გაგრძელდება ჩვეულებრივად. ჯერ არ შევხვედრივარ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. დღის მეორე ნახევარში ვგეგმავ მის ნახვას და მეტი დეტალი შეხვედრის დასრულების შემდეგ მეცოდინება. ახლა ის ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი“, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: