სომხეთმა თურქეთში მაშველები და ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თურქეთის პარლამენტის ეროვნებით სომეხი დეპუტატის, კარო პაილანის განცხადებით, სომხეთიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე თურქეთშია, ასევე იქ არიან სომეხი მაშველებიც, რომლებიც სამაშველო სამუშაოების შესრულებას უკვე შეუდგენენ.
სომხურია მედია წერს, რომ ფაშინიანმა სამძიმარი და მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტსა და ხალხს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო.
მან ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და დასძინა, რომ თვითმფრინავი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის სამაშველო ძალებს სტიქიის ზონაში გადაჰყავს, ერევნის “ზვარტნოცის” აეროპორტიდან უკვე აფრინდა...
"თურქეთის მთავრობა დიდად აფასებს სომხეთის მხარდაჭერას, ამ ნაბიჯს ორ ქვეყანას შორის დიალოგის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება" - ნათქვამია პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებაში.
სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ძალიან სწორ დიპლომატიურ და ადამიანურ ნაბიჯად მიიჩნევს ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი.
"ისინი მიდიან ადამიანების გადასარჩენად. ახლა მთავარი საკვანძო სიტყვაა - ადამიანი!" - წერს სოციალური ქსელის თავის გვერდზე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი არაიკ არუთინიანი.
მის ინიციატივას ადგილობრივებში დადებითი შეფასებები მოჰყვა. მათი თქმით, უკვე შექმნილია სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას მოაგროვებენ.
"თბილი ტანსაცმელი, შარფები, წინდები, ხელთათმანები, ქუდები, პლედები, მშრალი საკვები, თერმოსები, ბავშვთა საკვები, საფენები, ჰიგიენის ნივთები... ყველაფერი, რისი მოტანაც შეიძლება, კარგი იქნება, იყოს ახლები და გამოსადეგი, გთხოვთ, თავი მოუყაროთ და დანიშნულების ადგილას მოიტანოთ" - ამგვარი შინაარსის მიმართვებს ბოლო ორი დღის განმავლობაში ადგილობრივები სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ.
"ჩვენ როგორც შეგვიძლია ისე, ჩვენი ძალებით, რესურსებით, შესაძლებლობებით გვერდში უნდა დავუდგეთ ქვეყანას, სადაც ძლიერმა სტიქიამ უმძიმესი შედეგები მოიტანა... ნანგრევების ქვეშ ასობით ათასია მოყოლილი... ჩვენს ხალხს ეს გამოცდილი აქვს, სპიტაკის მიწისძვრის დროს, სომხეთი ძალიან დაზარალდა, ამიტომ ვიცით, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი სახის დახმარებას. ეს არ არის პათეტიკა, გვინდა ეს ჩვენ თუ არა, მაინც მეზობელი ქვეყნების ვართ და ახლა, ასეთ მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში, ჩვენი ადამიანური ვალია, მეზობელ ხალხს დავეხმაროთ. სხვა თუ არაფერი, ხვალ-ზეგ ერთმანეთის გვერდით უნდა ვიცხოვროთ" - წერს ანდრანიკი არიჯინიანი.
"პირველად დავფიქრდი, რატომ არ ავირჩიე მაშველის პროფესია, რადგან ამ ადამიანებს, თუ მაღალი კვალიფიკაცია აქვთ, შეუძლიათ დაეხმარონ ყველას, განურჩევლად რასის, ეროვნების, პოლიტიკური კუთვნილების, კანის ფერისა და რელიგიური მრწამსის მიუხედავად... ახლა არ არის იმაზე ფიქრის დრო, როგორ მოიქცეოდნენ ისინი, მსგავსი რამ ჩვენთან რომ მომხდარიყო - პირველ რიგში ადამიანები უნდა ვიყოთ და შემდეგ სხვა დანარჩენი. მეც მახსოვს 2020 წლის ამბები (ყარაბაღის ომი), წამით არ დამვიწყებია, მაგრამ ახლა ნეიტრალურები ვერ ვიქნებით. ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს, ბავშვებს, ქალებს არაფერი დაუშავებიათ და მათ ვერ მივატოვებთ, თუნდაც იმიტომ, რომ კაციჭამიები არ ვართ. აქ ჩვენს გვერდით ტრაგედია თუ ხდება, ჩვენც გვტკივა, ვიზიარებთ და დახმარება გვინდა. ეს უნდა ნახოს მსოფლიომ.
მადლობა ჩვენს ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილებისთვის. მათი დახმარება სულაც არ ნიშნავს, რომ მათი მშობლების თუ პოლიტიკოსების მადლიერები ვართ... ზოგადად კი, პოლიტიკური განხილვები, პოლიტიკოსების საქმეა, რომლებიც უმეტესად ანგრევენ ადამიანურ ურთიერთობებს" - მიაჩნია ანი სააკიანს.
"თითქმის ორი თვეა, არცახის (მთიანი ყარაბაღის რეგიონი) მოსახლეობა ბლოკადაშია, მოსახლეობას ელემენტარული პირობები არ აქვთ, აზერბაიჯანის დამსახურებით, რომლის უკანაც, ვიცით, ვინც დგას - თურქეთი. მიჭირს ამის თმა, რადგან იქ ჩემი ახლობლები ცხოვრობენ და ვიცი, რა დღეშიც არიან, მაგრამ ის, რაც ახლა თურქეთში ტრიალებს, ვერავის ტოვებს გულგრილს... ყველა წუთი მნიშვნელოვანია. ყველაფერს ვხედავ და ყველაფერი გვახსოვს, მაგრამ ერთი ადამიანის სიცოცხლე, ხომ მთელ მატერიალურ სამყაროზე მნიშვნელოვანია და ზოგჯერ ადამიანობა ყველანაირ წყენაზე მაღლა დგომას გვთხოვს. რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა გვჭირდება და არა წახალისებული, პროვოცირებული ომები. მშვიდობიანი და უსაფრთხო დაბრუნება ჩვენს ბიჭებს!" - წერს ერმინე გაზარიანი.