ავტორი:

"მამამ 2 წლის შვილზე იძალადა, რის შემდეგაც ბავშვმა სხეულზე დაზიანება და მოტეხილობები მიიღო" - პროკურატურა კახეთში მომხდარ უმძიმეს ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

"მამამ 2 წლის შვილზე იძალადა, რის შემდეგაც ბავშვმა სხეულზე დაზიანება და მოტეხილობები მიიღო" - პროკურატურა კახეთში მომხდარ უმძიმეს ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 თებერვალს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში ბრალდებულმა, ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ ორი წლის შვილზე იძალადა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობები მიიღო.

დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში 23 თებერვალს გადაიყვანა და მისი მკურნალობა ამ დრომდე მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ცნობისთვის, ორი წლის გოგონაზე ძალადობის ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს. მომხდარის შესახებ პოლიციას ბავშვის ბებიამ აცნობა, რომელიც ამტკიცებდა, რომ 2 წლის გოგონაზე დედა ძალადობდა.