ავტორი:

"ჩემი ოჯახისგან თავს ყოველთვის განსხვავებულად ვგრძნობდი... " - პრინცი ჰარის მორიგი გულახდილი ინტერვიუ

"ჩემი ოჯახისგან თავს ყოველთვის განსხვავებულად ვგრძნობდი... " - პრინცი ჰარის მორიგი გულახდილი ინტერვიუ

საზოგადოების ყურდაღების ცენტრში პრინც ჰარის მორიგი ინტერვიუ მოექცა, ის ამჯერად დოქტორ გაბორ მათეს ესაუბრა. გულახდილ ინტერვიუში სასექსის ჰერცოგმა ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, თერაპიასა და სამეფო ოჯახში აღზრდის ტრავმულ გამოცდილებაზე ილაპარაკა. ჰარის თქმით, ის თავისი ოჯახის წევრებისგან "თავს ყოველთვის განსხვავებულად გრძნობდა" და რომ მისი გარდაცვლილი დედაც, ზუსტად ასე იყო.

დოქტორი გაბორის და პრინცი ჰარის საუბრის თემა "დანაკარგთან ერთად ცხოვრება" იყო. საკუთარ მემუარებზე საუბრისას, ჰარიმ აღნიშნა, რომ თავის მსხვერპლად წარმოჩენა ან ხალხისგან თანაგრძნობის მიღება მისი მიზანი არ ყოფილა და რომ წიგნი "გასათავისუფლებლად" გამოსცა:

"თითქოს მხრებიდან უშველებელი ტვირთი მოვიხსენი," - აცხადებს პრინცი. ის სურვილს გამოთქვამს, რომ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბარს ტაბუს მოხსნის და მკითხველებიც უფრო თავისუფლად ისაუბრებენ ამ თემაზე. ჰარის ინტერვიუში არ უხსენებია, თუ როგორ შეხვდნენ მისი ოჯახის წევრები წიგნის გამოსვლას.

"ერთ-ერთი, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა თერაპიის დაწყებისას, ის იყო, რომ დედის მიმართ გრძნობები არ დამეკარგა. მიუხედავად ამისა, შევძელი დედაზე მოგონებების შენარჩუნება. მას, უბრალოდ, სურდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი."

ჰარი ინტერვიუს დროს ამბობს, რომ ოჯახის დანარჩენი წევრებისგან თავს ყოველთვის განსხვავებულად გრძნობდა და თითქოს საკუთარ ნაჭუჭში იყო გამოკეტილი, რომლიდან თავის დაღწევაშიც თერაპია დაეხმარა.

როგორც პრინცი ყვება, მას ბავშვობაში ჩახუტება და ოჯახური სითბო აკლდა, მაგრამ ახლა ცდილობს, ეს საკუთარ შვილებთან ურთიერთობაში გამოასწოროს.

"შვილებს უსაზღვრო სიყვარულით ვეპყრობი, რათა ჩემს თავზე გამოცდილი ტრავმები მათ არ გადავცე".

სასექსის ჰერცოგმა ინტერვიუში ისიც თქვა, რომ მისი მეუღლის, მეგანის უსაზღვროდ მადლიერია, რადგან მან ჰარის პერსპექტივა შეცვალა - მეგანს "განსაკუთრებული ადამიანი" უწოდა და ისიც დაამატა, რომ მეგანთან შეხვედრამ მას რასიზმის შესახებ გამოცდილებაც შესძინა, რაც მისთვის "შოკისმომგვრელი" აღმოჩნდა.

პრინცი ჰარი ინტერვიუში ნარკოტიკების მიღების შესახებაც არ მოერიდა ლაპარაკს და განაცხადა, რომ კოკაინის მიღებას მისთვის არაფერი მოუტანია კარგი, თუმცა აღიარა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები წარსულის ტკივილთან გამკლავებაში დაეხმარა.

როგორც ცნობილია, მემუარებში აღწერილ ამბებს პრინცი ჰარისა და სამეფო ოჯახის წევრებს შორის დაძაბულობა მოჰყვა. მასში პრინცი მასა და უილიამს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე, ასევე ნარკოტიკების მიღებასა და ავღანეთში სამსახურზე ღიად წერს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის შედეგად, ის და მეგანი მეფე ჩარლზმა დიდი ბრიტანეთის რეზიდენციიდან გააძევა. მიუხედავად ამისა, გავრცელებული ცნობით, მეფემ ისინი კორონაციის ცერემონიაზე მაინც დაპატიჟა, თუმცა დაესწრებიან თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: BBC

მოამზადა: ანა სიბოშვილმა