ხელოვანი ადამიანების წარმატება საკუთარი ნიჭის გარდა ბევრ გარემო ფაქტორზეა დამოკიდებული. ამაში დარწმუნდებით, როდესაც ნიჭიერი მხატვარ-კერამიკოსის გიორგი ალავიძის ამბავს წაიკითხავთ. ამჯერად სწორედ მის ისტორიას მოგიყვებით.
„გამოცდილი მხატვარ-კერამიკოსი ვარ. ეს საქმე უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე და მას შემდეგ, არ გავჩერებულვარ - მხატვართა კავშირის წევრი ვარ და უკვე 30 წელია კერამიკაზე ვმუშაობ. სხვადასხვა ქართული ბრენდისთვის, როგორიცაა „ასკანელი ძმები“, „დუგლაძე“ - საღვინე ჭურჭელს ვამზადებ. ჩვენი დამზადებული ჭურჭლით სასმელი ჩინეთში გადის. ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ბოლო წლებში, აქტიურად დავიწყე სასუვენირე მიმართულება, რასაც საქართველოს პოპულარულ ტურისტულ ადგილებში ნახავთ. მე და ჩემი მეუღლე, რომელიც ასევე, მხატვარია, ერთად ვმუშაობთ და ასამდე სახეობის პროდუქტს ვქმნით. ჩვენი შთაგონების წყარო ძველი, ფეოდალური პერიოდის მოჭიქული კერამიკაა, რომლის უმაღლესი ხარისხის რეპლიკებსაც ვქმნით,“ - ასე ახასიათებს საკუთარ თავსა და შემოქმედებას თავად გიორგი.
საქართველოში რთული პერიოდი რომ იყო, 25 წლის წინ გიორგი ალავიძე კაპადოკიაში მუშაობდა. 7 მხატვარი ერთად იყო წასული და ადგილობრივ ბაზარზე მუშაობდნენ, კაპადოკიის თემატიკით აკეთებდნენ სუვენირებს.
მოგვიანებით, როდესაც ტურიზმის განვითარება საქართველოშიც დაიწყო და ქვეყანაში როგორც ტურისტების რაოდენობამ, ისე ტურისტული სერვისების ხარისხმა იმატა, მხატვრები სამშობლოში დაბრუნდნენ.
გიორგიმ ვარკეთილში, საკუთარ სხვენში გააკეთა სახელოსნო და სუვენირებზე მუშაობა დაიწყო. საქმე რომ ააწყო დ უკვე ყველაფერი კარგად მიდიოდა, 6 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, სწორედ მაშინ დაიწყო პანდემია. ვეღარც უკვე ჩამოსხმული და გამზადებული პროდუქციის გაგზავნა შეძლო და ვეღარც მაღაზიებიდან იღებდა გაყიდული სუვენირების თანხას. მათი დიდი ნაწილი დაიკეტა კიდეც.
საქმე ძალიან ცუდად წავიდა და გიორგიმ იფიქრა, რომ კერამიკის ნაცვლად, შემოსავალი გრაფიკული ნამუშევრებიდან მიეღო. სვანეთის პეიზაჟების ხატვა დაიწყო, მაგრამ სარგებლის მიღება დიდად ვერც ამ გზით შეძლო.
„იმდენად რთული პერიოდი იყო, რომ პენსიონერი დედისა და სიდედრის იმედად დავრჩით მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მათთვის არასოდეს გამომირთმევია ფული. შემდეგ, გადამედო Covid-19, რომელიც ძალიან ცუდად გადავიტანე. ამას დაერთო ისიც, რომ ტრანსპორტირების პრობლემა შემექმნა - მანქანა გამიფუჭდა. სხვა გზა არ იყო - სესხი დამჭირდა, საქმე და მანქანა რომ ამემოძრავებინა, ჭურჭელში ღვინო ჩამესხა, მასალები მეყიდა... სასოწარკვეთაში ჩავვარდი. არც არავინ დაიჯერებდა, მე რომ ასე გამიჭირდებოდა. განსაკუთრებული თანხა არ იყო, მაგრამ მაინც მომერიდა ახლობლებისთვის თხოვნა და ბანკებს მივმართე. ყველამ უარით გამომისტუმრა, მათაც, ვისი კლიენტიც დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი - თქვენ არ მუშაობთ და გადახდისუნარიანი არ ხართო. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. შემდეგ, „ლიბერთის“ მივმართე. ძალიან კარგი კრედიტ ოფიცერი შემხვდა. ვისაუბრეთ, მოვიდნენ, ნახეს ჩვენი სახელოსნო, სამუშაო გარემო, დარწმუნდნენ, რომ ახლაც ვმუშაობ, ძალიან ყურადღებით მოეკიდნენ ჩემს საქმეს და დამთანხმდნენ კიდეც. იმ წამალივით იყო, ზუსტად მაშინ რომ მოგაწვდიან, როცა გჭირდება. ღმერთმა გაუმარჯოს ამ მხარდამჭერისთვის, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ურთიერთობით, დიდი ყურადღებით მომეკიდნენ,” - იხსენებს გიორგი ალავიძე.
მიღებული თანხა გიორგიმ საქმეში ჩადო და ისიც ნელ-ნელა გააქტიურდა. მხატვარ-კერამიკოსი რამდენიმე მიმართულებით საქმიანობს. გარკვეული პერიოდით სვანეთში წავიდა და ოჯახური სასტუმრო მოხატა. ასევე ქმნის სვანეთის პეიზაჟებსაც, რომლებიც უცხოელებს ძალიან მოსწონთ. თიხა და ყალიბებიც გაააქტიურა, ძველი დამკვეთებიც გამოჩნდნენ და შეკვეთების მიღებაც დაიწყო.
“კიდევ უამრავი გეგმა მაქვს, მაგალითად, საქართველოს რეგიონების მიხედვით პატარა ოდა სახლების მოდელების გაკეთება, რომელსაც პატარა სათავსოს ფუნქცია ექნება - ღვინისა და ქვევრის შესანახის. პატარა ეთნოგრაფიული სუვენირია და საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს მომხმარებლებში. ვგეგმავთ განვითარებას, ოჯახური ნაკვეთი გვაქვს ოქროყანაში, სადაც ვგეგმავთ სახელოსნოს ნაწილის გადატანას. პანდემიამ მიწასთან სიახლოვის სურვილი გამიძლიერა. ადგილზე, ღია ცის ქვეშ იქნება კერამიკაზე მუშაობა და საინტერესო სანახაობა. მთავარია, გადავრჩი, შევძელი ისევ საქმესთან დაბრუნება და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ,” - აღნიშნავს მხატვარ-კერამიკოსი.
გიორგი ალავიძის ისტორია მოტივაციით ავსებს ბევრ მის კოლეგას, ხელოვან თუ არახელოვან ადამიანს. მთავარია გჯეროდეთ, რომ გამოგივათ და თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად მოვა დრო, როდესაც იტყვით, სწორი ადამიანების გვერდში დგომით მე ეს შევძელი.
R