ავტორი:

ანეკდოტი, რომლის გამოც ახალგაზრდა კაცს რუსეთში 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება - ვასილ ბოლშაკოვს ხუმრობის გამო ანონიმურად უჩივლეს

ანეკდოტი, რომლის გამოც ახალგაზრდა კაცს რუსეთში 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება - ვასილ ბოლშაკოვს ხუმრობის გამო ანონიმურად უჩივლეს

რიაზანის რეგიონის მცხოვრებ ვასილ ბოლშაკოვს დატუსაღება ანეკდოტის გამო ემუქრება. BBC-ის ინფორმაციით, მისი სახლი უკვე გაჩხრიკეს და კაცს, რომელიც რუსეთიდან ოჯახთან ერთად სამუდამოდ წასვლას აპირებდა, ახლა პასპორტი ჩამორთმეული აქვს.

"- სერგეი, რატომ ვიხევთ ხერსონიდან?

- ვალოდია, თქვენ ხომ თავად ბრძანეთ უკრაინის განთავისუფლება ფაშისტებისგან და ნაცისტებისაგან ..."

ეს გახლავთ ანეკდოტი, რომელივ 38 წლის კაცმა, ქალაქ კასიმოვიდან, გასული წლის ნოემბრის დასაწყისში VKontakte-ზე დაწერა და რის გამოც მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმე შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მუხლით აღიძრა. ადვოკატი ანასტასია ბურაკოვა ამბობს, რომ ეს არ არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პოლიტიკურ ხუმრობას მოჰყვა რუსეთის უახლეს ისტორიაში.

14 თებერვალს ბოლშაკოვის სახლი გაჩხრიკეს. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს 2-დან 7 წლამდე ასაკის, ის და მისი მეუღლე მეოთხეს ელოდებიან.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ გადაწყვეტილების თარიღი სიმბოლური აღმოჩნდა: 2023 წლის 24 თებერვალი.

  • საჩივარი ხუმრობის გამო

ვასილი ბოლშაკოვი პროგრამისტი და კერძო მეწარმეა. მშობლიურ კასიმოვში Lair time club - ს ფლობს, რომელიც თინეიჯერების დასასვენებელი ადგილია, სადაც თამაშობენ "მაფიას“ და სხვა სამაგიდო თამაშებს, ოღონდ არა ფულზე. კაცი ამბობს, რომ კლუბიდან შემოსავალი არ აქვს. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ ადგილობრივი ახალგაზრდობა, რომელიც დიდი ოდენობით ალკოჰოლს მოიხმარს, რაღაცით დაეკავებინა.

ვასილის თავგადასავალი 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო. იმჟამად პირველად უჩივლეს Vkontakte-ზე დაწერილი კომენტარის გამო, თუმცა ციხეს ჯარიმით გადაურჩა. კიდევ სამი საჩივარი შემოდგომაზე დაიწერა. კაცი ამბობს, რომ პირადად არ იცნობს არცერთ მომჩივანს. მისი ადვოკატი ანდრეი კურიატნიკოვი არ გამორიცხავს, ​​რომ ამ საჩივრებზეც, შესაძლოა, ახალი სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას.

  • რუსეთის დატოვება ვერ მოასწრო....

ომის დაწყების შემდეგ ვასილმა ცოლთან ერთად ქვეყნის დატოვებაზე ფიქრი დაიწყო. მობილიზაციის გამოცხადებამ საბოლოოდ აიძულა ისინი დაეტოვებინათ რუსეთი და შვილებთან ერთად თურქეთში გადავიდნენ, სადაც რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ. ბოლშაკოვებს მეოთხე შვილის გაჩენა უკვე არგენტინაში სურდათ, რათა მოქალაქეობა მარტივად მიეღოთ. ოჯახი სამუდამოდ აპირებდა სამხრეთ ამერიკაში დარჩენას, მაგრამ წასვლამდე გადაწყვიტეს შინ დაბრუნებულიყვნენ, გაყიდეს მანქანა და დაასრულეს რამდენიმე დარჩენილი საქმე, თუმცა ქვეყნიდან წასვლა ვეღარ მოასწრეს.

ჩხრეკის შემდეგ ვასილს საერთაშორისო პასპორტი ჩამოართვეს, მას ახლა რუსეთიდან გამგზავრება აღარ შეუძლია.

ვასილ ბოლშაკოვი მეუღლესთან ერთად

  • "სიტყვის თავისუფლება არ გაუქმებულა"

ადვოკატის აზრით, ბოლშაკოვის პოსტში არ იკითხება ჯარის დისკრედიტაცია.

"არავის გაუუქმებია სიტყვის თავისუფლება. ამ განცხადებაში არანაირი დისკრედიტაცია არ არის. ეს არის ანეკდოტი, რომელიც, როგორც ჩანს, ხალხში ტრიალებს, ამას ხალხი ამბობს", - განუცხადა კურიატნიკოვმა BBC-ს.