დაცვის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, ნატალია ზარდიაშვილს, რომელსაც გამოძიება პაციენტზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ედავება, 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო. ზარდიაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს. მოსამართლის ინფორმაციით, სასჯელის ათვლა დღეიდან დაიწყო.
გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. ზარდიაშვილის ახლობლებმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. "არ გრცხვენია?! მორალი არ გაგაჩნია" - მიმართეს მათ ლაშა ჩხიკვაძეს, რის შემდეგაც მოსამართლემ ერთი პირი სასამართლო დარბაზიდან გააძევა.
"რისთვის მსჯიან? სიმართლე რომ ვაღიარე?" - განაცხადა თავად ბრალდებულმა პროცესზე.
ცნობისთვის, საქმეზე სასამართლო განხილვები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნატალია ზარდიაშვილი ამ დროის განმავლობაში დანაშაულს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ მას ბრალი მხოლოდ იმის გამო წარუდგინეს, რომ ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული უკანონობა ამხილა. მაშინ ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, მან ხელი შეუშალა მეტადონის "შავ ბაზარზე" გატანას.