ავტორი:

"ისტორიული გადაწყვეტილებაა, ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება" - ზელენსკი ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე

"ისტორიული გადაწყვეტილებაა, ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება" - ზელენსკი ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე

"ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია, რეალური პერსპექტივის მქონე", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"დღეს საერთაშორისო იუსტიციის წონიანი გადაწყვეტილება გვაქვს. საქმეში, რომელშიც არის რეალური პერსპექტივა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა პუტინის დასაკავებლად. ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბავშვების ოჯახებისგან დაშორება, ნათესავებთან დაკავშირების ნებისმიერი შესაძლებლობის წართმევა, ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე დამარხვა, შორეულ რეგიონებში გაფანტვა - ეს ყველაფერი “აგრესორის სახელმწიფო პოლიტიკა, სახელმწიფო გადაწყვეტილებები, სახელმწიფო ბოროტება” არის.

"ბოროტება, რომელიც სწორედ ამ სახელმწიფოს თანამდებობის პირველი პირისგან იწყება. ტერორისტი სახელმწიფო ხელმძღვანელი და კიდევ ერთი რუსი თანამდებობის პირი [მარია ლვოვა-ბელოვა] ოფიციალურად გახდნენ ბრალდებულები სამხედრო დანაშაულში, უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უკრაინამ რუსეთის ფედერაციაში უკანონოდ დეპორტირებული 300 ბავშვზე მეტის დაბრუნება მოახერხა და ეს პროცესი გაგრძელდება.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.