ავტორი:

პუტინი სამიზნეში - "ამ გადაწყვეტილებას ექნება შემაკავებელი ეფექტიც, რათა აღიკვეთოს რუსეთის ფედერაციის ზედმეტად მხარდაჭერა"

პუტინი სამიზნეში - "ამ გადაწყვეტილებას ექნება შემაკავებელი ეფექტიც, რათა აღიკვეთოს რუსეთის ფედერაციის ზედმეტად მხარდაჭერა"

17 მარტს ცნობილი გახდა, რომ ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. კერძოდ, სასამართლოს პრესსამსახურის თანახმად, წინასასამართლო საქმისწარმოების მეორე პალატამ ვლადიმირ პუტინთან ერთად დაპატიმრების ორდერი ასევე გასცა ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელ მარია ლვოვა-ბელოვაზე. პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა. ამ გადაწყვეტილებას ზოგიერთი ექსპერტი სიმბოლურს უწოდებს, თუმცა მისი სამართლებრივი და პოლიტიკური წონა რომ ძალიან დიდია, ამაზე თითქმის არავინ დაობს. გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ამ საკითხზე საერთაშორისო საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ითქვას, უახლეს ისტორიაში პირველად მოხდა მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი სახელმწიფოს ლიდერის ქმედებების ამგვარი სამართლებრივი შეფასება, სახელმწიფოსი, რომელიც აქამდე მეტ-ნაკლებად იყო ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, ჰქონდა ამაზე პრეტენზია.

ეს სამართლებრივი შეფასება მიუთითებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი ყველა იმ დანაშაულზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს უკრაინის ტერიტორიაზე. ამით პირდაპირ ითქვა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა. სამართლებრივად ყველაფერი ნათელია - რუსეთს დღეს მართავს დამნაშავე, რომელიც იძებნება საერთაშორისო დანაშაულისთვის და ექვემდებარება უნივერსალურ იურისდიქციას, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქვეყანას ეძლევა უფლება თავის ტერიტორიაზე დააკავოს და გადასცეს სასამართლოს. პუტინს პირდაპირ უთხრეს - ომი გაგრძელდება ბოლომდე...

რაც შეეხება ამის პოლიტიკურ განზომილებას, რუსეთის პრეზიდენტმა მოახერხა, რომ მისი ქვეყანა ცივილიზებული სამყაროდან ისეთი ქვეყნების გვერდით ინაცვლებს, როგორიც არის სომალი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სუდანი... სხვათა შორის, ჰააგის სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება სწორედ სუდანის დიქტატორზე მიიღო...

ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციამ საკუთარ რეპუტაციას მიაყენა ისეთი მასშტაბური ზიანი, რომელსაც ვერავითარი მტერი ვერ მიაყენებდა. გყავდეს პრეზიდენტი, რომელიც საერთაშორისო დამნაშავე და ძებნილია, ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის უდიდესი დარტყმაა. არ ვიცი, რუსეთისთვის ამაზე მეტი რა უნდა დაეშავებინათ იმ ქვეყნებს, რომელთაც კრემლი მტრად მიიჩნევს.

- 20 მარტს მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ელოდებიან, როგორ ფიქრობთ, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება განვიხილოთ ერთგვარ გზავნილად ჩინეთისა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ თანამშრომლობენ რუსეთთან.

- დიახ, ეს არის გზავნილი მათთვისაც. ნებისმიერი სახელმწიფო, მმართველი რეჟიმი, რომელიც თანამშრომლობს დღეს რუსეთის ხელისუფლებასთან, ავტომატურად აღიქმება მხარედ, რომელიც ომის დამნაშავეებთან თანამშრომლობს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას ექნება შემაკავებელი ეფექტიც, რათა აღიკვეთოს რუსეთის ფედერაციის ზედმეტად მხარდაჭერა, განსაკუთრებით უკრაინაში ომის გათვალისწინებით. გარკვეულწილად ეს ქმნის საფუძველს იმისთვისაც, რომ ამ სახელმწიფოების ხელისუფლებებზე სხვა ტიპის პოლიტიკური შეფასებები გაკეთდეს. თუ ირანს ავიღებთ, თუ მისი ხელისუფლება აქამდე უბრალოდ რუსეთის მხარდამჭერად მიიჩნეოდა, ჰააგის გადაწყვეტილების შემდეგ ის შეიძლება შეფასდეს ომის დანაშაულის თანამონაწილედ, ხოლო პუტინის რეჟიმისთვის ნებისმიერი სამხედრო დახმარება ასევე შეიძლება განიხილონ როგორც ომის დანაშაულში თანამონაწილეობა. გააგრძელეთ კითხვა