ავტორი:

"ვუთხარი, ყველაფერს ეშველება და დავლაგდებით-მეთქი" - რა თქვა ესებუას პროცესზე  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა?

"ვუთხარი, ყველაფერს ეშველება და დავლაგდებით-მეთქი" - რა თქვა ესებუას პროცესზე  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა?

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის ავთანდილ გალდავას დაკითხვა მიმდინარეობს.

სწორედ გალდავამ მიუტანა ნახევარი მილიონი დოლარი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს შეიარაღებულ დამნაშავეს, შემდეგ კი თავდამსხმელმა ის სამ სხვა მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გაიყვანა და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ტყეში დატოვა.

ავთანდილ გალდავამ „საქართველოს ბანკში“ განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენა.

"14:00-დან 15:00 საათამდე მორიგემ დამირეკა და მითხრა, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ თავდასხმა არის, სადაც შესულია შენიღბული მოქალაქე ავტომატით, რომელმაც მოახდინა გასროლა. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ გამოვედი სამუშაო ოთახიდან და წავედი შემთხვევის ადგილისკენ, გზადაგზა ჩემს მოადგილეებსაც ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და მობილიზება გაეკეთებინათ, პარალელურად დავრეკე ხელმძღვანელობაშიც და ვუთხარი. ვიდრე ადგილამდე მივიდოდი, უამრავი ზარი განხორციელდა ჩემს ტელეფონზე როგორც ჟურნალისტების, ასევე თანამშრომელთა მხრიდან, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ბანკში შეჭრილი პირი აცხადებდა, რომ დამაკავშირეთ ვინმეს სახელმწიფოდან მაღალჩინოსანი, ვისთანაც შევძლებ დალაპარაკებასო. 112-ზე განხორციელდა რამდენიმე ზარი და მოქალაქეები ითხოვდნენ გამოსულიყო ვინმე მაღალჩინოსანი დამნაშავესთან კონტაქტზე, რადგან ეს მისი სურვილი იყო“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე ავთანდილ გალდავამ.

გალდავამ დეტალურად ახსნა თუ რა ღონისძიებები გატარდა.

"მაქსიმალურად გამოვიძახე ყველა დანაყოფი. ვთხოვე საპატრულოს ხელმძღვანელობას, ყველა ჯგუფი ჩაეხსნა და გამოეშვა, რადგან პერიმეტრის დაცვა იყო საჭირო. შემოვსაზღვრეთ ტერიტორია ლენტით. მოვახდინეთ პერიმეტრის სრულად გათავისუფლება მოქალაქეებისგან, თუმცა ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. თავდაპირველად ყველაფერი ფორსმაჟორულ მდგომარეობაში ხდებოდა, თუმცა მერე მივიღე ხელმძღვანელობისგან თანხმობა, რომ დამერეკა და მეკითხა თუ რას ითხოვდა ბანკში შეჭრილი პირი. ბანკის შენობასთან მისვლიდან დაახლოებით 20 წუთიდან 40 წუთამდე მე მასთან კონტაქტზე გავედი", - განაცხადა გალდავამ.

ავთანდილ გალდავას თქმით, იგი კოორდინირებულად მოქმედება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძესთან. მისივე თქმით, ბანკში შეჭრილი პირი ითხოვდა 500 ათას აშშ დოლარს და ვერტმფრენს.

"სწორედ ვლადიმერ ბორცვაძესთან შეთანხმებით მოხდა, რომ მე უნდა გავსულიყავი კონტაქტზე ბანკში შეჭრილ პირთან. 112 -ში ზარები იყო შესული და მორიგეს ვთხოვე მოეწოდებინა ნომერი. დავრეკე, თავდაპირველად მიპასუხა ქალბატონმა, საკმაოდ ემოციური იყო, ტიროდა, შველას ითხოვდა. ვუთხარი, რომ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებდით შენობიდან მათი უსაფრთხოდ გაყვანის მიზნით.

ვთხოვე, რომ დამლაპარაკებოდა ის პირი, ვინც მაღალჩინოსანთან კონტაქტს ითხოვდა, ვუთხარი ვინც ვიყავი და ისიც დავძინე, თუ ჩემზე უფრო მაღალი რანგის ადამიანთან უნდა საუბარი, გვითხრას. ამ ქალბატონის საშუალებით ვერ შევძელი კონტაქტის დამყარება ბანკში შეჭრილ პირთან და მერე 112-ის მორიგეს ვთხოვე სხვა ნომრით დამხმარებოდა. მომაწოდეს ნომერი, მამაკაცი აღმოჩნდა და მანაც იგივე მითხრა, რომ მას მაღალჩინოსანთან უნდოდა საუბარი. პირადად არ დამელაპარაკა ბანკში შეჭრილი დამნაშავე, თუმცა ვისაც ვესაუბრებოდი, მან მითხრა, რომ ითხოვდა 500 ათას აშშ დოლარს და დანარჩენ მითითებებს შემდეგ გასცემდა. პირდაპირ მასთან მინდოდა დაკავშირება და ვთხოვე ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჩაერთო, მითხრა, რომ გადართო და ვკითხე დამნაშავეს თუ ვინ იყო და რას ითხოვდა. მითხრა, მოიტანეთ სასწრაფოდ 500 ათასი აშშ დოლარი, ასევე მოიყვანე ვერტმფრენი, რომ აქედან შევძლო მშვიდად წასვლა, მანამდე აქედან ერთი მძევალიც კი ვერ შეძლებს გასვლასო. თანხაზე იმ წუთას არაფერი მითქვამს და ვუთხარი, ამას ყველაფერს ეშველება და დავლაგდებით. პირველ რიგში შენ გადმოდგი ნაბიჯი და მძევლები გამოუშვითქო“, - განაცხადა ავთანდილ გალდავამ.