ავტორი:

"დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ -  რემარკის კლასიკად ქცეული რომანი და Netflix-ის წარმატებული ეკრანიზაცია

"დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ -  რემარკის კლასიკად ქცეული რომანი და Netflix-ის წარმატებული ეკრანიზაცია

28 ოქტომბერს Netflix-მა გერმანელი რეჟისორის, ედვარდ ბერგერის ახალი ფილმი, "დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ გამოუშვა, რომელიც ერიხ მარია რემარკის 1930 წლის ომის კლასიკური რომანის ეკრანიზაციაა. ფილმი რამდენიმე ნომინაციაში იყო წარდგენილი და ის 2023 წლის "ოსკარის“საუკეთესო საერთაშორისო ფილმად დასახელდა.

მკაცრი, უკომპრომისოდ გადაღებული ფილმი თანამედროვე დროში ასახავს რემარკის ამავე სახელწოდების კლასიკურ რომანს პირველ მსოფლიო ომზე და ევროპაში მიმდინარე სისხლიანი ომის ფონზე უჩვეულოდ დროულად ჟღერს. ფილმმა კრიტიკოსების დიდი მოწონება, კომერციული წარმატება და ორი ოსკარი მოიპოვა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/hf8EYbVxtCY" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

1930-იანი წლების ფილმის მსგავსად, Netflix-ის ვერსიაც დაფუძნებულია პირველი მსოფლიო ომის გერმანელი ვეტერანის, რემარკის რომანზე. 1930-იანი წლების ფილმი ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება ომზე, რომელიც ოდესმე გადაღებულა.

წიგნის დასაწყისში რემარკი წერს: "ეს წიგნი არ უნდა იყოს არც ბრალდება და არც აღიარება, და რაც მთავარია თავგადასავალი, რადგან სიკვდილი არ არის თავგადასავალი მათთვის, ვინც მის პირისპირ დგას. ის უბრალოდ შეეცდება მოყვეს ადამიანთა თაობაზე, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გაექცნენ ჭურვებს, ომმა მაინც გაანადგურა“.

სანამ ფილმზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ მისი ლიტერატურული პირველწყაროს ისტორია. 1916 წელს, 18 წლის რემარკი დასავლეთის ფრონტზე გაგზავნეს, სადაც ერთი წლის შემდეგ, მძიმედ დაიჭრა. რამდენიმე თვე საავადმყოფოში გაატარა, მაგრამ ომის დასრულებამდე აქტიურ ჯარისკაცად დარჩა. ომის არაადამიანური საშინელება მან თავის რომანში - "დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ გააცოცხლა.

1929 წლის გაზაფხულზე, "დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ გერმანიის ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა ისტორიაში. 1929 წლის მაისის თვეში, წიგნის 500 000 ეგზემპლარი გამოიცა.

იმავე წელს რომანი 26 ენაზე ითარგმნა. 1930 წელს, რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა, "ოსკარის“ მესამე ცერემონიაზე რამდენიმე ჯილდო, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო. ის დღემდე კინოს კლასიკად ითვლება. რემარკის "დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ "პალიტრა L-ის“ გამოცემით ხელმისაწვდომია როგორც "ბიბლუსის“ ფილიალებში, ასევე ონლაინ. www.palitral.ge

რემარკის ცნობილი ანტიმილიტარისტული რომანი დიდი ოსტატობით მოგვითხრობს იმ შემზარავი რეალობის შესახებ,რომელშიც ახალგაზრდა პაულ ბოიმერი და მისი მეგობარი აღმოჩნდნენ... ეს გერმანელი ბიჭები,ნახევრად ბავშვები, ის-ის იყო, სწავლობდნენ როგორ ეცხოვრათ, როგორ ეაზროვნათ... მაგრამ არ დასცალდათ - პატრიოტული პროპაგანდის ზეგავლენით,ისინი საზარბაზნე ხორცად აქციეს. ათასობით ჯარისკაცი ეცემა ყოველდღიურად ბრძოლის ველზე, მათი მეგობრები კი წლების შემდეგ მწარედ ინანებენ, რომ მათთან ერთად არ დაიღუპნენ...

წიგნის მიერ გადმოცემული ომის საწინააღმდეგო გზავნილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ნაცისტურმა რეჟიმმა ის აკრძალა. მათ ასევე ჩაშალეს ფილმის 1930 წლის ფილმის ჩვენებაც.

თავად გერმანიაში, რემარკის ანტი-ომის პათოსი აშკარა წინააღმდეგობაში იყო მემარჯვენე კონსერვატიულ, რევანშისტურ იდეოლოგიასთან, რომელიც სულ უფრო დომინირებდა ქვეყანაში. 1930 წლის 4 დეკემბერს, უკვე ოსკარის მფლობელი ფილმის გერმანულ პრემიერაზე, ნაცისტურმა ყავისფერმა პერანგებმა ჯოზეფ გებელსის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ მოაწყვეს ნამდვილი ვაკჰანალია: მათ დარბაზში მხრჩოლავი ბომბები, ცემინების ფხვნილი დაყარეს და თაგვების მთელი გროვა შეუშვეს. თან ყვიროდნენ: "ებრაელები! ებრაული ფილმი!" ნაცისტები თავს დაესხნენ მაყურებელს და ფილმის ჩვენება ჩაშალეს.

გაძლიერებული პოლიციის რაზმი იცავს ბერლინის კინოთეატრ "Mozartsaal-ს“ გერმანიაში ამერიკული ფილმის "დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ ერთ-ერთი პირველი ჩვენების წინ. 1930 წლის 6 დეკემბერი.

1931 წელს რემარკი ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი - როგორც ლიტერატურაში, ასევე მშვიდობის დარგში. გერმანიის ოფიცერთა კავშირმა გააპროტესტა ეს ნომინაცია იმ მოტივით, რომ რომანი შეურაცხყოფდა გერმანიის არმიას და მის ჯარისკაცებს.

ნაცისტების ზეწოლით ფილმი გერმანიაში აიკრძალა და როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, იგივე ბედი ეწია რომანსაც. 1933 წლის 10 მაისს ის, ისევე როგორც რემარკის სხვა წიგნები, საჯაროდ დაწვეს კოცონზე.

თავად რემარკი, 1933 წლის 31 იანვარს ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი დღის შემდეგ, საბოლოოდ და სამუდამოდ ტოვებს გერმანიას. მწერალი ცხოვრობდა აშშ-ში, შემდეგ დაბრუნდა ევროპაში. ბევრს სვამდა, ჰქონდა ტრავმული სიყვარული და რომანი მარლენ დიტრიხთან. გარდაიცვალა 1970 წელს და დაკრძალულია შვეიცარიაში.

რომანი "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", ისევ ცოცხლობს და მის მიმართ ინტერესი ათწლეულების განმავლობაში არ ჩამცხრალა. რემარკის რომანი, როგორც ფილმის რეჟისორი, ედვარდ ბერგერი ამბობს, ღრმად დევს ისტორიულ მეხსიერებაში - მისი და მრავალი გერმანელის, ის ეროვნული დნმ-ის ნაწილია. "ეკრანის ადაპტაცია არის გზა, რათა თავი დავაღწიოთ სირცხვილს, საშინელებას და დანაშაულს, რომლითაც გერმანია უკვე ასი წელია ცხოვრობს“.