ავტორი:

მეფე, რომელმაც მონარქის თითქმის ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია - 5 საინტერესო ფაქტი ლაშა-გიორგის შესახებ

მეფე, რომელმაც მონარქის თითქმის ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია - 5 საინტერესო ფაქტი ლაშა-გიორგის შესახებ

„მოწყალე, მმარხველი, არავისთვის მოშურნე, უხვი“... - ასე ახასიათებს გიორგი IV-ს, იგივე ლაშა-გიორგის ჟამთააღმწერელი, თუმცა ამავე დროს აკრიტიკებს იმის გამო, რომ არის ურჩი, არ უსმენს ძველ თაობას და არის თავნება.

ლაშა-გიორგის ხშირად მოიხსენიებენ სუსტ მეფედაც, რომელიც ვერ გაუმკლავდა მონღოლთა შემოსევას. ამავე დროს, ისტორიკოსები განმარტავენ, რომ მონღოლებთან გამკლავება თითქმის შეუძლებელი იყო, თუმცა შეიძლებოდა, ქვეყანა მათ პირველ ეტაპზე უფრო მომზადებული დახვედროდა.

როგორც აღვნიშნეთ, ჟამთააღმწერელი მას „თვითბუნებოვან“ მეფეს ეძახდა და მის მიმართ კრიტიკას არ იშურებდა. ამის მიზეზი სავარაუდოდ იყო ისიც, რომ ლაშა-გიორგიმ სასახლეში ზოგიერთი წყაროს თანახმად, გათხოვილი ქალი მიიყვანა და მის ცოლად შერთვა უნდოდა.

ლაშა-გიორგის მეფობა დახუნძლულია უამრავი საინტერესო ფაქტით, რომელსაც მკითხველი უფრო სიღრმისეულად სხვადასხვა ისტორიულ წყაროში გაეცნობა, ჩვენ კი გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს, რამაც შეიძლება მის მიმართ ინტერესი უფრო გაგიღრმაოთ:

გიორგი IV-ს ლაშა თამარმა შეარქვა, რაც „ქვეყნის მნათობს“ ნიშნავს

გიორგი IV თამარმა თანამოსაყდრედ დაისვა და იმ დროიდან სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში იღებდა მონაწილეობას. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ მოგვითხრობს, რომ მას ლაშას უწოდებდნენ, რაც „განმანათლებლად სოფლისა ითარგმნა აფსართა ენითა“.

ლაშა-გიორგი ფულის მონეტებზე ჩამომავლობის ხსენებისას დედას მიუთითებს

თავდაპირველად, მოჭრილ მონეტებზე ლაშა-გიორგი მოიხსენიება როგორც „გიორგი ძე თამარისი“, 1210 წელს მოჭრილ მონეტაზე კი უკვე როგორც „მეფეთ მეფე“ და “მესიის მახვილის“ ტიტულს ატარებს.

მონეტაზე გიორგი IV ლაშა თავისი ჩამომავლობის ხსენებისას მიუთითებს თამარ, ე.ი დედას (ძე თამარისი) და არა მამის სახელს. ეს ორიგინალური და მსოფლიო ნუმიზმატიკისთვის უნიკალური მოვლენა შემდეგ აღარ განმეორებულა.

ლაშა-გიორგის მონეტებს ფართო გავრცელება ჰქონდა. მისი ცალები, ისევე როგორც ფულადი განძი უხვად ჩნდება საქართველოს ტერიტორიაზე, მის ყმადნაფიც ქვეყნებსა და მეზობელ სახელმწიფოებში.

ლაშა-გიორგის საყვარელ ქალთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია არსებობს

ზუსტად არავინ იცის, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის, რომ მეფემ გათხოვილი ქალი სასახლეში მიიყვანა.

მეორე ვერსიით, ველისციხელი ქალი, რომელიც ლაშა-გიორგის უყვარდა, გათხოვილი არ ყოფილა. იოანე ბატონიშვილის თქმით, ქალი მას ქმრისთვის „კი არ წაურთმევია, მასზე დაბალი რანგის იყოო“, რაც იმ დროისთვის ასევე მიუღებელი იყო. მეფე დაბალი რანგის ქალს ცოლად ვერ შეირთავდა.

ველისციხელი ქალის ცოლად შერთვის საშუალება ლაშა-გიორგის ეკლესიამ არ მისცა. ისტორიული წყაროების თანახმად, მეფეს ქალი წაჰგვარეს და ამის შემდეგ აღარ უნახავს.

დავით ულუ ლაშა-გიორგის ველისციხელი ქალისგან ჰყავდა

დავით ულუ უდედოდ იზრდებოდა მამიდის - რუსუდანის მეთვალყურეობით და სრულწლოვანების შემდეგ სამეფო ტახზე სწორედ ის უნდა ასულიყო. მანამდე კი ქვეყნის სათავეში რუსუდანი იდგა.

ძის - დავით ნარინის გაჩენამ რუსუდანს დავით ულუს თავიდან მოშორება გადააწყვეტინა და ჟამთააღმწერელის თანახმად, ამ მიზნით მამიდამ ის იკონიაში გაგზავნა და წერილი მისწერა სიძეს, სულთან ყიას ედ დინს, რომელშიც მას ძმისწულის მოკვლას სთხოვდა. სულთანს და მის მეუღლეს თამარს, რომელსაც გურჯ ხათუნს უწოდებდნენ, დავითი შეეცოდათ და შეიბრალეს. საბოლოოდ, რუსუდანმა მიაღწია იმას, რომ ყიასდინის ბრძანებით თავდაპირველად დავითის მოკვლა სცადეს, გადარჩენის შემდეგ კი შეიპყრეს და ტყვედ ჰყავდათ.

რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ კი მონღოლთა ნოინებმა ორივე დავითი საქართველოს მეფეებად დაამტკიცეს.

ლაშა-გიორგის მჭიდრო კავშირი ჰქონდა რინდებთან

რინდი არის მეტსახელი, რაც მემთვრალეს, ლოთს, მშფოთვარეს ნიშნავს. ეს არის დაჯგუფებები, რომლებიც ისლამური ქვეყნების ქალაქში არსებობდა. რინდები ქალაქური ყოფა-ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქცევით გამოირჩეოდნენ.

ისლამურ ქვეყნებში მათი არსებობა მიუღებელი იყო. გარდა იმისა, რომ ისინი სარწმუნოების წესებს არღვევდნენ, ისლამის წინააღმდეგაც კი მიდიოდნენ. ჰქონდათ თავისუფალი ცხოვრების წესი და ასეთი დაჯგუფებები არსებობდა თბილისშიც, სანამ დავითი ქალაქს აიღებდა. დავით აღმაშენებელმა აღნიშნულ დაჯგუფებებს სხვადასხვა შეღავათი დაუწესა. ის ცდილობდა, რინდები ქალაქში დაეტოვებინა.

რაც შეეხება ლაშა-გიორგის რინდებთან ურთიერთობას, როგორც მემატიანე წერს, ის დაჯგუფებებს ხშირად სტუმრობდა და მათთან ერთად ქეიფობდა. იმის გამო, რომ რინდებს არ სწამდათ რელიგიური თვითგვემისა და ასკეტიზმის და ღმერთთან დაკავშირების საშუალებად ადამიანური თავისუფლება მიაჩნდათ, მეფის მათთან კავშირი ეკლესიისთვის მიუღებელი იყო.

ლაშა-გიორგის მეფობას მწერალმა გრიგოლ აბაშიძემ მიუძღვნა ისტორიული რომანი „ლაშარელა“, სადაც მხატვრულად არის აღწერილი მისი მეფობა, ვნებები, სიყვარული, მისი გავლენები. ერთნი ამბობენ, რომ რომანში „ლაშარელა“ მეფე უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი, სხვებისთვის ის კლიშეების მსხვრეველი, თავისუფალი მონარქია, რომელიც ქვეყანაში მნიშვნელოვან რღვევებს იწყებდა, თუმცა არ დასცალდა.

რომანი გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცა და მკითხველისთვის ხელმისაწვდომი 27 მარტიდან გახდება.