ავტორი:

"როცა დავრეკე, დედამ პირველი რაც მითხრა ის იყო, რომ რატომ უთხარი ცუდი სიტყვაო" - მერაბ დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შემდეგ მშობლებთან საუბარს იხსენებს

"როცა დავრეკე, დედამ პირველი რაც მითხრა ის იყო, რომ რატომ უთხარი ცუდი სიტყვაო" - მერაბ დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შემდეგ მშობლებთან საუბარს იხსენებს

"თუ თავს უიღბლოდ ჩათვლი და იფიქრებ, რომ ცხოვრებამ ზურგი გაქცია, გაიხსენე მერაბ დვალიშვილი, რომელსაც არ ჰყავდა სპონსორი.მან შეძლო ემიგრაციაში, 7 წელი მშენებლობაზე დამქანცველი მუშაობის პარალელულად, სპორტისთვის თავი არ დაენებებინა და დამოუკიდებლად მიდიოდა იმ წარმატებისკენ, რომლითაც დღეს ყველა ვამაყობთ" - ეს პოსტი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, მას შემდეგ რაც, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა კარიერაში ყველაზე პრინციპული ბრძოლა მოიგო. 12 მარტს მან რუსი პიოტრ იანი დაამარცხა.

ეს შეხვედრა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა, რადგან მერაბი იანთან გამარჯვების შემდეგ, ფაქტობრივად, სატიტულო ბრძოლისთვის იქნება მზად და ჩემპიონის ქამარს ერთი ნაბიჯი აშორებს.

დაპირისპირება ხუთი რაუნდი გაგრძელდა და ქართველის უპარტესობით წარიმართა. ხუთივე რაუნდში დვალიშვილი დომინირებდა საბოლოოდ კი ქართველმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

  • აღსანიშნავია, რომ მერაბმა ეს შესაძლებლობა - სავსე დარბაზი, ტელეეკრანთან კი მილიონობით მაყურებელი გამოიყენა იმისთვის, რომ ყველას გასაგონად ეთქვა - "დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას."

"ძალიან ამაყი ვარ. მადლობა თითოეულ ქართველს, რომლებიც ლას ვეგასში ჩემს საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ, მადლობა ყველას, ვინც ეკრანიდან ადევნებდა თვალს ჩემს ბრძოლას. ქართველები მხოლოდ 5 მილიონი ვართ, მაგრამ ვართ ძალიან ძლიერები" - თქვა დვალიშვილნა.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მცირე ინციდენტი მოხდა მებრძოლებს შორის - კერძოდ, რუსმა პიოტრ იანმა დვალიშვილისთვის ხელის დარტყმა სცადა, რის შემდეგაც ქართველმა მას უცენზურო სიტყვით მიმართა.

Setanta Sports Georgia-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ ამ ინციდენტის გამო დედამ შენიშვნაც კი მისცა:

"მინდოდა დამერეკა ჩემებისთვის, გამეგო, ხომ არიან პოზიტიურად, იანი ხელით შემეხო და ამაზე ხო არ ინერვიულეს... ვურეკავ მამაჩემს, ამ დროს ტელეფონზე მიპასუხა დედამ. ვიდეოთვალით ვრეკავდი. პირველივე სიტყვები ეს იყო, დედა რატომ უთხარი ცუდი სიტყვა, რატომ გააკეთე ესო? აბა რატო არ დამიდგა წინ, როგორც ღირსეულ სპორტსმენს შეეფერებათქო. მე ვინერვიულე, რომ შენ ცუდი სიტყვა უთხარიო" - ამბობს დვალიშვილი. როგორც ცნობილია ქართველი მებრძოლის მშობლები ვანში ცხოვრობენ.