ავტორი:

რუსეთს კავკასიაში მეტი გავლენა სურს: "ცდილობს, სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და ირანი ანტიდასავლურ ფორმატში ჩაითრიოს"

რუსეთს კავკასიაში მეტი გავლენა სურს: "ცდილობს, სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და ირანი ანტიდასავლურ ფორმატში ჩაითრიოს"

"3+3-ის თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში საქართველოსთვის კარი ღია რჩება" - განაცხადა პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, როდესაც მოსკოვში, სომეხ კოლეგას არარატ მირზოიანს შეხვდა. ლავროვმა სიტყვით გამოსვლისას, საქართველო არაერთხელ ახსენა, სამხრეთ კავკასიის თემაზე საუბრისას და დასავლეთი ხელისშემშლელ ფაქტორად მოიხსენია.

"დასავლეთმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. ყველანი ვხედავთ, რა მიზნით მოქმედებს სამხრეთ კავკასიაში. იმდენად პირდაპირ და აშკარად მუშაობს, არც კი ცდილობს თავისი მიზნების დამალვას, ყველა ნაბიჯზე ავლენს, რომ სურს რეგიონი რუსეთს მოსწყვიტოს...

ჩვენი მცდელობის მიუხედავად, დასავლეთი მაინც თავისას აკეთებს. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთი სომხეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად ცდილობს, შექმნას ფორმატი "3+3" - ეს არის, სამხრეთ კავკასიური სამი სახელმწიფო, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო, პლუს სამი მეზობელი - რუსეთი, თურქეთი და ირანი... ქართული მხარე ჯერ ფიქრობს ამ ფორმატში ჩართვაზე. პირველი შეხვედრა შედგა, თბილისისთვის კარი ღია რჩება. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ფორმატ "3+3-ის" მეორე შეხვედრის მოწვევაზე. პარალელურად კი, დასავლეთი აქტიურად მუშაობს, რომ ეს სტრუქტურა დაანგრიოს, რომელმაც ჩამოყალიბება სულ ახლახან დაიწყო" - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, სამხრეთ კავკასიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლეთის დაკვეთებით მუშაობენ.

"კერძოდ, გეგმაშია მორიგი ფერადი რევოლუციის სამზადისის დაწყება. დასავლეთი ცდილობს, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას თავს მოახვიოს თავისი პირობები. მას პრეტენზია აქვს რეგიონში დომინირებდეს და თავისი ჰეგემონია ყველგან, საკუთარი საზღვრებიდან შორსაც განამტკიცოს. ამიტომაც პირდაპირ უტევს სამი უახლოესი მეზობლის - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ლეგიტიმურ ინტერესებს. ვგულისხმობ, თურქეთს, ირანსა და რუსეთს" - აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის პოზიციას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ერევანში. ადგილობრივი ანალიტიკოსების თქმით, მას შემდეგ, რაც სომხეთმა მკაფიოდ დააფიქსირა დასავლური კურსი, რუსეთისგან ქვეყანაზე ზეწოლა გაიზარდა და ეს მხოლოდ სომხეთს არ ეხება.

"რუსეთი შიშობს, რომ შესაძლოა, სამხრეთ კავკასიიდან გასვლა მოუწიოს და ამიტომაც, ყველანაირად ცდილობს, სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და ირანი ანტიდასავლურ ფორმატში ჩაითრიოს" - მიაჩნია ანდრიას გუკასიანს.

მისივე თქმით, სინამდვილეში რუსეთი უკმაყოფილოა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მუდმივი, მწვავე დაძაბულობის მიუხედავად, პროცესები მასშტაბურ შეტაკებაში არ გადაიზარდა.

"მხოლოდ უმნიშვნელო პროვოკაციები და თითო-ოროლა ადამიანის, სამოქალაქო თუ სამხედრო პირის სიკვდილი არაფერს აძლევს. რაღაც უფრო მეტი სჭირდება, რათა მასშტაბურად შემოვიდეს რეგიონში, შემდეგ კი, თამაშის წესები თავად განსაზღვროს, ისე, როგორც ამას თავის დროზე აკეთებდა" - ამბობს ის.

კიდევ ერთი პოლიტიკური მიმომხილველის, არსენ ნავარსარდიანის თქმით, რუსეთი მის გარშემო სომხეთისა და აზერბაიჯანის მობილიზებას ცდილობს.

"თუ თურქეთში, მაისის არჩევნებში, ერდოღანს გადაირჩევენ, შესაძლოა, ამ სახელმწიფოს დასავლეთთან ურთიერთობის ფორმატი საბოლოოდ შეცვალოს. შემდეგ კი, უკვე ანტიდასავლური კოალიციის შესაქმნელად ხელ-ფეხი გაეხსნება... ეს კი, არ გვაწყობს თუნდაც თურქეთის გავლენების შესუსტების ფასად, რადგან იქ, სადაც ლიდერობას რუსეთი იღებს, არასდროს არის სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება და ურთიერთჰარმონია.

ამიტომაც, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა და სხვა უამრავმა საკითხმა დაგვარწმუნა და კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ სომხეთის უსაფრთხოება პირდაპირ გადის ამერიკასა და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე... კარგი იქნება, ხელისუფლება თუ პირდაპირ იტყვის, რომ რუსეთის მხრიდან ყარაბაღის მოგვარების დაინტერესებაზე საუბარი არის სატყუარა, რუსეთმა და პრორუსულმა განწყობებმა, სომხეთში ფეხი უნდა ამოიკვეთოს" - წერს ის.