ავტორი:

"რუსეთი ანელებს ბახმუტზე თავდასხმის ტემპს, მაგრამ აქტიურდება ავდიივკას მიდამოებში" - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე?

"რუსეთი ანელებს ბახმუტზე თავდასხმის ტემპს, მაგრამ აქტიურდება ავდიივკას მიდამოებში" - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე?

ბახმუტის ირგვლივ რუსული ოპერაციების ტემპი ნელდება, მაგრამ რუსული ჯარები, სავარაუდოდ, ცდილობენ შეტევის დაწყებას სხვა მიმართულებით, განსაკუთრებით ავდიივკას მიდამოებში, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები აცხადებენ.

მათი განმარტებით, 22 მარტს უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბახმუტის რაიონში რუსული ჯარების შეტევითი პოტენციალი მცირდება.

"რუსული ძალები ახლა ზრდიან შეტევითი ოპერაციების ტემპს ავდიივკას გარშემო დასახლებული პუნქტის ალყაში მოქცევის მიზნით. შესაძლებელია, რომ რუსული ძალები ამას აკეთებენ ბახმუტის გარშემო ოპერაციებისა და უგლედარის გარშემო შეტევების შეჩერების ხარჯზე”, - ნათქვამია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშში.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების განმარტებით, 136-ე ცალკეული საგვარდიო მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ადრე განაცხადეს, რომ უგლედარის რაიონში თავდასხმის ოპერაციებისთვის გადაჰყავდათ, თუმცა, 21 მარტს, ერთ-ერთმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა განაცხადა, რომ 136-ე მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფები ავდიივკას მიმართულებით მოქმედებდნენ.

"დისლოკაციის ეს აშკარა ცვლილება სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ რუსულმა ძალებმა უგლედარის წინააღმდეგ თავდასხმის განახლებასთან შედარებით პრიორიტეტი ავდიივკას გარშემო ოპერაციების გააქტიურებას მიანიჭეს”, - აცხადებენ “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანალიტიკოსები.

მათი შეფასებით, რუსული ძალების წინსვლამ შეიძლება აიძულოს უკრაინული ჯარები ბახმუტიდან და/ან ავდიივკადან უკან დაიხიონ, მაგრამ ეს პერსპექტივა, ამ დროისთვის, ნაკლებად სავარაუდოა.