ავტორი:

"ჰიჯაბის ტარება ჩემი არჩევანია... ჩემმა ოჯახმა მშვიდად მიიღო ეს გადაწყვეტილება" - ბათუმელი ქალის ახალი ცხოვრება დუბაიში: რას საქმიანობს საემიროებში სალომე ამირა?

"ჰიჯაბის ტარება ჩემი არჩევანია... ჩემმა ოჯახმა მშვიდად მიიღო ეს გადაწყვეტილება" - ბათუმელი ქალის ახალი ცხოვრება დუბაიში: რას საქმიანობს საემიროებში სალომე ამირა?

ქართველს დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში შეხვდებით. ასე მაგალითად, სალომე დოლიძე დუბაიში ცხოვრობს, სალომე ამირა - მას იქ ასე ეძახიან. ამჟამად ტურისტული კომპანიის თანადამფუძნებელია. ძალიან უყვარს თავისი საქმე და მთელი გულით ემსახურება მას. საერთოდ, როგორ აღმოჩნდა სალომე დუბაიში, როგორ ცხოვრობს იქ და რა გზა განვლო ბათუმიდან დუბაიმდე, ამაზე თავად გვესაუბრება.

- საქართველოში ცხოვრებისას ვმუშაობდი დუბაის ერთ-ერთ ტურისტული კომპანიის ოფის-მენეჯერად. სწორედ იმ პერიოდში მოვხვდი პირველი ვიზიტით ემირატებში, კერძოდ, დუბაიში. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, რომელმაც სამარადჟამოდ მიმიზიდა და მომაჯადოვა... ემირატებში საცხოვრებლად გადასვლა კი სპონტანურად მოხდა. ერთ დილას გავიღვიძე, გავიფიქრე და ერთ კვირაში განვახორციელე.

- რთული არ არის ასე უცებ უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა?

- რთულია, როდესაც ქვეყანას და ოჯახს ტოვებ. იწყება დიდი ნოსტალგია, მაგრამ ამ ქვეყანამ და ქალაქმა (დუბაი) ძალიან თბილად მიმიღო. სწრაფად მოვახერხე უცხო ქვეყანაში ადაპტაცია, არ გამჭირვებია თვითდამკვიდრება და საკუთარი თავი ვიპოვე.

- მთავარი სირთულე რა იყო, რასთან შეგუებაც გაგიჭირდათ?

- მთავარი სირთულე ალბათ ისევ მარტო ყოფნაა ყველასგან და ყველაფრისგან შორს. ემიგრანტობა რთულია, ბევრი დაცემაც ყოფილა და ცრემლიც. თუმცა აქაც მეგობრები გამხნევებენ და ძალას გმატებენ. განსაკუთრებით გამოვარჩევ ორ ემიგრანტ მეგობარს: გიორგი ხუბულურს და ლიკა სტურუას. ერთმანეთის გამხნევებაში ბევრი ღამე გვითენებია. ასევე მინდა, ვახსენო ჩემი ბიზნესპარტნიორი, მეგობარი, უკარგესი ადამიანი ბობი, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას.

- რამ გაგაოცათ, როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება და საერთოდ, რით იქცევს ეს ქვეყანა თქვენს ყურადღებას?

- ემირატებს სიახლეებით გვაოცებს, ასევე უდაბნოში გაშენებული მეგაპოლისებით და თავისი სილამაზით. ქვეყანა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და საოცრებებს ქმნის... ამის არაღნიშვნა, დაუშვებელია...

- რა პროფესიის ხართ და თუ მუშაობდით თქვენი პროფესიით საქართველოში?

- იურისტი ვარ და საქართველოში ჩემი პროფესიით ვმუშაობდი. უკვე 12 წელია, რაც ტურიზმის სფეროში ვარ. ბავშვობიდან ოცნებად მქონდა იურიდიულზე სწავლა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი და ვერც ვხედავდი საკუთარ თავს სხვა სფეროში. ჩემი ცხოვრება ხშირად სპონტანურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ყველა ცხოვრებისეული ცვლილება სპონტანურად არის მიღებული. ასე აღმოვჩნდი ტურიზმის სფეროშიც. სრულიად შემთხვევით დავარეგისტრირეთ ტურისტული კომპანია, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ეს არის მუდმივი სიახლეები, ახალი მეგობრები, ლამაზი დღეები... ჩემი ტურიზმში საქმიანობა საქართველოს შიდა ტურებით დაიწყო... მიყვარს მრავალფეროვნება, რომელიც ტურიზმის ყოველდღიურობაა. ყოველი ტური სავსეა სიახლეებით და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. მართლა ყველაფერი, თითოეული გადაწყვეტილება სპონტანურად მოხდა, რელიგიის შეცვლაც კი. საერთოდ არ ვფიქრობდი, იმ დღეს რელიგიას თუ შევიცვლიდი...

- და დღეს გაცვიათ მუსლიმი ქალის სამოსი, ჰიჯაბი. ასე დუბაიში ჩასვლიდან რამდენ ხანში შეიმოსეთ?

- ჰიჯაბის ტარება ჩემი არჩევანია, ჩამოსვლიდან 3-4 წლის შემდეგ 2021 წლის 2 დეკემბერს შევიცვალე რელიგია და გავხდი მუსლიმი. ჩემი ჰიჯაბი ძალიან მიყვარს.

- ე.ი. მუსლიმად მოინათლეთ კიდეც? სარწმუნოების შეცვლა აუცილებელი იყო?

- სარწმუნოების შეცვლა მოხდა ჩემი შინაგანი მოწოდებით. ისლამი გულით მივიღე, ყოველთვის მიზიდავდა მოლას ხმა სალოცავად რომ უხმობს მორწმუნეებს. რელიგიის შეცვლაც უეცრად მოხდა, - მეჩეთთან გავიარე, დავინახე იმამი და რელიგია შევიცვალე სრულიად მოულოდნელად. თითქოს თავიდან დავიბადე, საკუთარი თავი ვიპოვე.

- რას მოითხოვს ეს ყველაფერი თქვენგან და ოჯახი როგორ შეხვდა ზოგადად თქვენს გადაწყვეტილებას?

- ყველაფერი არის ჩემი არჩევანი. ვიცავ ყველა წესს და ვცდილობ, შევასრულო ყველაფერი, რაც მუსლიმს ევალება. ოჯახმა პატივი სცა ჩემს არჩევანს და მშვიდად მიიღო ეს გადაწყვეტილება. რელიგია ყოველთვის დიდ ადგილს იკავებდა ჩემს ცხოვრებაში. დედას მხარე ძირითადად მუსლიმური აღმსარებლობის წარმომადგენლები იყვნენ. აქედან გამომდინარე, დიდი პრობლემა და წინააღმდეგობა არ ყოფილა.

- ბათუმი თქვენი ქალაქია. არ გენატრებათ?

- ბათუმი ჩემი სულის ნაწილია, ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და საერთოდ საქართველო. მეამაყება ბათუმი, ის ჩემს გულშია.

- რა ენაზე ამყარებთ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტს? და აქვე, როგორები არიან ისინი?

- ადგილობრივებთან ძირითადად ინგლისურ ენაზე ვსაუბრობ. დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებ არაბული ენის შესწავლას. მინდა, მალე შევისწავლო. ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ კარგები და მეგობრულები არიან, განსაკუთრებით უყვართ ქართველები და საქართველო. ძალიან ჭკვიანები და მეგობრულები არიან. ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ. გულიანი ხალხია და რაც მთავარია, იციან ადამიანის პატივისცემა. განსაკუთრებით უყვართ საქართველო, ყოველთვის განსაკუთრებული ემოციები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში. ჩემ გარშემო ისეთებიც ბევრნი არიან, ვინც ყოველ წელს საქართველოში ისვენებს.

- ტურიზმში ხართ დასაქმებული, კერძოდ, რას მოიცავს თქვენი საქმიანობა?

- ჩემი საქმიანობა მოიცავს ტურისტული კომპანიის მართვას, კონტაქტების მოძიებას და გაფორმებას. ასევე ჩემ მოვალეობაშია ტურების და ტურ-პროდუქტების შექმნა. ამჟამად აქტიურად რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობ. თუმცა საქართველოდან ჩამოსულ თითოეულ ტურისტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და ამაღელვებელია. ამ დროს ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ თითოეული მათგანი ჩემი ოჯახის წევრია. ვცდილობ, კომფორტული გარემო და მრავალფეროვანი ტური შევუქმნა მთლიანად გავაცნო ემირატები. სამშობლოში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით რომ დაბრუნდნენ.

- თქვენს სფეროში რა არის მთავარი?

- ჩემს სფეროში მთავარი გიყვარდეს შენი საქმე, ზრდიდე ტურებს როგორც საკუთარ შვილს, გიყვარდეს ახალი აღმოჩენები. რაც მთავარია, ყველაფერი აკეთო მთელი გულით და სიყვარულით. ყოველი ტურისტი ხვდება მისდამი გაცემულ სითბოსა და სიყვარულს. ეს კი ჩვენ ბუმერანგივით ორმაგად გვიბრუნდება. ძალიან ბევრი სტუმარი მყოლია ტურზე თუნდაც 1 დღით, სწორედ ეს ტური იყო დიდი მეგობრობის დასაწყისი. ძალიან ბევრი სტუმარი დღეს ჩემი ცხოვრების ძვირფასი ნაწილია და საუკეთესო მეგობრები... რატომღაც ისე მოხდა, ბევრი ვერ მეკითხება თუ რატომ მაცვია მუსლიმური სამოსი. ასე შორიდანაც ესაუბრო ხალხს და აუხსნა, რა მოხდა ან რატომ, ბევრი ამას ვერ გაიგებს...

ვერ აღვწერ იმ გრძნობას, აზანის ხმაზე ჩემი გული როგორ ძგერდა. ყველაფერი ბუნებრივად მოდის, რაღაც გიზიდავს და დგამ რადიკალურ ნაბიჯს. ეს შინაგანი სამყაროა და ბევრად პირადული. წლების წინ ვერც წარმოვიდგენდი ჩემს ასეთ ცვლილებას. აზრადაც ვერ გავივლებდი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება... მე საკუთარი თავი ვიპოვე და გაცილებით უფრო მშვიდად ვარ... მართლმადიდებელ მოძღვართან ამ თემაზე არ მისაუბრია და ვიცი, გული ძალიან დაწყდება. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აუცილებლად პირადად გავესაუბრები. იმედია, შემინდობს. თუ არის შესაძლებელი, თქვენი საშუალებით, ქართველ მუსლიმებს რამადანის დღესასწაულს მივულოცავ!