ავტორი:

"ჰოლოდომორი" - საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

"ჰოლოდომორი" - საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების "ჰოლოდომორს" აღიარებს, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდს. დოკუმენტში ფრანგი დეპუტატები გმობენ ქმედებებს, რომლებიც ხასიათდება როგორც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განადგურება და მასობრივი დარღვევა.

"გვაქვს საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც "ჰოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მადლობელი ვარ ამ პრინციპული და სამართლიანი ნაბიჯისთვის", - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ გადაწყვეტილებას.

"ჰოლოდომორი“ გენოციდად აღიარებული აქვს მსოფლიოს ოცზე მეტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს, მათ შორის გერმანიაში, ბელგიასა და ისლანდიაში. თვითონ უკრაინამ "ჰოლოდომორი“ გენოციდად აღიარა 2006 წელს. რუსეთი ამ შეფასებას არ ეთანხმება.

  • "შიმშილით სიკვდილი"

ტერმინი "ჰოლოდომორი“ უკრაინული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით "შიმშილით სიკვდილს" ნიშნავს. მასობრივი შიმშილობის მთავარი გამომწვევი მიზეზი საბჭოთა კავშირის ახალი ეკონომიკური პოლიტიკა იყო, რაც კერძო ფერმერების კოლექტიურ მეურნეობაში იძულებით გაწევრებას შეეხებოდა და რის ფარგლებშიც უკრაინელ გლეხობას ჩამოართვეს ყოველგვარი სასურსათო დანაზოგი. არსებობს ვერსია, რომ "ჰოლოდომორი" ხელოვნურად მოაწყვეს და ამის დახმარებით საბჭოთა ხელისუფლებას იმ თავისუფალი უკრაინელების დასჯა ჰქონდა განზრახული, რომლებიც სტალინის ტოტალიტარულ მმართველობას საფრთხეს უქმნიდნენ.

სსრკ-ს სჯეროდა, რომ უკრაინელი გლეხები და კოლმეურნეობა ხელისუფლებისგან მარცვლეულის საკმაოდ დიდ მარაგს მალავდნენ. სტალინის მითითებით, შეძლებულ გლეხებს, ე.წ "კულაკებს“ ქონება ჩამოართვეს და ყველაფერი კოლექტივის საკუთრებად გამოაცხადეს. აიძულებდნენ უფასოდ ემუშავათ, ხოლო ვინც ხელისუფლების პოლიტიკას წინააღმდეგობას უწევდა, მათ ციმბირში ასახლებდნენ და "გულაგებში" სიკვდილამდე ამუშავებდნენ.

სულ მალე კი მოსკოვიდან ახალი ბრძანება მოვიდა, რომლის თანახმადაც ხორბლის ჩაბარების ნორმები იზრდებოდა. წითელარმიელები გლეხებს სახლებში უვარდებოდნენ და გადამალულ ხორბალს ართმევდნენ. დაუთესავი დარჩა მათი მიწებიც. მოვლენები ყველაზე მეტად მას შემდეგ გართულდა, რაც სასურსათო მაღაზიებში საკვების მარაგი მთლიანად ამოიწურა.

  • 1932 წელს უკრაინაში მასობრივი შიმშილობა დაიწყო.

ამავე წლის 18 ნოემბერს კომპარტიის პოლიტბიუროს სხდომამ, ვიაჩესლავ მოლოტოვის ზეწოლით მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ყველა ის სოფელი, რომელმაც ხორბლის ჩაბარება ვერ მოახერხა, ე.წ შავ დაფაზე მოხვდა და გარესამყაროსგან სრულიად იზოლირებულად იქცა.

ასეთ დასახლებებში იკრძალებოდა საქონლის შეყვანა ან ნებისმიერი სახის პროდუქტით მომარაგება.

ასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს კანიბალიზმის ბრალდებით. საბჭოთა ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 1930-იან წლებში, პატიმრების ბანაკებში კანიბალიზმის გამო 1000-ზე მეტი მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს.

  • 1932 წლის 10 თებერვალი, ოთხშაბათი:

"დღეს გლეხებმა მიამბეს, როგორ ნახეს გზაზე ყინვაში ფეხშიშველა მდგარი ორი ბავშვი. ბავშვები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. გამიკვირდა, გამვლელები რატომ არ ეხმარებოდნენ. როგორი სასტიკი გახდა ადამიანი. ღმერთო ჩემო, რა ხდება? ის ბავშვები ალბათ ხელისუფლების მიერ განადგურებული, გაძარცვული გლეხების შვილები იყვნენ. გუშინ, ხოტიმლიას საავადმყოფოში გაყინული მამაკაცის ცხედარი მოიყვანეს. დღეს კი მოკლული დურგლის ცხედარი მოასვენეს. კრიმინალმა იმატა, ყველა ქურდობს, საჭმლისთვის ერთმანეთს ხოცავენ. ღმერთო, როგორ მეშინია შიმშილის. გთხოვ, ყველა დაგვიფარე...“ - ეს არის ამონარიდი ერთ-ერთი იმჟამინდელი ჩანაწერიდან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გარესამყაროსგან დამალული იყო. პირველი, ვინც "ჰოლოდომორზე" საჯაროდ ისაუბრა, ბრიტანელი ჟურნალისტი გარეტ ჯონსი იყო.

ჯონსი უკრაინას 1933 წლის გაზაფხულზე ეწვია. სსრკ-ს შორეულ რეგიონებში მიმავალი მატარებლიდან ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე სოფელს სტუმრობს, ნანახი კი შემაძრწუნებელია. გარეტი ყველაფერს თავის დღიურში იწერს და ფოტოაპარატით აფიქსირებს. მის მიერ დაწერილი რამდენიმე სტატია Manchester Guardian-ისა და New York Evening Post-შიც გამოქვეყნდა.

საბჭოთა კავშირიდან გაძევების შემდეგ, ჯონსი აღმოსავლეთ აზიაში გაემგზავრა, სადაც იაპონიის მანჯურიაში შეჭრის შესახებ წერდა. საბოლოოდ იგი მონღოლმა კრიმინალებმა გაიტაცეს და 1935 წლის 22 აგვისტოს, 29 წლის ასაკში, იდუმალ გარემოებაში სიკვდილით დასაჯეს. ვარაუდობენ, რომ მისი სიკვდილი საბჭოთა ხელისუფლების დაკვეთა იყო.

ქანდაკება კიევში, "ჰოლოდომორის" მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად

ჰოლოდომორის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა დღემდე დისკუსიის საგანია. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 2-დან 3,5 მილიონამდე მერყეობს, რაც ქვეყნის სრული მოსახლეობის 13%-ია.

  • ავტორი: ანი შავიშვილი